III მეფეთა 1

1. მოხუცდა დავით მეფე, ხანში შევიდა; ახურავდნენ სამოსლებს, მაგრამ ვერ თბებოდა.
და დავით მეფე დაბერდა და მიიწია წესსა ჟამთა თჳსთასა და შემოსიან იგი სამოსლითა და ვერ განტფის.

2. უთხრეს მისმა მორჩილებმა: გამოუძებნონ ჩვენს მეფე-ბატონს ახალგაზრდა ქალწული ქალი, რომ წარდგეს მეფის წინაშე, უვლიდეს მას და გვერდში უწვებოდეს. მაშინ გათბება ჩვენი მეფე-ბატონი.
მაშინ ჰრქუეს მას მონათა მისთა: მოვგვაროთ უფალსა ჩუენსა ქალწული ერთი მცირე და დადგეს იგი წინაშე მეფისა, და იყოს იგი მისა მოღუაწედ, და განატფობდეს მეფესა მარადის.

3. დაუწყეს ძებნა ლამაზ ყმაწვილ ქალს მთელს ისრაელში და იპოვნეს აბიშაგ შუნამელი და მიჰგვარეს მეფეს.
და მოიძიეს ქალი ერთი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა და პოვეს აბისაკ სომანიტელი ქმნულკეთილი ფრიად და მოიყვანეს მეფისა თანამწოლ და მსახურად.

4. ძალზე ლამაზი იყო ყმაწვილი ქალი, უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა მას; მაგრამ მეფე არ მიჰკარებია ქალს.
და იყო ქალი იგი შუენიერ ფრიად და ატფობდის მეფესა და მსახურებდა მას, და მეფემან არა რა იცოდა მის თანა.

5. გამედიდურდა ადონია, ხაგითის შვილი, და ასე ამბობდა: მე უნდა ვიმეფო! გაიჩინა ეტლი და მხედრები, და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
ადონია აგითასმან აღიღო თავი თჳსი მეფედ დავითის წილ და მოიგო ეტლები და მჴედრები და წინამცორვალები ერგასის ოდენ.

6. არასოდეს უსაყვედურნია მამამისს, ასე რატომ იქცევიო. - თანაც თვალტანადი ყმაწვილი იყო ადონია, აბესალომის შემდეგ ეყოლა იგი დედამისს.
და მამამან არასადა შერისხნა, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ, ანუ რად იქმ მაგასა? და იყო იგი ქმნულკეთილ პირითა, რამეთუ აბესალომის შემდგომად შობილ იყო.

7. იოაბთან, ცერუიას ძესთან, და აბიათარ მღვდელთან ჰქონდა საქმე დაჭერილი და ისინი ეხმარებოდნენ ადონიას.
და ზრახვა მისი იყო იოაბის თანა ძისა შარუასსა, და აბიათარცა მღდელი შემწე იყო მისა.

8. ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმყი, რეყი და დავითის მამაცი ხალხი მხარს არ უჭერდნენ ადონიას.
და სადუკ მღდელი და ბანეა, ძე იოადისი, და ნათან წინაწარმეტყუელი და სემეი და რეი და ძენი ძლიერებისა დავითისანი არა იყუნეს ადონიასა თანა.

9. დახოცა ადონიამ ცხვრები, ხარები, ნასუქალი მოზვრები ზოხელეთის ქვასთან, ყენ-როგელის მახლობლად რომ არის, და მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები და იუდაელი კაცები, მეფის მორჩილნი.
ხოლო იყუნეს ადონიასნი ცხოვარნი, ზროხანი და კრავნი ფრიად ლოდსა მას თანა სელათისასა, რომელი-იგი არს მახლობელად ჰრობელსა, და უწოდა ყოველთა ძმათა მისთა, ძეთა მეფისათა, ყთველსა კაცსა იუდასასა, მსახურთა მეფისათა.

10. ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, მამაცი ხალხი და სოლომონი, თავისი ძმა, არ მოიწვია.
და ნათან წინაწარმეტყუელსა და ბანასე და ძლიერთა დავითისთა და სოლომონს, ძმასა თჳსსა, არა მიჰხადა.

