სახარება იოანესაგან 12

1. პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით.
ხოლო იესუ უწინარეს ექუსისა დღისა ვნებისა მის მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით.

2. იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო.
და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა.

3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი.
ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავალ-სასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა.

4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა:
თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი:

5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული?
რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?

6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა.
ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ.

7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა.
და თქუა იესუ: უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე.

8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.

9. იუდეველთაგან ძალიან ბევრმა გაიგო, აქ არისო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც აღადგინა მკვდრეთით.
აგრძნა უკუე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესუ მუნ არს; მოვიდეს არა ხოლო თუ იესუჲსთჳს, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელ-იგი აღადგინა მკუდრეთით.

10. ხოლო მღვდეღმთავრებმა განიზრახეს ლაზარეს მოკვლაც.
ხოლო ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ, რაჲთა ლაზარეცა მოკლან.

11. ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესოს.
რამეთუ მრავალნი ჰურიათაგანნი მისთჳს მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესუჲსსა.

12. მეორე დღეს დღესასწაულზე მოსუღმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო,
ხვალისაგან ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ,

13. აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა; ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა!
მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!

14. იესომ კი იპოვა ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:
და პოვა იესუ ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს:

15. ნუ გეშინია, ასულთ სიონისაო! აჰა, მოდის შენი მეუფე, ჩოჩორზე მჯდარი!
ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა.

16. მისი მოწაფეები კი პირველად ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ როცა განდიდებულ იქნა იესო, მაშინღა გაიხსენეს, რომ ასე იყო დაწერილი მისთვის, და ასევე მოექცნენ მას.
ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესუ, მაშინ მოეჴსენა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო მისთჳს, და ესე უყვეს მას.

17. მასთან მყოფი ხალხი მოწმობდა, რომ საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი.
და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით,

18. ამიტომაც გამოეგება ხალხი, ვინაიდან გაეგო, რომ მან მოახდინა ეს სასწაული.
ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ.

19. ხოლო ფარისევლებმა ერთმანეთს უთხრეს: ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას.
ხოლო ფარისეველთა მათ თქუეს ურთიერთას: ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა ესერა სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა.

20. დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.
იყვნეს ვინმე წარმართთაგანიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას.

21. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.
ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი-იგი იყო ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ.

22. მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს.
მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს.

23. იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ.

24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს.

25. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.
რომელსა უყვარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი.

26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.
უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.

27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲ-მე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ჟამისა ამისაგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას.

28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ!
მამაო, ადიდე ძე შენი. მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: და ვადიდე და კუალადცა ვადიდო.

29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას.
ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას.

30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს.

... და კიდევ 20 მუხლი