I მაკაბელთა 14

1. ასსამოცდამეთორმეტე წელს მეფე დემეტრიოსმა შეკრიბა თავისი ჯარები და გაემართა მიდიისკენ, რომ მიეღო დახმარება ტრიფონთან საომრად.

2. შეიტყო სპარსეთისა და მიდიის მეფემ, არსაკემ, რომ შემოვიდა დემეტრიოსი მის მიწა-წყალზე და გაგზავნა ერთი თავის წინამძღოლთაგანი, რომ ცოცხლად შეეპყრათ იგი.

3. გაემართა და დაამარცხა დემეტრიოსის ლაშქარი. დაატყვევა იგი და მიჰგვარა არსაკეს და ჩასვეს საპყრობილეში.

4. დამშვიდდა იუდას ქვეყანა სიმონის სიცოცხლეში. სიკეთეს ცდილობდა თავისი ხალხისთვის და სათნო უჩნდათ მათ მისი ხელმწიფება და დიდება მთელი მისი სიცოცხლე.

5. მთელ თავის დიდებასთან ერთად იაფოც აიღო ნავსადგურად და ზღვის კუნძულებს მისასვლელი შეუქმნა.

6. გააფართოვა თავისი ერის საზღვრები და განაგებდა ქვეყანას.

7. შეკრიბა მრავალი ტყვე და ბატონობდა გაზარაზე, ბეთ-ცურზე და ციხეზე. გააძევა იქიდან უწმიდურობა და აღარავინ იყო მისი წინააღმდგომი.

8. მშვიდობით ამუშავებდნენ თავიანთ მიწას, მიწა იძლეოდა მოსავალს, ხეები კი ბარში - ნაყოფს.

9. მოხუცებულნი ქუჩებში ისხდნენ და ყველანი სიკეთეზე საუბრობდნენ. ჭაბუკები დიდებული და საომარი სამოსელით იმოსებოდნენ.

10. ქალაქებს სარჩოთი ამარაგებდა და სიმაგრეებად აქცია ისინი, და ქვეყნის კიდემდე განითქვა მისი სახელის დიდება.

11. ქვეყნად მშვიდობა დაასადგურა და დიდი სიხარულით გაიხარა ისრაელმა.

12. ყოველი კაცი თავისი ბაბილოს თუ ლეღვის ქვეშ იჯდა და არავინ იყო მათი შემაშინებელი.

13. არავინ დარჩა ქვეყნად მათი მბრძოლი და მეფენიც მოდრეკილიყვნენ იმ ხანებში.

14. გააძლიერა თავისი ხალხის ყველა გლახაკი, რჯულს ეძიებდა და ყველა ურჯულო და უკეთური გადააშენა.

15. დიდებული გახადა სამსხვერპლო და შეჰმატა საწმიდარს სამკაულები.

16. გავრცელდა ხმა რომში და სპარტამდეც, რომ მოკვდა იონათანი, და ძლიერ დამწუხრდნენ.

17. ხოლო როდესაც შეიტყვეს, რომ სიმონი, მისი ძმა გამხდარა მის ნაცვლად მღვდელმთავარი, და თავად მართავდა ქვეყანასა და მის ქალაქებს,

18. მისწერეს მას სპილენძის დაფებზე, რომ განეახლებინათ მათთან მეგობრობა და მოკავშირეობა, რომელიც დაამყარეს იუდასთან და იონათანთან, მის ძმებთან.

19. და წაკითხულ იქნა ისინი იერუსალიმის კრებულის წინაშე.

20. აი, ასლი წერილებისა, რომლებიც გაუგზავნეს სპარტელებმა: სპარტის მთავარნი და ქალაქი სიმონს - მღვდელმთავარს, უხუცესებს, მღვდლებსა და მთელს იუდაელთა ხალხს, ძმებს, მოგიკითხავთ.

21. ჩვენს ხალხთან გამოგზავნილმა ელჩებმა გვამცნეს თქვენი დიდებისა და პატივის შესახებ და გავიხარეთ მოტანილი ამბით.

22. მათი ნათქვამები სახალხო საბჭოში ამგვარად ჩავწერეთ: ნუმენიოსი, ძე ანტიოქოსისა, და ანტიპატროსი, ძე იასონისა - იუდაელთა ელჩები მოვიდნენ ჩვენთან მეგობრობის განსაახლებლად.

23. ხალხს სწადდა ამ კაცების პატივით მიღება და მათი სიტყვების ასლის დადება ხალხის გადაშლილ წიგნთა შორის, რომ სახსოვრად ჰქონოდა სპარტელ ხალხს. ეს ასლი კი გაუგზავნეს სიმონ მღვდელმთავარს.

24. ამის შემდეგ გაისტუმრა სიმონმა ნუმენიოსი რომისკენ (თან ჰქონდა დიდი ოქროს ფარი, წონით ათასი მინა), მათთან მოკავშირეობის დასამტკიცებლად.

25. როცა მოიხმინა ხალხმა ეს სიტყვები, თქვეს: როგორ გადავუხადოთ მადლობა სიმონსა და მის ვაჟებს?

26. რადგან გაძლიერდა ის, მისი ძმებიც, და მამამისის სახლი. შეებრძოლენ ისრაელის მტრებს და მიანიჭეს მას თავისუფლება. დაწერეს სპილენძის ფიცრებზე და ჩამოკიდეს სვეტებზე სიონის მთაზე.

27. აი, ამ წერილის ასლი: ელულის თვრამეტში, ასსამოცდამეთორმეტე წელს ანუ სიმონ დიდი მღვდელმთავრის მესამე წელს, ასარამელში,

28. მღვდლების, ხალხის, ერისმთავართა და ქვეყნის უხუცესთა დიდ საკრებულოში ჩვენ გვემცნო:

29. როცა მრავალგზის დაატყდა ომი ქვეყანას მაშინ სიმონმა, მატათია მღვდლის ვაჟმა, იოარიბიანთაგან, და მისმა ძმებმა თავი საფრთხეში ჩაიგდეს და თავიანთი ხალხის მტრებს წინაღუდგნენ თავიანთი საწმიდარისა და რჯულის შესანარჩუნებლად და დიდი დიდებით ასახელეს თავისი ერი.

30. შეკრიბა იონათანმა თავისი ხალხი, გახდა მათი მღვდელმთავარი და თავისი ერისთვის დადო თავი.

... და კიდევ 19 მუხლი