სახარება იოანესაგან 7

1. ამის შემდეგ იესო დადიოდა გალილეაში და არ უნდოდა იუდეაში ევლო, ვინაიდან იუდეველები მოსაკლავად ეძებდნენ მას.
ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად.

2. მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა.
ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ.

3. და მისმა ძმებმა უთხრეს: გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეესმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმენი.
ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ.

4. ვინაიდან ფარულად არავინ აკეთებს რამეს, არამედ თავის გამოჩენას ცდილობს. თუ ყოველივე ამას აკეთებ, გამოუცხადე ქვეყანას შენი თავი.
რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა.

5. ვინაიდან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი.

6. და უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის.
ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს.

7. თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი.
ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამე მისთჳს, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან.

8. თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი.
თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს.

9. ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა.
ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას.

10. მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად.
და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად.

11. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?
ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?

12. და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, მხოლოდ ხალხს აცდუნებსო.
და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის. რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა.

13. თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.
და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.

14. მაგრამ შუა დღესასწაულზე შევიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესუ ტაძრად და ასწავებდა.

15. უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?
უკჳრდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარ უკუე ამან წიგნი იცის უსწავლელად?

16. მიუგი, იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა.
მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაჲ.

17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.
უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაჲ ესე, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თჳსით ვიტყჳ.

18. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია, და უსამართლობა არ არის მასში.
რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა.

19. განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არცერთი თქვენგანი არ იცავს რჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად?
ანუ არა მოსე მოგცა თქუენ სჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს სჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?

20. მიუგო ხალხმა და თქვა: ეშმაკეუღი ხარ; ვინ გეძებს მოსაკლავად?
მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?

21. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ერთი საქმე ვქმენ და ყველას გიკვირთ.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ერთი საქმე ვქმენ თქუენ შორის, და ყოველთა გიკჳრს.

22. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა (თუმცა მოსემ კი არა, მამებმა მოგცეს) და შაბათ დღეს წინადაცვეთავთ კაცს.
ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ. არა თუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან.

23. თუ კაცი წინდაცვეთას იღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯულღი, რაღა ჩემზე მრისხანებთ იმის გამო, რომ სულაც განვკურნე კაცი შაბათს?
უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მოიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა?

24. იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ.
ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ.

25. ხოლო ზოგიერთი იერუსალიმელი ამბობდა: ეს ხომ არ არის, ვისაც მოსაკლავად ეძებენ?
იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად?

26. აჰა, აშკარად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ნუთუ მართლა ცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტე?
აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე?

27. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სადაურია; ქრისტე კი, როდესაც მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.
არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს.

28. მაშინ იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა, შეღაღადა და თქვა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, სადაური ვარ; მაგრამ ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით.

29. მე კი ვიცნობ, ვინაიდან მისგან ვარ და მან მომავლინა.
ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე.

30. ამიტომ ეძებდნენ შესაპყრობად, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.
ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.

... და კიდევ 23 მუხლი