სახარება იოანესაგან 6

1. ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა.
ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ წიაღ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიაჲსაჲ.

2. თან მისდევდა დიდძალი ხალხი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა სნეულთა განკურნებისას.
და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა.

3. ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.
და აღვიდა მთასა და მუნ დაჯდა მოწაფითურთ თჳსით.

4. ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.
და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული იგი ჰურიათაჲ.

5. გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ?
აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ?

6. ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა.
ამას რაჲ ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად.

7. ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ.
ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს.

8. ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა:
ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სიმონ-პეტრესმან:

9. აქ არის ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის?
არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინაშე?

10. იესომ ბრძანა, დაესხათ ხალხი, ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი.
ჰრქუა მათ იესუ: დასხით კაცები ესე. და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ.

11. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა.
და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ.

12. როცა გაძღნენ, თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო.
და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების.

13. მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.
ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს.

14. ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ ქმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად.
ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად.

15. იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი; ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე.
ხოლო იესუ გულისჴმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ.

16. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ;
და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად.

17. ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან.
და შევიდეს ნავსა და მოვიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაპერნაუმდ. და ვითარ შე-ოდენ-რიჟუდებოდა, და არღა მოსრულ იყო მათა იესუ,

18. ძლიერი ქარი ქროდა და ზღვა ბობოქრობდა.
და ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა.

19. ოცდახუთი თუ ოცდაათი უტევანი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს, და შეშინდნენ.
და შე-ოდენ-სრულ იყვნეს ვითარ ოც და ხუთ უტევან გინა ოც და ათ, იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა; და მოეახლა რაჲ ნავსა მას, შეეშინა მათ.

20. ხოლო იესომ უთხრა მათ: მე ვარ, ნუ გეშინიათ.
ხოლო თავადმან მან ჰრქუა მათ: მე ვარ, ნუ გეშინინ!

21. უნდოდათ ნავზე აეყვანათ, მაგრამ მაშინვე მიადგნენ ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ.
უნდა მათ, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს.

22. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ არ იყო იქ სხვა ნავი, გარდა იმ ერთისა, რომელშიაც ისხდნენ მისი მოწაფეები, იესო კი არ მჯდარიყო ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხთლოდ მოწაფეებს გაეცურათ.
ხვალისაგან ერი იგი რომელი დგა წიაღ ზღუასა მას, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი იგი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას, არამედ მოწაფენი ხოლო მისნი შევიდეს.

23. ხოლო ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა.
მოვიდეს უკუე სხუანიცა ნავნი ტიბერიით, მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი ჭამეს პური, რომელი-იგი აკურთხა უფალმან და ჰმადლობდა.

24. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იქ აღარც იესოა და აღარც მისი მოწაფეები, თვითონაც ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გასწიეს.
ვითარცა იხილა ერმან მან, ვითარმედ იესუ არა მუნ არს, არცა მოწაფენი მისნი, მოადგინეს მათ ნავები იგი და მოვიდეს კაპერნაუმდ და ეძიებდეს იესუს.

25. ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ?
და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოუხუედ აქა?

26. მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით.

27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი.
იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა, ღმერთმან.

28. მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი?
ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?

29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა.

30. კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამთთ? მაინც რას მოიმოქმედებ?
და მათ ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ?

... და კიდევ 41 მუხლი