ფსალმუნნი 17

1. გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან და საულის ხელთაგან.
დასასრულსა, მონისა უფლისსა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთასა და ჴელთაგან საულისთა და თქუა.

2. და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო.

3. უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.
ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისა და ჴელისა ამპყრობელი ჩემი.

4. ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.
ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.

5. გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;

6. შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.

7. გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა და ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.

8. შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.
და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.

9. აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან.
აჴდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან.

10. დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი.
და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა.

11. ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.
და აღჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აღფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.

12. წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.
და დადვა ბნელი საფარველად მისა ღა გარემოს მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.

13. მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუა და ნაბერწყალი ცეცხლისა.

14. და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით.
და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.

15. გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია.
მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.

16. და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.
და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.

17. გამომიწოდა სიმაღლიდან, ამომიყვანა. მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.
გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.

18. დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ.
მიჴსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს.

19. აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.

20. გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე.
და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე.

21. მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა მომაგოს მე.

22. ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;
რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;

23. ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.
რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.

24. უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.
და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.

25. და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.
და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა წინაშე თუალთა მისთა.

26. გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად.
წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო,

27. ჭეშმარიტს ჭეშმარიგად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად;
და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო.

28. რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;

29. ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;

30. შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.
რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴდე ზღუდესა.

... და კიდევ 21 მუხლი