I მაკაბელთა 10

1. ასმესამოცე წელს გამოვიდა ალექსანდრე, ძე ანტიოქოსისა, ძისა ეპიფანესი, და დაიპყრო ტოლემაისი. მიიღეს იგი და იქ გამეფდა.

2. გაიგო ეს მეფე დემეტრიოსმა, შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და გამოვიდა მასთან საომრად.

3. გაუგზავნა დემეტრიოსმა იონათანს წერილი მშვიდობის სიტყვებით, რათა განედიდებინა იგი.

4. რადგან ამბობდა: დავასწროთ მათთან ზავის დადება, სანამ ალექსანდრესთან შეკრავდეს იგი კავშირს ჩვენს წინააღმდეგ.

5. გაგიხსენებს ყველა ბოროტებას, რაც მას, მის მოძმეებსა და ხალხს დავმართეთო.

6. მისცა დემეტრიოსმა ნება, შეეკრიბა ლაშქარი, მოემზადებინა იარაღი და ყოფილიყო მისი მოკავშირე. ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ მისთვის მძევლები ციხეებიდან.

7. წავიდა იონათანი იერუსალიმში და წაიკითხა წერილი მთელი ხალხისა და ციხეში მყოფთა გასაგონად.

8. დიდმა შიშმა აიტანა ისინი, როცა მოისმინეს, რომ მეფეს მისთვის ჯარის შეკრების უფლება მიუნიჭებია.

9. ციხეში მყოფებმა გადასცეს იონათანს მძევლები და დაუბრუნა ისინი თავიანთ მშობლებს.

10. დასახლდა იონათანი იერუსალიმში და შეუდგა ქალაქის შენებასა და განახლებას.

11. დაავალა მუშაკებს, გასამაგრებლად სიონის მთის გარშემოც აეგოთ ქვების ოთხკუთხა კედელი. და ასეც გააკეთეს.

12. გადაიხვეწნენ უცხო ტომები, რომლებიც ბაკხიდეს აშენებულ სიმაგრეებში იდგნენ.

13. ყველამ დატოვა თავისი ადგილი და თავისი ქვეყნისკენ გაეშურა.

14. მხოლოდ ბეთ-ცურში დარჩნენ მავანნი, ვინც გადავიდნენ რჯულსა და აღთქმებს, რადგან ეს იყო მათი თავშესაფარი.

15. შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დაპირებები რომ შეუთვალა დემეტრიოსმა იონათანს; უამბეს იონათანისა და მისი ძმების გადახდილ ომებზე და გასაჭირზე, რაც მათ გადაიტანეს.

16. თქვა: ასეთ კაცს მეორეს ვერ მოვნახავთ; მოდით, დავიმეგობროთ და მოკავშირედ გავიხადოთ.

17. დაწერა წერილი და გაუგზავნა ასეთი სიტყვებით:

18. მეფე ალექსანდრე ძმას, იონათანს, მოგიკითხავ.

19. გაგვიგონია შენზე, რომ მაგარი კაცი ხარ და შეგფერის ჩვენი მეგობარი იყო.

20. დღეს, ამიერიდან დამიდგენიხარ შენი ხალხის მღვდელმთავრად და მიწოდებია შენთვის მეფის მეგობარი (გაუგზავნა მას ძოწეული და ოქროს გვირგვინი), გეჭიროს ჩვენი მხარი და გაუფრთხილდი ჩვენს მეგობრობას.

21. შეიმოსა იონათანმა წმიდა შესამოსელი ასმესამოცე წლის მეშვიდე თვეს, კარვობის დღესასწაულზე, შეკრიბა ჯარები და მოიმარაგა დიდძალი იარაღი.

22. გაიგო დემეტრიოსმა ეს ამბები, გაწყრა და თქვა:

23. ეს როგორ მოგვივიდა, რომ დაგვასწრო ალექსანდრემ და საყრდენად დაიმეგობრა იუდაელნი?

24. მეც მივწერ მათ გასამხნევებელ სიტყვებს და პატივსა და ძღვენს დავპირდები, რომ ჩემი მხარდამჭერნი შეიქნანო.

25. და შეუთვალა მათ შემდეგი სიტყვები: მეფე დემეტრიოსი იუდაელთა ერს მოგიკითხავთ.

26. გვესმოდა და გვიხაროდა, რომ იცავდით ჩვენთან დადებულ შეთანხმებებს, უფრთხილდებოდით ჩვენს მეგობრობას და ჩვენს მტრებს არ ემხრობოდით.

27. ახლაც ეცადეთ, კვლავ გაუფრთხილდეთ ჩვენს ნდობას და სიკეთეს მოგაგებთ თქვენ იმის სანაცვლოდ, რასაც ჩვენთვის გააკეთებთ.

28. ბევრ შეღავათს გაგიწევთ და ძღვენს გამოგიგზავნით.

29. ახლა კი თქვენ ნებაზე გიშვებთ და ვათავისუფლებ ყველა იუდაელს გადასახადისგან, და მარილისა და გვირგვინების ბაჟისგან.

30. ამიერიდან გამიუქმებია მარცვლეულის მესამედი და ხის ნაყოფთა ნახევარი, რომლებიც ჩემთან იგზავნება იუდას ქვეყნიდან და სამი ოლქიდან, რომლებიც მას აკრავს, სამარიდან და გალილეადან, ამიერიდან სამარადისოდ.

... და კიდევ 59 მუხლი