1. მის ნაცვლად აღდგა იუდა, მისი ვაჟი, რომელსაც მაკაბელი ერქვა.
2. მხარში ამოუდგნენ მას მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამამისს შეუერთდა, და სიხარულით იბრძოდნენ ისრაელისთვის.
3. შორს გაიტანა თავისი ხალხის დიდება; თორი შეიმოსა როგორც ბუმბერაზმა, შეისხა საომარი საჭურველი და იბრძოდა, მახვილით იცავდა ბანაკს.
4. თავისი საქმეებით ლომს ჰგავდა და ლომის ბოკვერს, მსხვერპლზე რომ ბდღვინავს.
5. დევნიდა ურჯულოებს, ეძებდა მათ და წვავდა თავისი ხალხის მაშფოთებელთ.
6. მისი შიშით დადგნენ ურჯულოები, გაწბილდა ყოველი ძვირისმოქმედი და კეთილად წარიმართა ხსნა მისი ხელით.
7. გაამწარა ბევრი მეფე და თავისი საქმით გაახარა იაკობი, და კურთხეულია მისი ხსოვნა უკუნისამდე.
8. მოიარა იუდამ ქალაქები და გაწყვიტა იქ ღვთისმგმობელნი და მიიქცა რისხვა ისრაელიდან.
9. სახელი გაითქვა ქვეყნის კიდემდე და თავი მოუყარა დასაღუპად განწირულთ.
10. ამასობაში აპოლონიოსმა თავი მოუყარა წარმართებს და დიდძალ ლაშქარს სამარიიდან ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.
11. გაიგო ეს ამბავი იუდამ, გაემართა მის შესახვედრად, სძლია მას და მოკლა. ბევრი დაეცა განგმირული, დანარჩენებმა კი თავს უშველეს.
12. მოხვეტეს ნადავლი, აპოლონიოსის მახვილი კი იუდამ აიღო და იმით იბრძოდა მთელი სიცოცხლე.
13. როცა გაიგო სერონმა, სირიის ლაშქრის სარდალმა, რომ იუდამ თავი მოუყარა მთელს კრებულსა და მორწმუნეთა მრევლს, და საომრად გავიდა,
14. თქვა: გავითქვამ სახელს და სამეფოში პატივს მოვიხვეჭ. შევებრძოლები იუდასა და მის თანამდგომთ, მეფის სიტყვათა შეურაცხმყოფელთო.
15. და გაეშურა მისკენ ღვთისმგმობელთა ძლიერი ბანაკი, რომ მიხმარებოდნენ მას ისრაელიანების დასასჯელად.
16. ბეთ-ხორონის აღმართს რომ მიუახლოვდა, გამოვიდა იუდა მის შესახვედრად მეტად მცირე რაზმით.
17. როცა მათ წინააღმდეგ გამოსული ლაშქარი დაინახეს, უთხრეს იუდას: როგორ შევებრძოლოთ ასე ცოტანი ამ ურიცხვ და ძლიერ ლაშქარს? დაქანცულებიც ვართ, რადგან დღეს არაფერი გვიჭამიაო.
18. მიუგო იუდამ: ადვილია მცირეთა ხელით მრავალთა ძლევა; ბევრის ხელით მოხდება ხსნა თუ მცირეს ხელით, ცის წინაშე სულერთია.
19. ლაშქრის სიმრავლე კი არ იმარჯვებს ომში, არამედ შველა ზეციდან მოდის.
20. ისინი ჩვენზე აღძრულან დიდი თავხედობითა და ურჯულოებით, რათა მოგვსპონ ჩვენ, ჩვენი ცოლები და ჩვენი შვილები, და გაგვძარცვონ.
21. ჩვენი კი ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის და რჯულისთვის.
22. თავად უფალი გააცამტვერებს მათ ჩვენს თვალწინ; თქვენ კი ნუ შეგეშინდებათ.
23. როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი, მოულოდნელად მიეჭრა მათ და შეიმუსრნენ სერონი და მისი ლაშქარი მის წინაშე.
24. და მისდიეს მათ ბეთ-ხორონის დაღმართზე ვაკემდე და დაეცა მათგან რვაასი კაცი, დანარჩენები კი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ.
25. განითქვა შიში იუდასი და მისი ძმებისა, და თავზარი დაეცათ მათ ირგვლივ წარმართებს.
26. მეფესაც მისწვდა მისი სახელი და ალაპარაკდნენ წარმართები იუდას ბრძოლებზე.
27. შეიტყო ეს ამბები მეფე ანტიოქოსმა და ძალზე განრისხდა. დაგზავნა ხალხი, რომ შეეკრიბათ მისი სამეფოს მთელი ძალა, დიდი და ურიცხვი ლაშქარი.
28. გახსნა თავისი განძთსაცავი და მისცა წლიური გასამრჯელო ლაშქარს, უბრძანა, მზად ყოფილიყვნენ ყოველი საჭიროებისთვის.
29. ნახა, რომ გამოილია ვერცხლი საგანძურში და ქეეყნის შემოსავალმაც დაიკლო განხეთქილებათა და უბედურებათა გამო, რაც ქვეყანას დაატეხა მამაპაპეული კანონების გაუქმებით.
30. და შეშფოთდა, რადგან მხოლოდ ერთი-ორჯერ თუღა შეეძლო გაეცა საჩუქრები, რომელთაც წინათ თავის წინამორბედ მეფეებზე უფრო უხვად და ხელგაშლილად იძლეოდა.
... და კიდევ 30 მუხლი