1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან.
და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგან.
2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?
ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?
3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.
ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა.
4. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას.
და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ.
5. სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ.
ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ.
6. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას
და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა
7. და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.
და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.
8. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა?
ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?
9. ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ.
სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ.
10. მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი?
ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი?
11. მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი.
მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ.
12. კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი.
ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი.
13. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან.
იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი.
14. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა.
მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაჲ იყო.
15. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.
კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ.
16. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის.
იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის.
17. კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია.
ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს.
18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს
არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა,
19. და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს?
ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძჱ იგი თქუენი, რომელისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა? აწ უკუე ვითარ ხედავს?
20. მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა;
მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძჱ ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა.
21. მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია; თავისას თვითონ იტყვის.
ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თჳსისათჳს იტყოდენ.
22. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო.
ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი.
23. ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო.
ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ.
24. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია.
მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს.
25. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცთდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ.
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ.
26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი?
მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?
27. მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ?
მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაჲსაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა?
28. მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.
ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ.
29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის.
უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.
30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი.
მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი.
... და კიდევ 11 მუხლი