სახარება ლუკასაგან 9

1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა.
და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ.

2. წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.
და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა.

3. და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაში: ნურც არგანს, ნურც აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ ხელ სამოსს.
და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ.

4. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე.
და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით.

5. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას, მათ წინააღმდეგ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა.

6. ისინი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ სნეულთ.
და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.

7. გაიგო ჰეროდე მეოთხედმთავარმა ყველაფერი, რაც მოემოქმედა იესოს, და საგონებელში ჩავარდა, ვინაიდან ზოგიერთნი ამბობდნენ: იოანე აღდგა მკვდრეთით.
ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთავარსა ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით.

8. ზოგიც: ელია მოგვევლინაო, ზოგი კიდევ ამბობდა, რომ ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგა.
ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა; და სხუანი იტყოდეს: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.

9. ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოვკვეთე თავი. მაშ, ვინ არის ეს, ვისზედაც ამგვარი რამ მესმის? და უნდოდა მისი ნახვა.
ხოლო ჰეროდე თქუა: იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათჳს ესევითარი მესმის, არა ვიცი. და უნდა ხილვაჲ მისი.

10. დაბრუნდნენ მოციქულები და აუწყეს იესოს ყველაფერი, რაც გააკეთეს, ხოლო მან წაიყვანა ისინი და უდაბურ ადგილს განმარტოვდა, იმ ქალაქის ახლოს, რომელსაც ჰქვია ბეთსაიდა.
და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესუს, რაოდენი ქმნეს. და წარიყვანნა იგინი და განეშორა თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან ბეთსაიდაჲ.

11. მაგრამ გაიგო ხალხმა და გაჰყვა მას: იესომ შეიწყნარა ისინი და ღმრთის სასუფეველზე ელაპარაკებოდა მათ, ხოლო, ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა.
ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისა, და რაოდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა.

12. როდესაც დღემ გადახრა იწყო, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საჭმლის საშოვნად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვართ.
და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოვიდეს ათორმეტნი იგი და ჰრქუეს მას: განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და აგარაკებსა და დაადგრენ მუნ და პოონ საზრდელი თავისა მათისაჲ, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ.

13. უთხრა მათ იესომ: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ თქვეს: არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა, თუკი არ წავალთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ მთელ ამ ხალხს.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. და მათ ჰრქუეს: არა არს ჩუენ თანა უფროჲს, გარნა ხუთი ჴუეზაჲ პური და ორი თევზი; გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი?

14. რადგანაც იყო იქ ხუთი ათასამდე კაცი. მაგრამ მან თავის მოწაფეებს უთხრა: რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი.
რამეთუ იყვნეს კაცნი იგი ვითარ ხუთ ათას ოდენ. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასეული.

15. ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი.
და მათ ყვეს ეგრე და დასხეს ყოველი იგი ერი.

16. ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.
ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაჲთა დაუგონ ერსა მას.

17. ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი.
და ჭამეს და განძღეს ყოველნი; და აღიღეს, რომელ-იგი დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი.

18. მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:
და იყო ლოცვასა მას მისსა თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაჲ თქჳან ჩემთჳს ყოფად?

19. რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივართ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო.
ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელი; და სხუათა − ელია; და რომელნიმე იტყჳან: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.

20. და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგთ პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქვენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე და ჰრქუა: ცხებული ღმრთისაჲ.

21. მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო.
ხოლო თავადმან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაჲთა არავის უთხრან ესე.

22. და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

23. და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
და იტყოდა ყოველთა მიმართ: რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე.

24. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას.
რამეთუ რომელსა უნდეს განრინებად სულისა თჳსისა, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.

25. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს?
რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს?

26. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა თავისი, მამამისისა და წმიდა ანგელოზთა დიდებით.
რომელსა სირცხჳლ უჩნდეს ჩემდა მომართ??მას ძემანცა კაცისამან არცხჳნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა ანგელოზთაჲთა.

27. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს.
გეტყჳ თქუენ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ.

28. მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე.
და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად.

29. ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე.
და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე.

30. და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია,
და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია.

... და კიდევ 32 მუხლი