I მაკაბელთა 6

1. მოიარა მეფე ანტიოქოსმა ზემო ქვეყნები და შეიტყო, რომ სპარსეთში ყოფილა ქალაქი ელიმაისი, სიმდიდრით, ვერცხლითა და ოქროთი განთქმული;

2. რომ არის იქ ტაძარი, ძალზე მდიდარი, სადაც ინახება ოქროს ფარები, თორები და საჭურველი, რომელიც დატოვა მაკედონიის მეფემ, ალექსანდრე ფილიპეს ძემ, საბერძნეთის მეფე რომ იყო თავდაპირველად.

3. მიადგა ქალაქს და ცდილობდა მის აღებასა და გაძარცვას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ცნობილი გახდა მისი განზრახვა ქალაქელებისთვის.

4. ბრძოლით დახვდნენ მას, გაიქცა იგი და დიდად შეწუხებული გაემართა იქიდან ბაბილონისკენ.

5. მაშინ ეახლა მას ვინმე სპარსი და მოახსენა, რომ დაფანტულია იუდას ქვეყნისკენ მომავალი ლაშქარი;

6. რომ პირველად ლისია მიდიოდა დიდძალი ჯარით, მაგრამ უკუიქცა მათ წინაშე; რომ იუდაელები გაძლიერდნენ საჭურვლით, ჯარით და დიდძალი ნადავლით, რომელიც დამარცხებული ლაშქრისგან აიღეს;

7. რომ იერუსალიმის საკურთხეველზე დაშენებული სისაძაგლე დალეწეს, საწმიდარი უწინდელივით მოზღუდვს მაღალი კვდლით, და ბეთ-ცურიც, მისი ქალაქი.

8. როდესაც მეფემ მოისმინა ეს ამბავი, გაოგნდა და შეშფოთდა დიდად, ლოგინად ჩავარდა და დასნეულდა მწუხარებისგან, რადგან არ აუსრულდა საწადელი.

9. ასე იწვა იქ მრავალი დღე, რადგან უახლოვდებოდა უზომო მწუხარება და ფიქრობდა, ვკვდებიო.

10. მოუხმო თავის ყველა მეგობარს და თქვა მათ წინაშე: განშორდა ძილი ჩემს თვალებს და გული შემიღონდა მწუხარებისგან.

11. ვუთხარი ჩემს თავს: ეს რა გასაჭირში ჩავვარდი-მეთქი! რა ნიაღვარმა წამლეკა, ჩემს ზეობაში კი საჭირო და ძვირფასი კაცი ვიყავი-მეთქი.

12. ახლაღა მაგონდება ბოროტებანი, იერუსალიმში რომ ჩავიდინე, გამოვზიდე იქიდან მთელი ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი და ტყუილუბრალოდ ვგზავნიდი ხალხს იუდას მოსახლეობის მოსაოხრებლად.

13. მივხვდი, რომ მათი გულისთვის მეწია ეს უბედურება და, აჰა, უცხო მიწაზე ვიღუპები დიდ მწუხარებაში.

14. და უხმო ფილიპეს, ერთს თავის მეგობართაგანს, და დაუმტკიგა მას მთელი თავისი სამეფო.

15. მისცა თავისი გვირგვინი, მოსასხამი და ბეჭედი, რომ აღეზარდა ანტიოქოსი, მისი ვაჟი და სამეფოდ გაეწვრთნა იგი.

16. ასორმოცდამეცხრე წელს მიიცვალა იქ მეფე ანტიოქოსი.

17. როცა გაიგო ლისიამ, რომ მოკვდა მეფე, გაამეფა მისი ძე ანტიოქოსი, რომელსაც ზრდიდა ბავშვობისას, და სახელად ევპატორი უწოდა.

18. ამასობაში ციხე-სიმაგრეში მყოფნი ავიწროვებდნენ ისრაელს სამსხვერპლოს მიდამოებში; მუდამ ცდილობდნენ ევნოთ მათთვის, ხოლო წარმართებისთვის მხარი დაეჭირათ.

19. გადაწყვიტა იუდამ მათი შემუსრვა და მოუწოდა მთელს ერს, გარსშემორტყმოდნენ.

20. შეიკრიბნენ და გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს ასორმოცდამეათე წელს, გააკეთეს სატყორცნები და სხვა საომარი მანქანები.

21. ნაწილმა თავი დააღწია ალყას და ზოგიერთი უღვთო მათ მხარეზე გადავიდა ისრაელიდან.

22. წავიდნენ მეფესთან და უთხრეს: როდემდის აბრკოლებ სამართალს და არ იძიებ შურს ჩვენი ძმებისთვის?

23. ჩვენ კმაყოფილებით დავემორჩილეთ მამაშენს, ვცხოვრობთ მის ნებაზე და მივყვებით მის განკარგულებებს.

24. ჩვენი ხალხის შვილები გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს და მტრად გადაგვეკიდნენ; ჩვენიანს ვისაც წააწყდებიან, კლავენ და ჩვენს მამულს იტაცებენ.

25. მხოლოდ ჩვენზე როდი აღმართეს ხელი, არამედ მთელს მათ მიწა-წყალზე.

26. და აჰა, შემოადგნენ დღეს იერუსალიმში ციხეს ასაღებად და გაამაგრეს საწმიდარი და ბეთ-ცური.

27. თუ არ დაასწარი მათ, მეტსაც იზამენ, და ვეღარ შეძლებ მათ დამარცხებას.

28. განრისხდა მეფე, ეს რომ მოისმინა, და შეკრიბა ყველა თავისი მეგობარი, ჯარის მეთაურები და ხელისუფალნი.

29. მივიდნენ მასთან მოქირავნე ჯარები სხვა სამეფოთაგან და ზღვათა კუნძულებიდან.

30. მათი ჯარების რიცხვი იყო: ასი ათასი ქვეითი, ოცი ათასი მხედარი და ოცდათორმეტი საომრად გაწვრთნილი სპილო.

... და კიდევ 33 მუხლი