1. მოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა, და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს.
და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა.
2. და უთხრა მათ: როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.
3. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე.
პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ.
4. და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან.
და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
5. და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,
და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი,
6. ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, -
რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას.
7. ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე.
მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა.
8. გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება.
გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას.
9. ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ,
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ.
10. რადგან ყველა მთხთვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.
11. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას?
ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას?
12. ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას?
გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას?
13. ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?
უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.
14. ერთხელ ეშმაკი განდევნა მუნჯი კაცისგან; როგორც კი გავიდა ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს.
და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუჲ. და იყო განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და უკჳრდა ყოველსა მას ერსა.
15. ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა.
16. ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით.
და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან.
17. მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.
ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევლთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის.
18. თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ.
და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ: ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა.
19. მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.
უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ.
20. ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს.
უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
21. როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს.
რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი.
22. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს.
და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის.
23. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
24. როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო.
რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქჳს: მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინაჲცა გამოვედ.
25. და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს.
და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული.
26. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
მაშინ წარვიდეს და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისსა, და შევიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი.
28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.
29. როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა.
და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ.
30. ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის.
ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ძე კაცისაჲ ნათესავსა ამას.
... და კიდევ 24 მუხლი