ფსალმუნნი 52

1. გუნდის ლოტბარს, მახალათის საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
დასასრულსა, მაელეთისთჳს გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისი

2. თქვა არამზადამ თავის გულში: „არ არის ღმერთი“, გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქნელი.
თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინეს უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი.

3. ღმერთი ციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რომ დაინახოს არის თუ არა ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისჴმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ.

4. ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, კარგის მოქმედი ერთიც არ არის.
ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთამდე.

5. ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქნელებმა, ჩემს ერს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ, ღმერთს კი არ უხმობენ.
არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა, ვითარცა ჭამადსა პურისასა;

6. იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში, რადგან ღმერთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს: შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.
ღმერთსა არა ხადეს. მუნ შეეშინა მათ შაში, სადა-იგი არ იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთა მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ყვნა იგინი.

7. ნეტა მოვიდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.
ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაჱლსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისა, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაჱლი.