სახარება ლუკასაგან 22

1. ახლოვდებოდა უფუარობის დღესასწაული, რომელსაც ჰქვია პასექი.
და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ.

2. მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.

3. შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი.
და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა.

4. წავიდა და უთხრა მღვდელმთავრებსა და წინამძღვრებს, როგორ მიეცა მათთვის იესო.
და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ.

5. ხოლო მათ გაიხარეს და დათანხმდნენ, ვერცხლი მიეცათ მისთვის.
ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად.

6. ისიც შეჰპირდა და ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა, ხალხის დაუსწრებლად, მათთვის მიეცა იგი.
და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

7. დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი.
მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად.

8. გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და საჭმელად მოგვიმზადეთ პასექი.
და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქაჲ, რაჲთა ვჭამოთ.

9. ხოლო მათ თქვეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ?
ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ?

10. და უთხრა მათ: აჰა, ქალაქში შესვლისთანავე შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; გაჰყევით იმ სახლამდე, რომელშიც შევა,
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს.

11. და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გითვლის, სად არის დარბაზი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი?
და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?

12. გიჩვენებთ ვრცელსა და გაწყობილ დარბაზს: იქ მოგვიმზადეთ.
და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.

13. ისინი წავიდნენ და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი.
და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.

14. როცა მოაწია დრომ, დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად.
და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა.

15. უთხრა მათ: სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი.
და ჰრქუა მათ: გულის-სიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.

16. რადგანაც გეუბნებით: აღარა ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმრთის სასუფეველში.
ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა.

17. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.
და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა.

18. რადგანაც გეუბნებით, რომ აღარ დავლევ ყურძნის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოიწევა ღმრთის სასუფეველი.
ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს.

19. აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად.
და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა.

20. აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის.
ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ­ ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული.

21. და, აჰა, ხელი ჩემი გამცემისა ჩემთან ერთად სუფრაზე.
ხოლო აჰა ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა ზედა.

22. თუმცა ძე კაცისა მიდის განგებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.
ძე სამე კაცისაჲ, მსგავსად განჩინებულისა მისისა, წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!

23. ხოლო მათ ერთმანეთში დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის ამის ჩამდენი.
და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას: ვინ-მე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად?

24. დავობდნენ იმაზეც, თუ ვინ უფრო დიდად უნდა შერაცხილიყო მათში.
და იყო ცილობაჲცა მათ შორის, ვითარმედ: ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის?

25. ხოლო იესომ უთხრა მათ: ხალხთა მეფენი მბრძანებლობენ მათზე და კეთილისმყოფლებად იწოდებიან მათი მპყრობელნი.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუნ მათ ზედა, ქველის-მოქმედ ჰრქჳან.

26. ხოლო თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენს შორის იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური.
ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი ­ ვითარცა მსახური.

27. რადგან ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის, თუ ვინც სუფრას ემსახურება? რა თქმა უნდა, ვინც სუფრას უზის; ხოლო მე ვარ თქვენს შორის როგორც მსახური.
ვინ არს უფროჲსი: რომელი ინაჴით-ზის ანუ რომელი ჰმსახურებს? ანუ არა რომელ-იგი ინაჴით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური.

28. თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი.
და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა.

29. და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი.
და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან, სასუფეველსა,

30. რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი.
რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.

... და კიდევ 41 მუხლი