III ეზრა 8

1. მიპასუხა და თქვა: უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი კი - მცირედთა გულისთვის.

2. ერთ იგავს გეტყვი, ეზრა: თუ შეეკითხები მიწას, გეტყვის, რომ უამრავი თიხაა მიწაში ჭურჭლის საკეთებლად, მაგრამ მცირედზე მცირეა მტვერი, საიდანაც ოქრო გამოდის. ასეთია ჩვენი წუთისოფლის საქმეც.

3. ბევრია შექმნილი, მაგრამ მცირედნი გადარჩებიან.

4. ვუპასუხე და ვთქვი: შეისრუტე, სულო, აზრი და შთანთქე, რაც საცოდნელია.

5. მორჩილი უნდა იყო წინასწარმეტყველების მსურველი. სხვა ასპარეზი არ არის მოცემული შენთვის, გარდა ერთი ცხოვრებისა.

6. მიეცი, უფალო, ნება შენს მორჩილთ, რომ ილოცონ შენ წინაშე, ჩაგვიდევი გულში თესლი და გაგვიღივე რომ გამოიღოს ნაყოფი, რომლის წყალობითაც უნდა იცოცხლოს ყოველმა მოკვდავმა, ვინც ადამიანის ხატს ატარებს.

7. შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს.

8. დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი შექმნილი და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა.

9. თავად ის, რაც ინახავს, და ისიც, რაც ინახება, ორივენი შენახული იქნება; ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო, ყველაფერს, რაც მასში აღორძინდა.

10. შენ ბრძანე, რომ თავად სხეულის ნაკვთთაგან, ანუ ძუძუთაგან, მოგვეცეს, რძე ძუძუთა ნაყოფი.

11. რათა იკვებებოდეს ერთხანს, რაც გამოსახულია, შემდეგ კი შენს გულმოწყალებას მიანდობ მას.

12. შენ აღზარდე იგი შენი სამართლით, მოძღვრავდი მას შენი რჯულით და არცხვენდი შენი სიბრძნით.

13. შენ მოაკვდინებ მას, რადგან შენი ქმნილებაა, და შენ გააცოცხლებ მას, რადგან შენია.

14. თუკი დაღუპავ ამდენი შრომით გამოსახულს, ადვილი იქნებოდა შენი ბრძანებითვე გადარჩენილიყო შენი ქმნილება.

15. ახლა კი ვიტყვი, უფალო, მთელ კაცთა მოდგმაზე, რომელიც შენ უკეთ უწყი, შენს ხალხზე, რომლის გამო ვიტანჯები.

16. შენს წილხვედრილზე, რომელსაც ვგლოვობ, ისრაელზე, რომლის გამო შეჭირვებული ვარ, იაკობზე, რომლის გამო ვიტანჯები;

17. ამიტომ ვიწყებ ლოცვას შენს წინაშე ჩემთვის და მათთვის, რადგან ვხედავ ცოდვებს ჩვენსას, ვინც მიწაზე ვსახლობთ.

18. მაგრამ გავიგე სიჩქარე მსაჯულისა, რომელიც მოდის.

19. ამიტომ ისმინე ჩემი ხმა და გაიგე ჩემი სიტყვა, და ვილაპარაკებ შენს წინაშე.

20. ეზრას სიტყვათა დასაწყისი, ვიდრე წაიყვანდნენ. ვთქვი: უფალო, რომელიც მკვიდრობ საუკუნოდ, რომლის თვალები მაღლისკენაა მიმართული,

21. რომლის ტახტიც ფასდაუდებელია და დიდება მიუწვდომელი, ვისაც ანგელოზთა ლაშქარი ახლავს ზარდამცემი,

22. და ქარისა და ცეცხლის სახით ემსახურება, რომლის სიტყვა ჭეშმარიტია და ნათქვამი გარდაუვალი,

23. რომლის ბრძანება მტკიცეა და განკარგულება საშინელი, რომლის მზერა უფსკრულებს აშრობს და რისხვა მთებს ადნობს, და რომლის ჭეშმარიტება დამოწმებულია.

24. ისმინე ლოცვა შენი მორჩილისა და ყურადიღე ვედრება შენი ქმნილებისა.

25. ვიდრე ცოცხალი ვარ, ვილაპარაკებ, და ვიდრე გაგების უნარი შემრჩენია, გიპასუხებ.

26. ნუ შეხედავ შენი ხალხის შეცოდებებს, არამედ იმათ მოხედე, ვინც ჭეშმარიტებით გემსახურებოდა.

27. ნუ უყურებ ხალხთა უღვთო საქციელს, არამედ იმათ უყურე, ვინც ტანჯვა-წამებით იცავდნენ შენს აღთქმებს.

28. ნუ ფიქრობ მათზე, ვინც უკუღმართად იქცეოდა შენს თვალწინ, არამედ ისინი გახსოვდეს, ვინც ნებით აღიარეს შენი შიში.

29. ნუ მოისურვებ იმათ დაღუპვას, ვისაც პირუტყვის ზნე სჭირდათ; არამედ მოხედე იმათ, ვინც შენი დიდებული რჯული შეისწავლა.

30. ნუ აღგაშფოთებს ისინი, ვინც მხეცებზე უარესად ჩანან, არამედ ისინი შეიყვარე, ვისაც მუდამ სწამს შენი სამართალი და შენი დიდება.

... და კიდევ 33 მუხლი