I მაკაბელთა 13

1. გაიგო სიმონმა, რომ შეუკრებია ტრიფონს დიდძალი ჯარი იუდას ქვეყანაზე გასალაშქრებლად და მის გასანადგურებლად.

2. დაინახა, რომ ხალხი დამფრთხალი და შეშინებული იყო, და წავიდა იერუსალიმში და შეკრიბა ხალხი.

3. გაამხნევა ისინი და მიმართა მათ: თქვენ თვითონ ნახეთ ყოველი, რაც მე და ჩვმს ძმებს და მამაჩემის სახლს გაგვიკეთებია რჯულის საქმეთათვის და სამსხვერპლოსთვის. გახსოვთ ომებიცა და დარბევებიც, რაც გადაგვიტანია.

4. ამ ამბებში დაიღუპა ყველა ჩემი ძმა ისრაელისთვის, მე ერთიღა დავრჩი.

5. ახლა სიცოცხლეს არ დავზოგავ, რა გასაჭირიც უნდა მედგას, რადგან ჩემს ძმებზე უკეთესი არა ვარ.

6. მაგრამ ვიძიებ შურს ჩემი ერისთვის და საწმიდარისთვის, და თქვენი ცოლ-შვილისთვის, რადგან სიძულვილით შეთქმულა ყოველი ხალხი ჩვენს მოსასპობად.

7. სულით აინთო ხალხი, ეს სიტყვები რომ მოისმინა.

8. მიუგეს და ხმამაღლა უთხრეს: შენა ხარ ჩვენი წინამძღოლი ნაცვლად იუდასი და იონათანისა, შენი ძმისა.

9. გადაიხადე ჩვენი ომი და ყოველივეს, რასაც კი გვეტყვი, შევასრულებთ.

10. მაშინ თავი მოუყარა მთელს მხედრობას და დააჩქარა იერუსალიმის კედლების შეკეთება და გაამაგრეს ყოველი მხრიდან.

11. გააგზავნა იონათანი, ძე აბესალომისა და მასთან ერთად საკმარისი ჯარი იაფოში, გამორეკა იქ მყოფნი და დადგა იქ.

12. ტრიფონი კი გამოემართა პტოლემაისიდან დიდძალი ლაშქრით იუდას ქვეყანაში შესასვლელად; იონათანიც მასთან ერთად მოჰყავდა ყარაულით.

13. სიმონი კი ადიდაში, დაბლობის წინ დაბანაკდა.

14. მიხვდა ტრიფონი, რომ აღდგა სიმონი იონათანის, თავის ძმის ნაცვლად, და გადაწყვეტილი აქვს მასთან ბრძოლა. გაუგზავნა ელჩები, შეუთვალა:

15. იმ ვერცხლის გამო დავაკავეთ იონათანი, შენი ძმა, რომელიც მან სამეფო ხაზინიდან ისესხა საჭიროებისთვის.

16. ახლა კი გამოგზავნე ასი ვერცხლის ტალანტი და მისი ორი ვაჟი მძევლად, რომ არ გაბედოს ჩვენზე აღდგომა, და გამოვუშვებთ მას.

17. მიხვდა სიმონი, რომ მზაკვრულად ელაპარაკებიან, მაგრამ გაგზავნა ვერცხლი და ბავშვები, რომ ხალხის სიძულვილი არ გამოეწვია;

18. არ ეთქვა ხალხს: ვერცხლი და ბავშვები რომ არ გაუგზავნა სიმონმა, იმიტომ დაიღუპა იონათანიო.

19. და გაუგზავნა ბავშვები და ასი ტალანტი. მაგრამ მოატყუა ტრიფონმა და არ გაუშვა იონათანი.

20. ამის მერე მოვიდა ტრიფონი, რომ შესეოდა ქვეყანას და გაენადგურებინა. მან ადორის გზით მოუარა, სიმონი და მისი ლაშქარი კი მიჰყვებოდა ყველგან, საითაც გაემართებოდა.

21. ციხეში მყოფთ გაგზავნეს ელჩები ტრიფონთან, რომ წამოსულიყო მათკენ უდაბნოს გავლით და საკვები გამოეგზავნა მათთვის.

22. გაამზადა ტრიფონმა ცხენოსნები წასასვლელად, მაგრამ იმ ღამეს უზომოდ დიდი თოვლი მოვიდა და ვეღარ გაემგზავრნენ თოვლის გამო. ადგა და გალაადისკენ წავიდა.

23. როცა ბასკამას მიუახლოვდა, მოკლა იონათანი და იქ დამარხა.

24. მერე გაბრუნდა ტრიფონი და თავის ქვეყნისკენ გაემართა.

25. გაგზავნა სიმონმა ხალხი თავის ძმის, იონათანის, ძვლების ასაკრეფად და დამარხა ისინი მოდეინში, თავისი მამა-პაპის ქალაქში.

26. დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა და მწუხარებდნენ მრავალი დღის განმავლობაში.

27. აღმართა სიმონმა ძეგლი თავისი მამისა და ძმების საფლავზე; აამაღლა იგი გამოსაჩენად თლილი ქვებით წინა მხრიდან და უკანა მხრიდან.

28. დადგა შვიდი პირამიდა, ერთმანეთის პირისპირ, მამის, დედისა და ოთხი ძმისა.

29. შეამკო სამკაულებით, შემოავლო დიდი სვეტები და სვეტებზე საჭურვლები ჩამოკიდა საუკუნო სახელისათვის, ხოლო საჭურველთა გვერდით - გამოქანდაკებული ხომალდები, რომ ყოველ ზღვაოსანს დაენახა.

30. ეს სამარხი მოდეინში რომ გააკეთა, დღემდეა იქ.

... და კიდევ 23 მუხლი