11. უთხრა ნათანმა ბათშებაყს, სოლომონის დედას: გაიგე, რომ გამეფდა ადონია, ხაგითის შვილი, ჩვენმა პატრონმა დავითმა კი არაფერი იცის?
და მოვიდა ნათან ბერსაბესა, დედისა სოლომონისა, და ჰრქუა: არა გასმიესა ესე შენ, რამეთუ მეფედ დადგა ადონია, ძე აგითაისი, და უფალმან ჩემმან, დავით მეფემან, არა იცოდა.

12. ახლა, მოდი, ერთ რამეს გირჩევ, უშველე თავს და შენს შვილს, სოლომონს.
აწ ისმინე სიტყუაჲ ესე ჩემი, რომლითა სცხონდე შენ და ძე შენი სოლომონ.

13. წადი, დავით მეფესთან, შედი და უთხარი: განა შენ არ იყავი, მეფევ-ბატონო, რომ შემომფიცე შენს მორჩილს: შენი ვაჟი სოლომონი იმეფებსო ჩემს შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე. მაშ, რატომ გამეფდა ადონია?
და შევედ შენ წინაშე მეფისა და არქუ მას, ვითარმედ: შენ, უფალი ჩემი მეფე, ეფუცე მჴევალსა შენსა ღმრთისა მიმართ და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდეს ჩემსა შემდგომად, და იგი დაჯდეს საყდართა ჩემთაო, და აწ, ესერა, მეფე არს ადონია.

14. ვიდრე შენ მეფესთან ლაპარაკში იქნები, მეც შემოვალ და სიტყვას შეგაწევ.
და ვიდრე შენ მაგასა იტყოდი ოდენ, მე შემოვიდე შენ თანა და დავამტკიცო სიტყუაჲ შენი.

15. შევიდა ბათშებაყი მეფესთან ოთახში. ძალზე მოხუცი იყო მეფე და აბიშაგ შუნამელი უვლიდა მეფეს.
და შევიდა ბერსაბე წინაშე მეფისა. და მეფე მოხუცებულ იყო ფრიად და აბისაქ სომანიტელი დგა წინაშე მეფისა მსახურად.

16. თავი დახარა ბათშებაყმა და თაყვანისცა მეფეს. ჰკითხა მეფემ: რა გინდა?
დავარდა ბერსაბე და დამხედ თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მეფემან: რა გიჴმს შენ?

17. მიუგო: ჩემო ბატონო, ხომ შეჰფიცე შენს მობჩილს უფლის, შენი ღმერთის სახელით, სოლომონი, შენი ვაჟი, გამეფდებაო ჩემს შემდეგ და დაჯდებაო ჩემს ტახტზე.
მიუგო ბერსაბე მეფესა და ჰრქუა: უფალო ჩემო მეფე, შენ ჰფუცე უფლისა მიმართ ღმრთისა და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდესო შემდგომად ჩემსა, და იგი დაჯდესო საყდართა ჩემთა.

18. ახლა, აჰა, ადონია გამეფდა: შენ კი, მეფევ-ბატონო, არაფერი გაგიგია.
და აწ, ეგერა, ადონია მეფედ დადგა და შენ, უფალმან ჩემმან, მეფემან, არა უწყი.

19. მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვრები, მოიწვია ყველა უფლისწული, აბიათარ მღვდელი, მხედართმთავარი იოაბი; შენი მორჩილი სოლომონი კი არ მოუწვევია.
და დაუკლავს მას ზროხა და ცხოვარი და ტარიგნი დიდძალი და მოუხადიან ყოველნი ძენი მეფისანი და აბიათარ მღდელი და იოაბ სპასპეტი, და სოლომონ, მონა შენი, არა მიხადეს.

20. შენსკენაა მთელი ისრაელის თვალი, მეფე-ბატონო, რომ გამოუცხადო, თუ ვინ ავა მეფე-ბატონის ტახტზე შენს შემდეგ.
და შენ მიერ თუ არს სიტყუაჲ ესე, უფალო ჩემო, მეფე, განცხადებულ იყავნ, ვინ დაჯდეს საყდართა უფლისა ჩემისა მეფისათა შემდგომად მისა.

