1. გაიგო იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ, ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.
და ესმა იაკობს სიტყუაჲ ძეთა ლაბანისთა, ვითარ-იგი ეტყოდეს: მიგვიღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისა და მამისა ჩუენისათა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ.
2. სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო.
და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა.
3. უთხრა უფალმა იაკობს: დაუბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანას, შენს სამშობლოს, და მეც შენთან ვიქნები.
და ჰრქუა უფალმან იაკობს: მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.
4. გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, ფარასთან.
მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ.
5. უთხრა მათ: სახეზე შევატყვე მამათქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორიც ადრე იყო. მაგრამ მამაჩემის ღმერთი თან მახლავს მე.
და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძოღან. და ღმერთი მამისა ჩემისა იყოს ჩემ თანა.
6. თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურისთვის.
თქუენ თჳთ იცით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა.
7. მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის.
ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის-ყოფად ჩემდა.
8. როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა.
უკუეთუ თქუას: ვითარმედ ჭრელი იგი იყავნ შენდა სასყიდელად, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი ჭრელსა. და უკუეთუ ესრეთ თქუას: იყვნედ სპეტაკნი სასყიდელად შენდა, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი სპეტაკსა.
9. წაართვა ღმერთმა საქონელი მამათქვენს და მე მომცა.
და მოუღო ღმერთმან ყოველივე იგი საცხოვარი მამისა თქუენისა და მომცა მე.
10. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან.
და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა, ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრისფერად სხურებული.
11. მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ.
და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა:
12. მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ.
13. მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთი სცხე სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენს სამშობლო ქვეყანას.
მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ შენ ქუეყანასა შობისა შენისასა და ვიყო მე შენ თანა.
14. მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილ და სამკჳდრებელ სახისა შინა მამისა შენისასა?
15. განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც შეჭამა?
ანუ არა, ვითარცა უცხონი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩვენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი.
16. ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.
ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა იყოს და შჳლთა ჩუენთა. აწ რაჲ-იგი გრქუა შენ ღმერთმან შენმან, ეგრეცა ყავ:
17. ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და ცოლები აქლემებზე.
აღდგა იაკობ და წარიყვანნა ცოლნი თჳსნი და ყრმანი და აღსხნა იგინი აქლემებსა.
18. წაასხა მთელი თავისი საქონელი, მთელი თავისი მონაგები, თავისი საკუთარი საქონელი, ფადან-არამში რომ მოიგო, რათა მისულიყო ისაკთან, თავის მამასთან ქანაანის ქვეყანაში.
და წარიღო ყოველივე მონაგები მისი და ყოველი ჭურჭელი მისი, რომელ მოიგო შუამდინარეს და ყოველივე, რაჲცა იყო მისი. და წარმემართა მისლვად ისაკისასა, მამისა თჳსისა, ქუეყანად ქანანისა.
19. ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული და რახელმა მოიპარა კერპები, მამამისს რომ ჰქონდა.
ხოლო ლაბან მივიდოდა რისვად ცხოვართა თჳსთა. და მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი.
20. იაკობმა გული მოჰპარა ლაბან არამელს, არ გაუმხილა, რომ გარბოდა მისგან.
და დაუმალა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა, რამეთუ წარივლტის.
21. გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი გააჩნდა; ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი.
და წარივლტოდა იგი და ყოველივე მისი. და წიაღჴდა მდინარესა და მიმართა მთასა მას გალადისასა.
22. მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა.
უთხრეს ლაბანს ასურსა დღესა მესამესა. ვითარმედ წიაღჴდა იაკობ.
23. იახლა სახლიკაცები და სდია შვიდი დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთასთან არ დაეწია.
და წარიყუანნა მის თანა ყოველნი ძენი მისნი, ლაბან დევნა-უყო იაკობს გზასა შჳდისა დღისასა და ეწია მას მთასა გალადისასა.
24. გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: ფრთხილად იყავი, არც კარგი უთხრა იაკობს, არც ავი.
ხოლო მოვიდა ღმერთი ლაბანისა ჩუენებად ღამე და ჰრქუა მას: ეკრძალე, ნუუკუე ეტყოდე იაკობს ფიცხელად და ეწია ლაბან იაკობს.
25. მიეწია ლაბანი იაკობს, როცა იაკობი კარავს შლიდა მთაზე. ლაბანმაც გალაადის მთაზე დასცა კარავი თავის სახლიკაცებთან ერთად.
ხოლო იაკობს აღედგა კარავი მთასა მას ზედა, და ლაბან დაადგინა ძმანი თჳსნი მთასა მას ზედა გალაადისა.
26. უთხრა ლაბანმა იაკობს: ეს რა ჰქენი? მომატყუ; და წაასხი ჩემი ასულები, თითქოს მახვილით ნაშოვარი ტყვეები ყოფილიყვნენ.
და ჰრქუა ლაბან იაკობს: რაჲ ესე მიყავ? რაჲსა იდუმალ წარმოივლტოდე? დამპარენ-ცა და წარმოიყუანენ ასულნი ჩემნი, ვითარცა ტყუენი მახჳლითა.
27. უჩუმრად რატომ გაიპარე, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდი.
და თუმცა მითხრა მე, წარმო-მცა-გგზავნე შენ სახიობითა, ბობღნითა და ქნარითა.
28. არ დამაცადე, ჩემი ვაჟები და ასულები გადამეკოცნა; უგუნურად მოიქეცი.
არა ვღირდია ამბორის-ყოფად ყრმათა ჩემთა და ასულთა ჩემთა? ხოლო აწ უგუნურად ჰყავ.
29. გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე, ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო.
და აწცა შემძლებელ არს ჴელი ჩემი ბოროტის-ყოფად შენდა. არამედ ღმერთმან მამისა შენისამან მრქუა მე გუშინ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ბოროტსა.
30. ახლა, წასვლით კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღად მომპარე?
და აწ წარმოსრულ ხარ, გულის თქუმით გულმან გითქუა წარსლვად სახედ მამისა შენისა. გარნა რაჲსათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი?
... და კიდევ 25 მუხლი