სახარება იოანესაგან 4

1. ხოლო როცა უფალმა გაიგო, ფარისევლებმა შეიტყვეს, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანეო
ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოვანეს,

2. (თუმცა თვით იესო როდი სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები). -
რამეთუ თჳს იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,

3. მიატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა.
დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად.

4. ხოლო გზად სამარიაზე უნდა გაევლო.
ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაჲთ.

5. მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ მინდვრის მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს.
და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა.

6. იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი.
და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე.

7. მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ, წყალი დამალევინეო.
მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი.

8. ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად.
რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ.

9. და უთხრა მას სამარიელმა ქალმა: როგორ, შენ, იუდეველი, წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს? ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან.
ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა.

10. მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: „მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა“, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი.

11. ქალმა უთხრა: ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი?
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი?

12. ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?
ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი.

13. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.
მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა,

14. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ.

15. უთხრა მას ქალმა: ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.
ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად.

16. უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდი.
ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა.

17. მიუგო ქალმა და თქვა: ქმარი არა მყავს. იესომ უთხრა: მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო.
მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი,

18. ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი.
რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ.

19. უთხრა მას ქალმა: უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ.

20. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.
მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ.

21. ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა.

22. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის.
თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს.

23. მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს.
არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა.

24. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.
სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ.

25. ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, და როცა მოვა, ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ.
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი.

26. მიუგო მას იესომ: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე.
ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ.

27. ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არცერთს არ უთქვამს: რას ეძებ, ან რას ელაპარაკებით?
და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?

28. ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა:
დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ:

29. მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი?
მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?

30. გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა.

... და კიდევ 24 მუხლი