III ეზრა 15

1. აჰა, ილაპარაკე ჩემი ხალხის გასაგონად წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც ჩავდებ შენს ბაგეებში, ამბობს უფალი,

2. და დააწერინე ისინი ქაღალდზე, რადგან სარწმუნოა და ჭეშმარიტი.

3. ნუ შეგაშინებს შეთქმულებები შენს წინააღმდეგ, ნურც ნათქვამისადმი ხალხის ურწმუნობა ნუ შეგაშფოთებს.

4. რადგან ყოველი ურწმუნო თავისსავე ურწმუნოებაში მოკვდება.

5. აჰა, შემოვიტან, ამბობს უფალი, დედამიწაზე უბედურებებს: მახვილს, შიმშილს, სიკვდილს და განადგურებას.

6. რადგან წაბილწა უკეთურებამ მთელი დედამიწა და ზღვარს გადაცდა მათი მავნე საქმეები.

7. ამიტომ ამბობს უფალი:

8. მეტად არ გავუჩუმდები მათ უღვთო საქმეებს, რასაც მკრეხელურად სჩადიან, აღარც ამათ უკეთურებებს მოვითმენ. აჰა, უდანაშაულო და მართალი სისხლი მეძახის მე და მართალთა სულები მეძახიან გამუდმებით.

9. შურს ვიძიებ მათზე, ამბობს უფალი, და უდანაშაულოთა მთელ სისხლს მათ მოვკითხავ.

10. აჰა, ჯოგივით მიჰყავთ ჩემი ხალხი დასახოცად, ვეღარ მოვითმენ მეტად მათ ცხოვრებას ეგვიპტის მიწაზე,

11. არამედ გამოვიყვან მას მაგარი ხელითა და შემართული მკლავით, მოვწყლავ გვემით, როგორც რომ უწინ, და გავანადგურებ მთელს მის ქვეყანას.

12. ატირდება ეგვიპტე, ცემით შეირყევა მისი საძირკვლები და სასჯელით, რასაც მოუვლენს მას ღმერთი.

13. ატირდებიან მიწისმუშაკნი, რადგან მოაკლდებათ მათ თესლი ჟანგისა, სეტყვისა და საშინელი ვარსკვლავის გამო.

14. ვაი, წუთისოფვლს და მისთა მკვიდრთა!

15. რადგან მოახლოვდა მათი შემმუსვრელი მახვილი, სამტროდ აღდგება ტომი ტომის წინააღმდეგ და ხმალი იქნება მათ ხელში.

16. დაუდგება მერყეობის ჟამი ადამიანებს, ერთიმეორის დამჯაბნელნი არად ჩააგდებენ მეფეს და თავიანთი ბრძოლების წინამძღოლთ.

17. მოიწადინებს კაცი წასვლას ქალაქში და ვერ შეძლებს,

18. რადგან აჯანყდებიან ქალაქები სიამპარტავნის გამო, სახლები შეძრწუნდებიან, შიში შეიპყრობს ადამიანებს.

19. აღარ შეიბრალებს კაცი თავის ახლობელს, მახვილის საიერიშოდ შეიქნება მათი სახლები და გასაძარცვავად იქნება მათი დოვლათი, პურის შიმშილისა და მრავალი შფოთის გამო.

20. აჰა, მოვუხმობ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე დედამიწის ყველა მეფეს - ვის აღმოსავლეთიდან, ვის ჩრდილოეთიდან, ვის სამხრეთიდან, ვის ლიბანიდან, რათა მოიქცნენ და დააბრუნონ მათთვის მიცემული.

21. როგორც დღემდე ექცევიან ჩემს რჩეულთ, ასევე მოვექცევი და მივაგებ მათ ამას, ამბობს უფალი ღმერთი.

22. არ დაინდობს ჩემი მარჯვენა ცოდვილებს, არც მოეშვება ჩემი მახვილი უმანკოთა სისხლის მღვრელებს დედამიწაზე.

23. მისი რისხვისგან აღეგზნება ცეცხლი და შთანთქავს მიწის საფუძვლებს და ცოდვილებს, როგორც აბრიალებულ თივას.

24. ვაი მათ, ვინც სცოდავს და არ იცავს ჩემს ბრძანებებს! ამბობს უფალი.

25. არ დავინდობ მათ. განვედით, ურწმუნო შვილებო, ნუ ბილწავთ ჩემს საწმიდარს,

26. რადგან ყველას სცნობს უფალი, ვინც მას შესცოდა. ამიტომაც სასიკვდილოდ და შესამუსრად გასწირა ისინი.

27. მოედო უკვე მთელ დედამიწას ბოროტება და მასში ხართ ჩაცვენილნი. არ დაგიხსნით უფალი, რადგან შესცოდეთ მას.

28. აჰა, ხილვა საშინელი აღმოსავლეთიდან მომავალი:

29. მრავალი ეტლით წამოვლენ ხალხები არაბთა ურჩხულისა; ქარივით გადაუვლიან დედამიწას, რათა შეძრწუნდეს და თავზარი დაეცეს ყველას, მათი ხმის გამგონეს.

30. რისხვით გასენილი კარმონელნი ტახებივით გამოცვივდებიან ტყიდან, დიდი ძალით წამოვლენ, განეწყობიან მათთან საბრძოლველად და გააუკაცრიელებენ აშურელთა ქვეყნის ნაწილს.

... და კიდევ 33 მუხლი