1. როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა.
და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს.
2. ერთი ასისთავის მონა, რომელსაც პატრონი დიდ პატივს სცემდა, ავად იყო და სულს ებრძოდა.
და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან.
3. იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა.
და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი.
4. ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას,
ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს,
5. ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა.
რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.
6. წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე.
7. ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.
რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი.
8. ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს.
რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის.
9. ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ მეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.
ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა სარწმუნოებაჲ მისი, მიექცა ერსა მას და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცაღა ისრაჱლსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაჲ.
10. გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა.
და მიიქცეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონაჲ იგი მისი ცოცხალი.
11. მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.
12. როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა.
13. ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!
14. მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ!
15. მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.
და ზე წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა.
16. ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თჳსსა.
17. და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს.
და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
18. ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს.
და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს.
19. ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
20. ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
21. ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა.
მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ.
22. მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.
და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების.
23. ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში.
და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ.
24. ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად?
და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
25. რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან.
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან.
26. რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.
27. ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე.
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
28. რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.
რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს.
29. მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელ იღეს იოანეს ნათლის ცემით.
და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.
30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
ხოლო ფარისეველთა და სჯულის-მოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან.
... და კიდევ 20 მუხლი