1. როცა ლომი არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე:
2. აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა.
3. ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ და მთლიანად დაიწვა არწივის ტანი და ძლიერ შეძრწუნდა დედამიწა. ხოლო მე შეშფოთებისა და ძლიერი შიშისაგან გამოვფხიზლდი და მივმართე ჩემს სულს:
4. აჰა, შენ დამმართე ეს ამბავი, უზენაესის გზებს რომ იკვლევ-მეთქი.
5. აჰა, ჯერ კიდევ დაღლილი ვარ სულით და დაუძლურებული, ძალის ნატამალიც აღარ შემომრჩა იმ დიდი შიშის გამო, ამ ღამით რომ განვიცადე.
6. მაშ ახლა შევევედრები უზენაესს, რათა ბოლომდე გამამხნევოს.
7. ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, თუკი მართლად გამოვჩნდი შენს წინაშე მრავალთა შორის, თუკი ჩემმა ვედრებამ ნამდვილად მოაღწია შენამდე,
8. გამამხნევე და გამიმჟღავნე მე, შენს მორჩილს, განმარტება და ახსნა ამ საშინელი ხილვისა, რათა საბოლოოდ დამიმშვიდო სული.
9. ღირს-მყავი, რათა გამიმჟღავნო დრო-ჟამის უკანასკნელი ამბები. მან მითხრა:
10. ეს არის ამ ხილვის განმარტება:
11. არწივი, ზღვიდან ამომავალი რომ იხილე, ის სამეფოა, რომელიც დანიელის, შენი ძმის, ხილვაში იყო ნახილვები.
12. მაგრამ მას არ განემარტა, როგორც შენ განგიმარტავ ახლა.
13. აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო, რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება.
14. გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით.
15. მეორე მეფე დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება.
16. ეს არის განმარტება თორმეტი ფრთისა, რომლებიც იხილე.
17. მოლაპარაკე ხმა რომ მოისმინე, არა თავიდან, არამედ ტანის შუადან გამომავალი,
18. ასეთია ამის განმარტება: მისი მეფობის შემდეგ დიდი ბრძოლები წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო დამხობად, მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ კვლავ თავის დასაბამს დაუბრუნდება.
19. მისი ფრთებიდან გამოზრდილი ნაკრტენები რომ იხილე,
20. ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება.
21. შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან.
22. სამი უძრავი თავი რომ იხილე,
23. ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე.
24. და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები.
25. ესენი არიან, ვინც დაიუნჯებენ მის ბოროტეხებს და მის უკანასკნელთაც განახორციელებენ.
26. უფრო დიდი თავი რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით.
27. იმ დანარჩენ ორს კი მახვილი შეჭამს.
28. ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა უკანასკნელ ხანებში.
29. ორი ნაკრტენი რომ იხილე არწივის მარჯვენა თავზე გადამავალი,
30. ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო.
... და კიდევ 21 მუხლი