ფსალმუნნი 97

1. ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველ-ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.

2. განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.

3. გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ მისი _ სახლსა ზედა ისრაჱლისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისა.

4. შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით და იხარებდით და აქებდით.

5. უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.
უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისათა;

6. რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე.
ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.

7. ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.

8. მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.
მდინარეთა აღიტყუელონ ჴელნი თანად;

9. უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.
მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით.