ფსალმუნნი 96

1. უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.
უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაჲ, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.

2. ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.
ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვა წარმართება საყდრისა მისისა.

3. ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.
ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი.

4. გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.
გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ.

5. მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან, მთელი ქვეყნიერების უფლის პირისაგან.
მთანი, ვითარცა ცჳლი, დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.

6. გამოაცხადეს ცებმა სიმართლე მისი და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი.
უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი.

7. შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო.
ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელითქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა. თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა.

8. მოისმენს და გაიხარებს სიონი და ილხენენ იუდას ასულები შენთა სამართალთათვის, უფალო!
ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო.

9. რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელს ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე.
რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად ამაღლდი შენ უფროს ყოველთა ღმერთთა.

10. უფლის მოყვარულნო, შეიძურიეთ ბოროტება; ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.
რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი. და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსნნეს იგინი.

11. შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის - მხიარულება.
ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა - სიხარული.

12. იმხიარულეთ, წმიდანებო, უფლის მიმართ და ადიდეთ მისი წმიდა ტაძრის სახსენებელი.
იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა. დიდება