1. შვიდი დღის შემდვგ კი სიზმარი მესიზმრა ღამით:
2. აჰა, ზღვიდან ამოვარდა ქარი, რათა აეღელვებინა მისი ტალღები.
3. ვიხილე: აჰა, ძლიერდება კაცი ცის ათასეულებითურთ და საითკენაც სახეს მიაბრუნებს, ყველაფერი ცახცახებს მისი მზერის ქვეშ.
4. და სადამდისაც წვდება ხმა მისი ბაგიდან, დნება ყველაფერი მისი ხმის გაგონებაზე, როგორც დნება ცვილი, იგრძნობს თუ არა ცეცხლს.
5. ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, იკრიბება კაცთა ურიცხვი სიმრავლე ცის ოთხი ქარიდან, რათა შეებრძოლოს ზღვიდან ამოსულ კაცს.
6. ვიხილე: აჰა, გამოაქანდაკა მან თავისთვის დიდი მთა და აფრინდა მასზე.
7. ხოლო მე ვეცადე დამენახა მხარე ან ადგილი, საიდანაც გამოქანდაკდა მთა, მაგრამ ვერ შევძელი.
8. ამის შემდეგ ვიხილე; აჰა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შეკრებილი, თუმცა მაინც ბედავდნენ შებრძოლებას.
9. და, აჰა, როცა დაინახა მან მასზე წამოსული სიმრავლის იერიში, ხელი არ აღუმართავს, შუბი არც ეპყრა და არც სხვა რაიმე საომარი იარაღი; მხოლოდ ის დავინახე,
10. რომ პირიდან ცეცხლის ქროლვა და ბაგეთაგან ალისქარი ამოუშვა და ენიდან ნაპერწკლების ქარიშხალი გამოაფრქვია; ერთმანეთში ირეოდა ცეცხლის ქროლვა, ალისქარი და ძლიერი ქარიშხალი;
11. შეუტია საბრძოლველად გამზადებულთ და გადაბუგა ყველანი; უეცრად გაუჩინარდა ეს აღურაცხელი სიმრავლე, მხოლოდ მტვერი და კვამლის სუნიღა დარჩა. ვიხილე და შიშმა ამიტანა.
12. ამის შემდეგ ვიხილე თავად კაცი, მთიდან ჩამომავალი, თავისკენ მოუხმობდა სხვა სიმრავლეს, მშვიდობიანს.
13. უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან, ზოგი მხიარული, ზოგი დამწუხრებული; ერთნი შებოჭილნი იყვნენ, მეორენი მოჰყავდათ როგორც მსხვერპლი. ცუდად შევიქენი მეტისმეტი შიშისგან, გამომეღვიძა და ვთქვი:
14. შენ თავიდანვე უჩვენებდი შენს მორჩილს ამ სასწაულებს და ღირსი გამხადე, რომ შეგესმინა ჩემი ვედრება.
15. ახლაც მაჩვენე სიზმრის განმარტება.
16. რადგან, როგორც მე ვფიქრობ ჩემი ჭკუით, ვაი მათ, ვინც დატოვებულნი იქნებიან იმ დღეებში, და ათასჯერ ვაი იმათ, ვინც არ არიან დატოვებულნი.
17. რადგან ისინი, ვინც არ არიან დარჩენილნი, მწუხარენი იყვნენ.
18. ახლა მე ვხვდები, რაც არის გამზადებული უკანასკნელი დღეებისათვის, და რა შეემთხვევა მათ და იმათაც, ვინც დარჩენილნი არიან.
19. ამიტომ დიდ განსაცდელს და ბევრ გასაჭირს გაივლიან, რასაც ცხადყოფს ეს სიზმარი.
20. თუმცა უმჯობესია, განსაცდელგამოვლილი მოვიდეს აქამდე, ვიდრე ღრუბელივით გავიდოდეს წუთისოფლიდან, და ახლა განიცადოს, რაც მოელის უკანასკნელ ჟამს. ხოლო მან მიპასუხა და თქვა:
21. ამ ხილვის განმარტებასაც გეტყვი და გაგიმხელ, რაზეც ლაპარაკობდი.
22. ამ დარჩენილებზე რომ ლაპარაკობდი, ასეთი განმარტება აქვს ამ საქმეს.
23. ვინც იმ დროს აიტანს განსაცდელს, ის თავად დაიცავს თავს; ვინც განსაცდელი გამოიარა, მას ღვაწლი აქვს და სწამს ყოვლადძლიერისა.
24. მაშ, იცოდე, მკვდრებზე უფრო ნეტარნი არიან დარჩენილნი.
25. ასეთია ამ ხილვის განმარტეხა: კაცი რომ იხილე, შუაგულ ზღვიდან ამომავალი,
26. ეს ის არის, რომელიც უზენაესმა მრავალი ხნით შემოინახა, რომელიც თვითონ იხსნის თავის ქმნილებას და თავადვე მიუჩენს ადგილს მათ, ვინც დარჩენილი არიან.
27. მისი პირიდან გამომავალი ქარი, ცეცხლი და ქარიშხალი რომ იხილე,
28. რომ არ ეჭირა არც შუბი, არც სხვა რამ საომარი იარაღი, და მაინც რომ შემუსრა მისმა შეტევამ მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოსული სიმრავლე, ასეთია მისი განმარტება:
29. აჰა, ახლოვდება დღეები, როცა დაიწყებს უზენაესი მათ გათავისუფლებას, ვინც დედამიწაზე არიან.
30. გონის შეშლა დაეუფლება მათ, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე.
... და კიდევ 28 მუხლი