1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო. და მისმა მოწაფეებმა თავთავებს დაუწყეს კრეფა: ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.
2. ზოგიერომა ფარისეველმა უთხრა მათ: რატომ აკეთებთ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?
ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს?
3. ხოლო იესომ მიუგო მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა,
4. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, და აიღო და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც?
ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო?
5. და უთხრა მათ: ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
6. ხოლო მეორე შაბათს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა ხალხს; და იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.
და იყო სხუასაცა შაბათსა, და შთავიდა თავადი შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი მისი მარჯუენე განჴმელ ედგა.
7. უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, განკურნავდა თუ არა შაბათს, რათა ბრალდების საბაბი ეპოვათ მისთვის.
უმზირდეს მას მწიგნობარნი და ფარისეველნი, უკუეთუმცა შაბათსა განკურნა, რაჲთა პოონ, ვითარმცა შეასმინეს იგი.
8. მაგრამ მან იცოდა მათი ზრახვანი და უთხრა ხელგამხმარ კაცს: ადექი და შუაში გამოდი; ისიც ადგა და გამოვიდა.
ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის.
9. და უთხრა მათ იესომ: თქვენ გეკითხებით: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა?
და იესუ ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაჲ: რაჲ ჯერ-არს შაბათსა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისა ყოფაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ მოკლვაჲ?
10. გადახედა ყველა მათგანს, და უთხრა კაცს: აბა გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და გაუმრთელა, როგორც მეორე.
და მიხედა მათ ყოველთა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! ხოლო მან განირთხა, და მოეგო ჴელი მისი, ვითარცა სხუაჲ იგი.
11. ხოლო ისინი გაცოფდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა ვიყოთ იესოსო.
ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და განიზრახვიდეს ურთიერთას, უკუეთუმცა უყვეს რაჲ იესუს.
12. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა.
და იყო მათ დღეთა შინა და განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ.
13. ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოარჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა:
და ვითარცა განთენა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა:
14. სიმონი, რომელსაც დაარქვა პეტრე, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
სიმონ, რომელსა უწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ და იოვანე, ფილიპე და ბართლომე.
15. მათე და თომა, იაკობი, ძე ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული,
მატთეოს და თომა და იაკობ ალფესი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე,
16. იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით,
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
24. მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში.
ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი.
25. ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით;
ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით.
26. ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
27. ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;
არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა.
28. აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.
და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.
29. ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც.
რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ.
30. ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ.
ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი.
... და კიდევ 19 მუხლი