III ეზრა 2

1. ამას ამბობს უფალი: მე გამოვიყვანე ეს ხალხი მონობიდან ჩემი შვილების - წინასწარმეტყველთა წყალობით, რომელთა მოსმენა არ მოისურვეს, ფუჭად აქციეს ჩემი რჩევები.

2. მშობელი დედა ეუბნება მათ: წადით შვილებო, რადგან ქვრივი ვარ მე და მიტოვებული.

3. სიხარულით აღგზარდეთ და გლოვითა და მწუხარებით გაგიშვით, რადგან შესცოდეთ თქვენი უფალი ღმერთის წინაშე და უკეთურება ჩაიდინეთ მის წინაშე.

4. ახლა კი რა გიყოთ? ქვრივი ვარ მე და მიტოვებული. წადით, შვილებო, და შესთხოვეთ ღმერთს მოწყალება.

5. შენ კი, მამავ, იმ შვილთა დედის მოწმედ მოგიხმობ, რომელთაც არ ისურვეს ჩემი აღთქმის სამსახური.

6. დაატეხე მათ თავს სირცხვილი, განიძარცვოს მათი დედა, რათა არ იარსებოს მათმა მოდგმამ.

7. ხალხთა შორის განიფანტოს მათი სახელი, აღიგავონ მიწის პირიდან, რადგან მოიძულეს ჩემი ფიცი.

8. ვაი შენ, აშურო, რომ შეიფარე უსამართლონი. ბოროტო მოდგმავ, გაიხსენე, რაც დავმართე სოდომსა და გომორას,

9. რომელთა მიწაც მოფენილია კუპრის კოლბოხებით და ფერფლის გროვებით! ასევე მოვექცევი მათ, ვინც არ ისმენს ჩემს სიტყვას, ამბობს ყოვლისშვმძლვ უფალი.

10. ამას ეუბნება უფალი ეზრას: აუწყე ჩემს ხალხს, რადგან მივცემ მათ სამეფოდ იერუსალიმს, რომელიც ისრაელისთვისაა მიცემული;

11. მოვიღებ მათ დიდებას და მივცემ სხვებს მარადიულ კარავს, რომელიც მათთვის იყო გამზადებული.

12. სიცოცხლის ხე ექნებათ მათ სურნელოვან ნელსაცხებლად, იქნებიან ისინი უშრომელნი და არც დაღლა ეცოდინებათ.

13. წადით და მიიღებთ, ითხოვეთ, რომ მცირე იყოს თქვენი დღეები, რომ შემოკლდნენ ისინი. უკვე გამზადებულია თქვენთვის სამეფო. ფხიზლად იყავით.

14. მოწმედ მოუხმე ცასა და მიწას, მე აღვგავე ბოროტება და შევქმენი სიკეთე, რადგან ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი.

15. დედა, გადაეხვიე შენს შვილებს, გამოზარდე ისინი სიხარულით. დედამტრედის მსგავსად განუმტკიცე ფეხები: რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი.

16. აღვადგენ მკვდართ მათი ადგილებიდან, გამოვიყვან მათი საფლავებიდან, რადგან ვცანი ჩემი სახელი ისრაელში.

17. ნუ გეშინია, შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი.

18. მოგივლენ შემწეებად ჩემს მორჩილთ - ესაიას და იერემიას, რომელთა რჩევით ვაკურთხე და გაგიმზადე თორმეტი ხე, მრავალგვარი ნაყოფით დახუნძლული,

19. და ამდენივე წყარო თაფლისა და რძისა, და შვიდი უზარმაზარი მთა, მოფენილი ვარდითა და შროშანით, რომლებითაც გავახარებ შენს შვილებს.

20. სამართალი გაუჩინე ქვრივს, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე გაჭირვებულს, დაიცავი ობოლი, შემოსე შიშველი,

21. იზრუნე ბეჩავზე და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო დაიცავი, იხილოს ბრმამ ჩემი დიდება.

22. შეიფარე ბერი და ჭაბუკი შენს კედლებს შორის.

23. სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე და ბირველ ადგილზე დაგსვამ ჩემი აღდგომის ჟამს.

24. შეისვენე და დამშვიდდი, ჩემო ხალხო, რადგან მოვა შენი განსვენება.

25. კეთილო გამზრდელო, გაზარდე შენი შვილები, ფეხები გაუმტკიცე.

26. არავინ დაიღუპოს მსახურთაგან, მე რომ მოგეცი, რადგან შენი რიცხვიდან მოვიკითხავ მათ.

27. ნუ დაიქანცები, რადგან როცა მოვა ჭირისა და სივიწროვის დღე, ზოგი ატირდება და მიეცემა მწუხარებას, შენ კი მოილხენ და სიუხვეში იქნები.

28. შეშურდებათ ხალხებს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან შენს წინააღმდეგ, ამბობს უფალი.

29. ჩემი ხელი დაგიფარავს შენ, რომ არ იხილონ ჰინომის ველი შენმა შვილებმა.

30. გაიხარე, დედაო, შვილებთან ერთად, რადგან მე გიხსნი შენ, ამბობს უფალი.

... და კიდევ 18 მუხლი