I მაკაბელთა 9

1. როცა დემეტრიოსმა გაიგო, რომ ნიკანორი და მისი ჯარი ომში დაეცა, გადაწყვიტა ბაკხიდესა და ალკიმოსის მეორედ გაშვება იუდას ქვეყნისკენ მარჯვენა ფრთასთან ერთად.

2. გაემართნენ გალგალის გზაზე და დაიბანაკეს მესალოთთან, არბელაში; აიღეს ის და ბევრი ხალხი გაწყვიტეს.

3. ასორმოცდამეთორმეტე წლის პირველ თვეს იერუსალიმთან დაიბანაკეს.

4. მაგრამ აიყარნენ და გაემგზავრნენ ბერეასკენ ოციათასი ქვეითით და ორი ათასი ცხენოსნით.

5. ხოლო იუდა ელასში იდგა სამიათასი რჩეული კაცითურთ.

6. იხილეს ჯარების სიმრავლე, რომ ურიცხვნი იყვნენ, და თავზარი დაეცათ. ბევრი გამოიპარა ბანაკიდან, რვაას კაცზე მეტი არ დარჩენილა მათგან.

7. როცა დაინახა იუდამ, რომ გაიფანტა მისი ბანაკი და შეაჭირვა ომმა, გული შეუდრკა, რადგან დრო აღარ რჩებოდა მათი შემოკრებისთვის.

8. დამწუხრებულმა უთხრა დარჩენილებს: დავიძრათ და შევუტიოთ ჩვენს მტერს, იქნებ შევძლოთ მათთან ბრძოლა.

9. ისინი შეეცადნენ, გადაეთქმევინებინათ, უთხრეს: ვერ შევძლებთო, მაგრამ ახლა იქნებ გადავირჩინოთ თავი; მერე დავბრუნდეთ ჩვენი ძმებითურთ და შევებრძოლოთ მათ; ახლა ცოტანი ვართო.

10. უთხრა იუდამ: ნუმც მოხდება ისე, რომ გავექცეთ მათ. თუ ჩვენმა ჟამმა მოაწია, ბარემ ვაჟკაცურად დავიხოცოთ ჩვენი ძმებისთვის და სააუგოდ ნუ მივცემთ ჩვენს სახელს.

11. დაიძრა ჯარი ბანაკიდან და დაეწყო მათ პირისპირ. მხედრობა ორ ნაწილად გაიყო, ხოლო მეშურდულენი და მშვილდოსნები წინ წაუძღვნენ ჯარს, ასევე საუკეთესო მებრძოლნი. ბაკხიდე კი მარჯვენა ფრთაზე იყო.

12. ორივე მხრიდან ახლოვდებოდნენ რაზმები საყვირების ხმაზე; იუდას ხალხიც ახმიანებდა თავის საყვირებს.

13. შეზანზარდა მიწა ჯარების ხმაურისგან და მძვინვარებდა ბრძოლა დილიდან შეღამებამდე.

14. როცა დაინახა იუდამ, რომ ბაკხიდე და მისი ბანაკის მთავარი საყრდენი მარჯვნივ იყო, შემოიკრიბა თავის გარშემო ყველა გულადი მეომარი.

15. და მათ გაანადგურეს მარჯვენა ფრთა, მერე უკან მისდიეს აშდოდის მთამდე.

16. როცა მარცხენა ფრთაზე მყოფებმა დაინახეს, რომ დამარცხდა მარჯვენა ფრთა, მოტრიალდნენ და ფეხდაფეხ მისდიეს ზურგში იუდას და მის ხალხს.

17. შენივთდა ბრძოლა, მრავალი დაჭრილი დაეცა ორივე მხრიდან.

18. დაეცა იუდაც, დანარჩენები კი გაიქცნენ.

19. აიყვანეს იონათანმა და სიმონმა იუდა, მათი ძმა, და დამარხეს მისი მამა-პაპის სამარხში, მოდეინში.

20. დაიტირეს და დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა, მოთქვამდნენ მრავალ დღეს, ამბობდნენ:

21. როგორ დაეცა ძლიერი, მხსნელი ისრაელისა!

22. იუდას საქმენი - დანარჩენი მისი ომები და გმირობანი, რაც ჩაიდინა, და მისი სიდიადე, არ აღწერილა, რადგან ძალზე ბევრი იყო.

23. იუდას სიკვდილის შემდეგ იყო, რომ გამოჩნდნენ ურჯულოები ისრაელის ყოველ მხარეში, თავი ამოყო ყველამ, უსამართლობის მოქმედმა.

24. იმ დღეებში ჩამოვარდა ძალზე დიდი შიმშილობა და ქვეყანა მიემხრო მათ.

25. ბაკხიდემ ამოირჩია უღვთო კაცები და დაადგინა ისინი მხარეთა განმგებლებად.

26. ეძებდნენ და სდევნიდნენ იუდას მეგობრებს და მიჰყავდათ ისინი ბაკხიდესთან, და ის სჯიდა მათ და აბუჩად იგდებდა.

27. ჩამოვარდა დიდი გაჭირვება ისრაელში, როგორიც აღარ ყოფილა იმ დღიდან, რაც არ გამოცხადებიათ მათ წინასწარმეტყველი.

28. შეიკრიბა იუდას ყველა მოკეთე და მიმართეს იონათანს:

29. რაც შენი ძმა იუდა მოკვდა, არ გამოჩენილა მისი მსგავსი კაცი, რომ გამოვიდეს და გაილაშქროს მტერზე და ბაკხიდეზე, ჩვენი ხალხის მიაძულეზე.

30. ახლა, დღეიდან შენ აგვირჩევიხარ მის ნაცვლად, რომ გვყავდე მთავრად და წინამძღოლად ჩვენს ბრძოლებში.

... და კიდევ 43 მუხლი