1. მოძღვრება ასაფისა. ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.
ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.
2. იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.
აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა.
3. რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,
რაოდენი გუესმა და ვცანით იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ.
4. არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.
არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა მისსა, რომელ ქმნა.
5. დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის.
და აღდგა საწამებელად იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაჱლსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა,
6. რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.
რათა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა;
7. და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.
რათა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათა და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.
8. და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
რათა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან, რომელმან არა წარიმართა გული თჳსი, არცა სარწმუნო-ყო ღმრთისა თანა სული თჳსი.
9. ძენი ეფრემისა, აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.
ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.
10. მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
არა იმარხეს მათ აღთქმა ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაჲ.
11. გადაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა.
და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთა და საკჳრველებათა მისთა, რომელ უჩუენნა მათ
12. მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნნა საკჳრველებანი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.
13. გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.
განაღო ზღუაჲ და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა.
14. და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.
და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისათა.
15. გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.
16. გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.
17. ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.
და შე-ღავე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.
18. ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.
და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათჳს.
19. და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
და იდრტჳნეს ღმრთისაჲ და თქუეს: ნუ უძლოსმეა ღმერთმან განმზადებად ტაბლა უდაბნოსა შინა?
20. ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?
ვინათგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განმზადებად ტაბლა ერსა თჳსსა?
21. ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.
ამისთჳს ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღტყდა იაკობსა შორის, და რისხვა აღჴდა ისრაჱლსა ზედა;
22. რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.
რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაჲ, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.
23. და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.
და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და ბჭენი ცათანი განახუნა.
24. და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.
და უწჳმა მათ მანანა საჭმლად და პური ცათა მოსცა მათ;
25. ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.
26. აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი.
აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თჳსითა ჩრდილო.
27. და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი.
და აწჳმა მათ ზედა, ვითარცა მიწა, ჴორცი და, ვითარცა ქჳშა ზღუათა - ფრინველნი ფრთოვანნი.
28. და ჩამოჰყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, გარშემო მათი საცხოვრისებისა.
და დაცჳოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოს კარვებსა მათსა.
29. ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.
და ჭამეს და განძღეს ფრიად, და გულისთქმა მათი მოსცა მათ;
30. ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ;
და არა ჴუებულ იქმნნეს იგინი გულისთქმისა მათისაგან: იყოღა საჭმელი პირსა მათსა,
... და კიდევ 42 მუხლი