III ეზრა 10

1. თავის სანთიობოში რომ შევიდა ჩემი შვილი, დაეცა და მოკვდა.

2. გადმოვამხეთ ყველამ ლამპრები და ჩემი მეზობლები, ყველანი მოვიდნენ ჩემს სანუგეშებლად. და მეც მშვიდად ვიყავი მეორე დღის საღამომდე.

3. როცა ყველანი დამშვიდდნენ ჩემი ნუგეშისმცემლები, მე რომ მამშვიდებდნენ, ავდექი ღამით და გავიქეცი, და მოვედი, როგორც ხედავ, ამ ველზე.

4. გადავწყვიტე აღარ დავბრუნდე ქალაქში, არამედ აქ დავრჩე, არ ვჭამო, არც ვსვა, არამედ განუწყვეგლივ ვიტირო და ვიმარხულო სიკვდილამდე.

5. მოვეშვი ჩემს საფიქრალს და გაბრაზებულმა ვუპასუხე, ვუთხარი:

6. ყველა დედაკაცზე უბრიყვესო! ნუთუ ვერ ხედავ ჩვენს დარდს და რაც ჩვენ შეგვემთხვა?

7. რადგან სიონი, ჩვენი დედა, დარდით არის შეწუხებული, ყოველმხრივ დამცირებულია და მწარედ მოთქვამს.

8. რადგან ახლა ჩვენ ყველანი მოვთქვამთ და დამწუხრებულნი ვართ, რადგან ყველანი მწუხარენი ვართ, შენ კი მხოლოდ შენ შვილზე მწუხარებ?

9. შეეკითხე მიწას და გეტყვის, რომ მას მართებს გლოვა მის ამდენ ნაშიერზე, რომლებიც მის მკერდზე არიან დაცემულნი.

10. მისგან არიან ყველანი შობილნი დასაბამიდან და სხვანიც მოდიან; და, აჰა, თითქმის ყველანი დასაღუპად მიდიან და გასაწყვეტად არის განწირული მათი სიმრავლე.

11. მაშ, ვის უფრო მართებს მოთქმა, თუ არა მას, ვინც ესოდენი სიმრავლე დაკარგა, შენ კი ერთის დარდი გაქვს. თუ მეტყვი:

12. არა ჰგავს ჩემი სატირალი დედამიწის სატირალს, მე ხომ ჩემი მუცლის ნაყოფი დავკარგე, რომელიც ვაებით ვშვი და ტანჯვით გავაჩინეო,

13. მაგრამ მიწას მიწის წესი აქვს: ჩავლენ მასში მრავალნი, მაგრამ ახალნი ხომ მოდიანო, მე გეტყვი:

14. როგორც შენ ბადებ ტანჯვით, ასევე აძლევს მიწა თავის ნაყოფს დასაბამიდან ადამიანს, რომელიც ამუშავებს მას.

15. მაშ, ჩაიკალ შენში დარდი, მტკიცედ დაითმინე უბედურება, რომელიც შეგემთხვა.

16. რადგან თუ მართლად აღიარებ ღვთის განგებას და დროულად მიიღებ მის რჩევას, განდიდებულ იქნები მსგავსთა შორის.

17. მაშ, წადი ქალაქში შენს ქმართან. ხოლო მან მითხრა:

18. არა, არ წავალ ქალაქში, აქ უნდა მოვკვდე.

19. კიდევ ველარრაკე და ვუთხარი:

20. ნუ გააკეთებ ამას, არამედ დაეთანხმე მრჩეველს; რამდენჯერ გაუბედურებულა სიონი? გაიქარვე დარდი იერუსალემის გამო.

21. ხომ ხედავ, გაოხრებულია ჩვენი საწმიდარი, დანგრეულია ჩვენი სამსხვერპლო და დაქცეულია ჩვენი ტაძარი,

22. დამცირებულია ჩვენი ქნარი, დადუმებულია ჩვენი გალობა, ბოლო მოეღო ჩვენს აღმაფრენას, ჩაგვიქრა სასანთლის შუქი, გაიძარცვა ჩვენი აღთქმის კიდობანი, შეგინებულია ჩვენი სიწმიდენი, და სახელი, ჩვენ რომ გვეწოდა, შელახულია, ჩვენი ერისშვილები შეურაცხყოფას განიცდიან, ჩვენს მღვდლებს ცეცხლში წვავენ, ჩვენი ლევიანები ტყვედ მიჰყავთ, ჩვენი ქალწულები შერცხვენილნი არიან, ჩვენი ქალები ძალით არიან დამორჩილებულნი, ჩვენი მართალნი გატაცებულნი არიან, ჩვენი ბავშვები გაიფანტნენ, ჩვენი მოყმენი მონებად იქცნენ, ჩვენი ვაჟკაცები დაუძლურდნენ.

23. და, რაც ყველაზე უარესია, გაუქმდა სიონის დიდება, რადგან ბეჭედი მისი ჩვენს მოძულეთ ჩაუვარდა ხელში.

24. მაშ, უკუიყარე შენი უზომო მწუხარება და მოიშორე შენი დიდი სატკივარი, რათა კვლავაც წყალობა მოგანიჭოს ყოვლადძლიერმა და მოგცეს შვება უზენაესმა, და სატანჯველისგან მოგასვენოს.

25. როცა ამას ვეუბნებოდი, უეცრად განათდა მისი სახე და აელვარდა მისი მზერა, ისე რომ შემეშინდა მისი და ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო ეს.

26. და აჰა, მან უეცრად გამოსცა ისეთი ძლიერი და შემზარავი ხმა, რომ შეიძრა ქალის ხმაზე მიწა.

27. და აჰა, გაუჩინარდა ქალი ჩემს თვალწინ, მაგრამ აღიმართა ქალაქი და გამოჩნდა დიდი საძირკვლებიანი ადგილი; მე შემეშინდა და ხმამაღლა ვიყვირე, ვთქვი:

28. სად არის ურიელ ანგელოზი, პირველად რომ გამომეცხადა? რადგან მან თავად გადამაცდინა გონების ზღვარს; და ჩაიშალა ჩემი მიზანი და ჩემი ლოცვა-ვედრება საყვედურად მექცა.

29. ამას რომ ვამბობდი, მოვიდა ურიელი ჩემთან და დამინახა.

30. და აჰა, ვეგდე, როგორც მკვდარი, ცნობა მქონდა წართმეული; ხოლო მან მარჯვენა დამიჭირა, მომაღონიერა და ფეხზე დამაყენა, მითხრა:

... და კიდევ 30 მუხლი