სახარება ლუკასაგან 8

1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და აყვნენ მასთან თორმეტნი.
და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა.

2. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი,
და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს.

3. იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას.
იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

4. ხოლო როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა და ქალაქების მცხოვრებნიც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ იგავით:
ხოლო რომელნი-იგი მისთანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით:

5. გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი.
გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.

6. ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა, ვინაიდან სინესტე აკლდა.
და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.

7. ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.
და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.

8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.

9. მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი?
ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაჲ არს იგავი ესე?

10. ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა – იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ.

11. აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;
ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.

12. გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ;
ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ.

13. კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;
ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.

14. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან.
ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან.

15. პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით.
ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.

16. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს,
არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ.

17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს.
რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.

18. მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა.
იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.

19. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა.
მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან.

20. და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.
უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს.

21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.

22. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს.
და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას; და აღვიდეს.

23. ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ.
და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ტბასა მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს.

24. მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა.
და მოვიდეს და განაღჳძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს, და იყო დაყუდებაჲ დიდი.

25. და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას?
და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?

26. და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა.
და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.

27. ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში.
და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.

28. იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.

29. რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა.
რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.

30. ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.
ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.

... და კიდევ 26 მუხლი