21. როცა განისვენებს მეფე-ბატონი მამა-პაპასთან, დამნაშავენი გამოვალთ მე და ჩემი შვილი სოლომონი.
და იყოს, რაჟამს შეისუენოს უფალმან ჩემმან, მეფემან, ვიპოვნეთ მე და სოლომონ შეცოდებულ.

22. ამ ლაპარაკში იყო მეფესთან, რომ მოვიდა ნათან წინასწარმეტყველი.
და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მი-ხოლო-ვიდა ნათან წინაწარმეტყუელი კართა ზედა.

23. მოახსენეს მეფეს: აჰა, ნათან წინასწარმეტყველი. შევიდა მეფესთან და მდაბლად თაყვანისცა მეფეს.
და უთხრეს დავითს, ვითარმედ: ნათან წინაწარმეტყუელი კართა დგას. და ვითარცა შევიდა ნათან წინაშე დავითისა და დამხედ თაყვანი-სცა მეფესა.

24. თქვა ნათანმა: მეფე-ბატონო! შენა თქვი, ადონია გამეფდესო ჩემს შემდეგ და დაჯდესო ჩემს ტახტზე?
და ჰრქუა ნათან: უფალო ჩემო, მეფე, შენ ესრეთ ბრძანეა, ვითარმედ ჩემსა შემდგომად მეფობდეს ადონია და დაჯდეს საყდარსა ჩემსა?

25. რადგან ჩამოვიდა დღეს, მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვარი და მოიწვია ყველა უფლისწული, ჯარის სარდლები, აბიათარ მღვდელი. ახლა იქ არიან და ჭამენ და სვამენ მის წინაშე. გაჰყვირიან: იცოცხლოს მეფე ადონიამ!
რამეთუ შთამოვიდა დღეს და დასწყჳდნა ზროხა და ცხოვარი და კრავები ფრიად, და უხდიან ყოველნი ძენი მეფისანი და იოაბ სპასპეტი შენი და აბიათარ მღდელთმოძღუარი და მთავარნი შენნი, იშუებენ და იხარებენ წინაშე მისა და იტყჳან, ვითარმედ: ცხოვნდინ მეფე ადონია.

26. არ მივუწვევივარ არც მე, შენი მორჩილი, არც ცადოკ მღვდელი, არც ბენაია იეჰოიადაყის ძე, და არც სოლომონი, შენი მორჩილი.
და მე, მონა შენი, და სადუკ მღდელთმოძღვარი და ბანეა, ძე იოადისი, და სოლომონ, ძე შენი, არა მიუყვანებიან.

27. თუ მეფე-ბატონისგან მოდის ეს ბრძანება, რატომ არ გამაგებინე შენს მორჩილს, ვინ უნდა დაჯდეს მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ?
და შენ მიერ თუ იყო ესე, რასა არა მაუწყე ჩუენ, მონათა შენთა, ვინ დაჯდეს საყდართა მათ უფლისა ჩუენისათა შენსა შემდგომად?

28. მიუგო მეფე დავითმა და უთხრა: ბათშებაყს დამიძახეთ! შევიდა იგი მეფესთან და წარუდგა მეფეს.
მიუგო დავით და ჰრქუა: შემოუწოდეთ ბერსაბეს! და შემოვიდა ბერსაბე წინაშე მეფისა.

29. დაიფიცა მეფემ და თქვა: მოწმე იყოს უფალი, რომელმაც მიხსნა ყველა გასაჭირიდან,
ფიცად იწყო მეფემან და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან მიჴსნა მე ყოველთაგან ჭირთა ჩემთა.

30. რომ როგორც შემოგფიცე უფლის, ისრაელის ღვთის სახელით, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება-მეთქი ჩემს შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე ჩემს ნაცვლად, ასე გავაკეთებ დღეს.
რამეთუ, ვითარცა-იგი პირველად ვეფუცე უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, ვითარმედ სოლომონ, ძე ჩემი, მეფობდეს ჩემსა შედეგად და იგი დაჯდეს საყდართა ჩუენთა, ეგრეცა ვყო დღეს დღე.

... და კიდევ 23 მუხლი