I მაკაბელთა 12

1. როცა დაინახა იონათანმა, რომ დაუდგა შესაფერი ჟამი, ამოირჩია კაცები და გაგზავნა რომში მათთან მეგობრობის განსამტკიცებლად და განსაახლებლად.

2. ასეთივე წერილები დაგზავნა სპარტაში და ყველა მხარეში.

3. გაემართნენ რომისკენ. შევიდნენ საბჭოში და თქვეს: მღვდელმთავარმა იონათანმა და იუდაელმა ხალხმა მოგვავლინა ჩვენ ერთმანეთს შორის ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად.

4. მისცეს მათ წერილები, ყოველი მხარის გამგებელთა მიმართ მიწერილი, რათა მშვიდობით გაესტუმრებინათ ისინი იუდას ქვეყანაში.

5. აი, ასლი წერილისა, რომელიც მისწერა იონათანმა სპარტელებს:

6. მღვდელმთავარი იონათანი, ერის უხუცესნი, მღვდლები და დანარჩენი იუდაელი ხალხი სპარტელებს, ძმებს, მოგიკითხავთ.

7. ჯერ კიდევ წინანდელ დროში თქვენი მეფის, არეიოსის მიერ მღვდელმთავარ ონიასთან გამოგზავნილი ყოფილა წერილი, რომ თქვენ ჩვენი ძმები ხართ, როგორც ამას ასლი წარმოგვიდგენს.

8. პატივით მიიღო ონიამ გამოგზავნილი კაცი და გამოართვა წერილი, რომელიც ნათლად მოწმობდა მოკავშირეობასა და მეგობრობას.

9. თუმცა ჩვენ ახლა ეს აღარ გვჭირდება, რადგან გასამხნევებლად ხელთ წმიდა წიგნები მოგვეპოვება.

10. გადავწყვიტეთ თქვენთვის გამოგვეგზავნა წერილი ძმობისა და მეგობრობის განსაახლებლად, რათა არ გაგიუცხოვდეთ, რადგან მრავალ დროებას ჩაუვლია მას შემდეგ, რაც მოგვწერეთ.

11. ჩვენ ახლა ყოველ დროს, დღესასწაულებშიცა და დანარჩენ სადაგ დღეებშიც გიხსენებთ თქვენ აღსავლენის შეწირვისას და ლოცვებში, რადგან ჯერ არს და ხამს ძმების გახსენება.

12. თქვენი დიდებით გახარებულნი ვართ,

13. თუმცა ჩვენ უზომო გასაჭირით და ხშირი ომებით ვიყავით გარემოცულნი; გვებრძოდნენ ჩვენ გარეშემო მეფეები.

14. მაგრამ არ გვსურდა თქვენი და ჩვენი დანარჩენი მოკავშირეებისა და მეგობრეხის შეწუხება იმ ომებში;

15. რადგან ციდან გვქონდა შეწევნა და ჩვენ ბევრჯერ გადავრჩენილვართ მტრების ხელიდან, ჩვენი მოძულენი კი დათრგუნულან.

16. ახლა ავირჩიეთ ნუმენიოსი, ანტიოქოსის ძე, და ანტიპატროსი, იასონის ძე, და გამოვგზავნეთ რომაელებთან, რათა განვაახლოთ მათთან მეგობრობა და წინანდელი მოკავშირეობა.

17. დავავალეთ მათ თქვენთან გამომგზავრებაცა და თქვენი მოკითხვაც; აგრეთვე, რომ გადმოგცენ ჩვენი წერილი ჩვენი ძმობის განახლების თაობაზე.

18. ახლა კარგს იზამთ, თუ გვიპასუხებთ ამაზე.

19. აი, ასლი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს ონიას:

20. არეიოსი, მეფე სპარტელთა, მღვდელმთავარ ონიას მოგიკითხავ.

21. წერილში აღმოჩნდა, რომ სპარტელები და იუდაელები ძმები და აბრაამის მოდგმისანი არიან.

22. ახლა, რაკი ეს ამბავი შევიტყვეთ, კარგს იზამთ, თქვენს კეთილდღეობაზე თუ მოგვწერთ.

23. ხოლო ჩვენ გწერთ, რომ თქვენი ცხვარ-ძროხა და ქონება ჩვენია, ჩვენი კი - თქვენი. ნაბრძანები გვაქვს, გაცნობოთ ეს ამბავი.

24. გაიგო იონათანმა, რომ დაბრუნდნენ დემეტრიოსის მთავრები წინანდელზე მეტად ურიცხვი ლაშქრით მათთან საომრად.

25. გამოვიდა იერუსალიმიდან და დახვდა მათ ხამათის მხარეში და არ შეუშვა თავის მიწა-წყალზე.

26. გაგზავნა მზვერავები მათი ბანაკისაკენ; დაბრუნდნენ და მოახსენეს, რომ ღამით ამზადებდნენ მათზე თავდასხმას.

27. როცა მზე ჩაესვენა, იონათანმა უბრძანა თავისთან მყოფებს, ეფხიზლათ და იარაღასხმულნი მდგარიყვნენ, რომ მზად ყოფილიყვნენ ომისათვის მთელი ღამის განმავლობაშა და გუშაგებიც დააყენა ბანაკის გარშემო.

28. შეიტყვეს მოწინააღმდეგეებმა, რომ მზად არიან საომრად იონათანი და მასთან მყოფნიც. შეშინდნენ, გულები შეუდრკათ, კოცონები დაანთეს ბანაკში და უკუიქცნენ.

29. ხოლო იონათანს და მასთან მყოფებს დილამდე არ გაუგიათ ეს, რადგან ხედავდნენ ანთებულ ცეცხლებს.

30. მისდია მათ უკან იონათანმა, მაგრამ ვერ მიეწია, რადგან მდინარე ელეფთეროსს გაღმა იყვნენ გასულნი.

... და კიდევ 23 მუხლი