1. ეგვიპტის მეფემ თავი მოუყარა დიდ ლაშქარს, როგორც ქვიშას ზღვის ნაპირზე, და მრავალ ხომალდს და ცდილობდა, ვერაგობით დაეპყრო ალექსანდრეს სამეფო და მიეერთებინა თავისი სამეფოსთვის.
2. გაემართა სირიისკენ სამშვიდობო სიტყვებით და უდებდნენ ქალაქთა კარიბჭეებს და ეგებებოდნენ. მეფე ალექსანდრეს ნაბრძანები ჰქონდა, დახვედროდნენ მას, რადგან მისი სიმამრი იყო.
3. როგორც კი შევიდოდა ქალაქში პტოლემეოსი, ყოველ ქალაქში ჯარებს აყენებდა მცველად.
4. ხოლო როგორც კი მიუახლოვდა აშდოდს, უჩვენეს მას გადამწვარი დაგონას ტაძხარი, მოოხრებული აშდოდი და მისი გაუდაბურებული გარეუბნები, მათი დაჩეხილი და დანახშირებული სხეულები, ბრძოლაში რომ დაიწვნენ. მათ გროვებს ახვედრებდნენ გზაზე.
5. უამბეს მეფეს, რაც გააკეთა იონათანმა, და ბრალი დასდეს, მაგრამ დუმდა მეფე.
6. იაფოსთან შეეგება იონათანი მეფეს პატივით. შეხვდნენ ერთმანეთს და იქ გაათენეს.
7. იმგზავრა იონათანმა მეფესთან ერთად მდინარემდე, რომელსაც ეძახიან ელეფთეროსს, და გაბრუნდა იერუსალიმისკენ.
8. ხოლო მეფე პტოლემეოსი განაგებდა სანაპირო ქალაქებს ზღვისპირის სელევკიამდე და ბოროტი ზრახვები ჰქონდა ალექსანდრეს წინააღმდეგ.
9. გაგზავნა ელჩები მეფე დემეტრიოსთან, შეუთვალა: მაშ, მოდი კავშირი შევკრათ ერთმანეთთან; შენ მოგცემ ჩემს ასულს, ალექსანდრეს რომ ჰყავს ცოლად, და გამეფდები მამაშენის სამეფოში.
10. ვნანობ, რომ მას მივეცი ჩემი ასული, რადგან ჩემს სიკვდილს ეძიებდაო.
11. ცილი დასწამა მას, რადგან თვითონ უნდოდა მისი სამეფო.
12. წაართვა მას ცოლი და მისცა ის დემეტრიოსს; გაუუცხოვდა ალექსანდრეს და გაცხადდა მათი მტრობა.
13. შევიდა პტოლემეოსი ანტიოქიაში და დაიდგა აზიის გვირგვინი. ორი გვირგვინი ედგა თავზე - ეგვიპტისა და აზიისა.
14. მეფე ალექსანდრე კი იმ დროს კილიკიაში იყო, რადგან განერიდა იქაურ ადგილებს.
15. გაიგო ეს ალექსანდრემ და გაემართა მასთან საომრად. პტოლემეოსმაც გამოილაშქრა, წინ დაუხვდა მას ძლიერი ხელით და განდევნა იგი.
16. გაიქცა ალექსანდრე არაბეთში, რომ იქ შეეფარებინა თავი. მეფე პტოლემეოსი კი აღზევდა.
17. არაბმა ზაბდიელმა თავი მოჰკვეთა ალექსანდრეს და გაუგზავნა პტოლემეოსს.
18. მაგრამ მესამე დღეს მეფე პტოლემეოსი მოკვდა, ხოლო მის ციხე-სიმაგრეებში მყოფნი ციხე-სიმაგრეების ხალხმა დახოცა.
19. და გამეფდა დემეტრიოსი ასსამოცდამეშვიდე წელს.
20. იმ დღეებში თავი მოუყარა იონათანმა იუდას ხალხს, რომ ბრძოლით აეღოთ იერუსალიმის ციხე, და მის წინ უამრავი მანქანა დააყენა.
21. მათი ერის მოძულე რჯულსგამდგარი კაცები გაეშურნენ მეფისკენ და აცნობეს მას, ციხეს შემოერტყაო იონათანი.
22. შეიტყო ეს და განრისხდა. და შეიტყო თუ არა, მაშინვე გაემართა პტოლემაისისკენ. შეუთვალა იონათანს, არ შემორტყმოდა ციხეს და დაუყოვნებლივ შეხვედროდა მას პტოლემაისში მოსალაპარაკებლად.
23. რომ მოისმინა ეს იონათანმა, ბრძანა, განეგრძოთ ალყა. შემდეგ ისრაელის უხუცესთაგან და მღვდელთაგან აარჩია კაცები და თავი საფრთხეში ჩაიგდო.
24. აიღო ვერცხლი და ოქრო, სამოსელი და სხვა მეტად ძვირფასი ნივთები, გაემგზავრა მეფესთან პტოლემაისში და ჰპოვა მადლი მის წინაშე.
25. თუმცა ვიღაც ურჯულოებმა მისი ხალხიდან დაასმინეს იგი,
26. მეფე მაინც ისე მოექცა მას, როგორც მისი წინამორბედნი ექცეოდნენ, და აღაზევა ის ყველა თავისი მეგობრის წინაშე.
27. დაუმტკიცა მას მღვდელმთავრის ხარისხი და ყველა სხვა პატივი, რაც წინათ ჰქონდა, და უახლოეს მეგობრებში უპირველესად შერაცხა.
28. მოსთხოვა იონათანმა მეფეს, აეხსნა ხარკი იუდასთვის, სამი ოლქისთვის და სამარიისთვის, და აღუთქვა მას სამასი ტალანტი.
29. დათანხმდა მეფე და მისწერა იონათანს წერილი ყოველივე ამის თაობაზე ამგვარი შინაარსისა:
30. მეფე დემეტრიოსი ძმას იონათანს და იუდაელთა ერს მოგიკითხავ.
... და კიდევ 44 მუხლი