I მაკაბელთა 4

1. გორგიამ წაიყვანა ხუთიათასი ქვეითი და ათიათასი რჩეული მხედარი, და დაიძრა ღამით ლაშქარი,

2. რათა თავს დასხმოდნენ იუდაელთა ბანაკს და მუსრი გაევლოთ მათთვის მოულოდნელად; მისი მეგზურები ციხე-სიმაგრიდან იყვნენ.

3. შეიტყო იუდამ და გამოვიდა თავისი ლაშქრითურთ მეფის ჯართან შესაბმელად ემაუსში,

4. როცა ჯარები ჯერ კიდევ შორს იყვნენ ბანაკიდან.

5. შევიდა გორგია ღამით იუდას ბანაკში და ვერავინ ნახა იქ. მერე მთებში ეძებდა მათ, რადგან იფიქრა: გაგვექცაო ეს ხალხი.

6. გათენებისთანავე გამოჩნდა იუდა ვაკეზე სამიათასი კაცით; ფარები და მახვილები არ ჰქონიათ, რადგან ასე ისურვეს.

7. დაინახეს წარმართთა ბანაკი, ძლიერი და გამაგრებული, მხედრობით გარსშემორტყმული; ბრძოლებში გამოწრთობილნი იყვნენ ისინი.

8. უთხრა იუდამ კაცებს, რომლებიც თან ახლდნენ მას: მათი სიმრავლისა ნუ შეგეშინდებათ და მათი შემართება ნუ დაგაფრთხობთ.

9. გაიხსენეთ, როგორ გადარჩნენ ჩვენი მამები მეწამულ ზღვაში, როდესაც ჯარით გამოუდგა მათ ფარაონი.

10. ახლა კი შევღაღადოთ მას, ვინძლო ინებოს ღმერთმა ჩვენი გადარჩენა და გაიხსენოს მამათა აღთქმა, და შემუსროს ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე.

11. და გაიგოს ყოველმა ხალხმა, რომ არსებობს გამომსყიდველი და მხსნელი ისრაელისა.

12. როდესაც უცხოთესლმა ააპყრო თვალი, დაინახეს ისინი, მათ წინააღმდეგ მომავლები,

13. და გამოვიდნენ საომრად თავიანთი ბანაკიდან; მაშინ ბუკსა სცეს იუდას მხრიდან

14. და შეუტიეს და სძლიეს წარმართებს, და დაბლობისკენ გააქციეს;

15. ჩამორჩენილნი კი მახვილით განგმირეს; მისდიეს მათ გაზერამდე და ედომის ვაკემდე, აშდოდამდე და იამნიამდე. გაწყდა მათგან სამიათასამდე კაცი.

16. მობრუნდა იუდა ლაშქართან ერთად მათი დევნიდან.

17. და მიმართა ხალხს: ნუ დახარბდებით ნადავლს, რადგან წინ ომი გვიდევს.

18. გორგია და მისი ჯარი ჩვენს ახლოს არიან, მთებში. ახლა განეწყვეთ მტრის წინააღმდეგ და შეებრძოლეთ მათ, ამის შეხდეგ გაბედულად იალაფეთ.

19. ამ ლაპარაკში იყო, რომ რაღაც რაზმი გამოჩნდა მთიდან.

20. დაინახეს, რომ მათი ჯარი გაქცეულია, ბანაკს კი ცეცხლს უკიდებენ; ადენილი კვამლიდან ჩანდა, რაც მოხდა.

21. ამის მნახველთ თავზარი დაეცათ; ხოლო ვაკეზე საომრად გამზადებული იუდას ლაშქარი რომ დაინახეს,

22. ყველანი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ.

23. მაშინ მიბრუნდა იუდა ბანაკის გასაძარცვავად და მოხვეტეს დიდძალი ოქრო-ვერცხლი, იაკინთი და ზღვის პორფირი, დიდი დოვლათი.

24. როდესაც უკან დაბრუნდნენ, გალობანი და ლოცვები აღავლინეს ცისკენ, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.

25. აღსრულდა ისრაელზე იმ დღეს დიდი ხსნა.

26. ხოლო ვინც გადარჩა უცხოთესლთაგან, ეახლნენ და აუწყეს ლისიას ყოველივე, რაც მოხდა.

27. როცა მოისმინა ეს, შეშფოთდა და დაღონდა, რადგან ისე არ წაუვიდა საქმე ისრაელს, როგორც მას სურდა, და არ ახდა ისე, როგორც მეფემ უბრძანა.

28. მეორე წელს შეკრიბა სამოცი ათასი რჩეული კაცი და ხუთიათასი ცხენოსანი, რომ შებრძოლებოდნენ მათ.

29. მივიდნენ ედომში და ბეთ-ცურში დაიბანაკეს; და დაუხვდა მათ იუდა ათიათასი კაცით.

30. როცა დაინახა, რომ ძლიერი იყო მათი ლაშქარი, ილოცა და თქვა: კურთხეულ ხარ, მხსნელო ისრაელისა, რომელმაც შემუსრე ძლიერი მტერი შენი მორჩილის, დავითის ხელით, და უცხოთესლთა ჯარი ხელში ჩაუგდე იონათანს, საულის ძეს, და მის საჭურველთმტვირთველს.

... და კიდევ 31 მუხლი