1. ამ სიტყვების თქმა რომ დავასრულე, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამეებში მევლინებოდა.
2. მითხრა: ადექი, ეზრა, და ისმინე სიტყვები, რომელთა სათქმელადაც მოვედი შენთან.
3. ვთქვი: ბრძანე, ჩემო ღმერთო. მითხრა: ზღვა გაშლილ ადგილზე მდებარეობს, რათა ღრმა იყოს და განუზომელი.
4. მაგრამ შესასვლელი მისი ვიწრო ადგილასაა მოთავსებული, მდინარის მსგავსია.
5. თუ სურს ვინმეს შეაღწიოს ზღვაში და იხილოს, ან დაიმორჩილოს იგი, ვიწროში თუ არ გაიარა, ფართო წყლებში გასვლას როგორ შეძლებს?
6. ასევე სხვაც: აშენებულია ქალაქი, დაბლობ ადგილას მდებარეობს იგი, და ყოველგვარი სიკეთით არის აღსავსე.
7. მაგრამ მისადგომი მისი ვიწროა და ციცაბოზე მდებარეობს, რათა მარჯვნივ ცეცხლი იყოს, მარცხნივ კი ღრმა წყალი.
8. მათ შორის ერთადერთი ბილიკი გადის, ცეცხლსა და წყალს შორის, და ერთი კაცის ტერფს თუ დაიტევს.
9. როგორ მიიღოს კაცმა სამემკვიდრეოდ მიცემული ქალაქი, თუ წინდაგებულ ხიფათს არ გაივლის?
10. ვთქვი: ასეა, უფალო. მითხრა: ასეა ისრაელის წილიც.
11. რადგან მათთვის შევქმენი წუთისოფელი, და როცა ადამი განუდგა ჩემს მცნებებს, მსჯავრი დაედო მას, რაც შეიქმნა.
12. დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები, შეიქნა გამტანჯველი და სამძიმო, ბოროტებითა და ფათერაკებით სავსე და დიდ ჯაფას მოითხოვს.
13. მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო, და უკვდავების ნაყოფის გამომღებია.
14. ამიტომ, თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის.
15. ახლა რისთვის შფოთავ, ხრწნადი რომ ხარ? და რად გაწუხებს, მოკვდავი რომ ხარ?
16. რატომ არ გულისხმაყოფ მომავალს, არამედ მხოლოდ იმას, რაც აწმყოშია?
17. ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, აჰა, შენ დაადგინე შენი რჯულით, რომ ამას ყველაფერს მართალნი დაიმკვიდრებენ, უკეთურნი კი დაიღუპებიან.
18. რადგან მართალნი დაითმენენ ვიწროებს ფართოს იმედით; ხოლო ვინც უკეთურებას სჩადის, თუმცა ვიწროებს კი გაივლის, მაგრამ ფართოს მაინც ვერ იხილავს.
19. მითხრა: არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული, არც ბრძენი, უზენაესზე აღმატებული.
20. დაიღუპებიან აწმყონი მრავალნი, რადგან უგულებელყოფილია მათ წინ დადებული ღვთის რჯული.
21. რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ, როცა მოვიდნენ, რისი კეთებაც მართებთ მათ, რათა ეცოცხლათ, და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ.
22. მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი, შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი ჭკუით დაადინეს ჭეშმარიტება.
23. მოიგონეს თავისთვის ტყუილები, არარსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები,
24. შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი, არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს.
25. ამის გამო, ეზრა, ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე - სავსეთათვის.
26. აჰა, დადგება ჟამი და მოვა ნიშნები, მე რომ წინასწარ გაუწყე: გამოჩნდება სძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება, რაც მიწით არის დაფარული.
27. და ყველა, ვინც თავს დააღწევს წინასწართქმულ ბთროტებებს, თავად იხლავს ჩემს სასწაულებს.
28. გამოცხადდება ჩემი ძე იესო იმათთან ერთად, ვინც მასთან არიან, და გაიხარებენ, ვინც გადარჩება, ოთხასი წელი.
29. გავა ეს წლები და მოკვდება ჩემი ძე ქრისტე და ყველა სუნთქვის მქონებელი ადამიანი.
30. და მიიქცევა წუთისოფელი დასაბამიერ დუმილად შვიდი დღე, როგორც ძველთაგანვე იყო დადგენილი, ისე რომ, აღარავინ დარჩება.
... და კიდევ 39 მუხლი