დაბადება 27

1. როცა დაბერდა ისაკი და თვალს დააკლდა, დაუძახა ესავს, თავის უფროს შვილს, და უთხრა: შვილო! მიუგო: აქა ვარ!
და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე.

2. უთხრა ისაკმა: აჰა, დავბერდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები.
ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა.

3. აიღე შენი იარაღი, მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე.
აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი.

4. მომიმზადე შეჭამადი, მე რომ მიყვარს, მომიტანე და მაჭამე, რომ გაკურთხოს სულმა ჩემმა, სანამ მოვკვდებოდე.
და მიქმენ მე სანოვაგენი, ვითარ-იგი მე მიყუარს. და მომართუ მე და ვჭამო, რათა გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.

5. ესმოდა რებეკას, ისაკი რომ ელაპარაკებოდა თავის შვილს, ესავს. გავიდა ესავი ველად სანადიროდ ნანადირევის მოსატანად.
ხოლო რებეკას ესმოდა, ეტყოდა რაჲ ისაკ ესავს, ძესა თჳსსა და ვითარცა განვიდა ესავ ველად და ნადირობად ნადირისა მამისათჳს თჳსისა.

6. უთხოა რებეკამ იაკობს, თავის უმცროს შვილს: გავიგონე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა შენს ძმას, ესავს და ეუბნებოდა:
მოუწოდა რებეკა იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა, და ჰრქუა: ესერა, მესმა, ვითარ-იგი ეტყოდა მამაჲ შენი ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა:

7. მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის ნებით, ვიდრე ცოცხალი ვარო.
მინადირე მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.

8. ახლა, გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი:
აწ უკუე, შვილო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გამცნებ შენ

9. წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე; რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი.
და წარვედ არვედ და მომართუენ მიერ ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და კეთილნი.

10. წაუღე მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ.
და უქმნე იგი სანოვაგედ მამასა შენსა, ვითარ-იგი უყუარს მას. და შეართვი იგი მამასა შენსა, ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდილადმდე მისსა.

11. უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია და მე უბანლო ვარ?
ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: არს ესავ, ძმაჲ ჩემი, კაცი ფაჩუნიერი და მე კაცი წყლტუ.

12. ხელი რომ მომისვას მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.
ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიყო წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ.

13. უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიყვანე.
ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი. გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ.

14. წავიდა იაკობი და მოუყვანა დედამისს. მოამზადა დედამისმა შეჭამადი, მამამისს რომ უყვარდა.
ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა.

15. აიღო რებეკამ თავისი უფროსი შვილის, ესავის, ძვირფასი ტანისამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და ჩააცვა იაკობს, თავის უმცროს შვილს.
და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისა, კეთილი, რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა.

16. ხელები და უბანლო კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა.
და ტყავნი იგი თიკანთანი მოხჳნა მკლავთა მისთა და შიშუელსა ქედსა მისსა.

17. მისცა ხელში იაკობს თავისი მომზადებული კერძი და პური.
და მისცა საჭმელი იგი, რომელ ქმნა და პური ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა.

18. მივიდა მამასთან და უთხრა: მამაჩემო! მიუგო: რა იყო? რომელი ხარ, შვილო?
და შეართუა იგი მამასა თჳსსა და ჰრქუა: მამაო და მან ჰრქუა: აჰა, მე, ვინ ხარ შენ, შჳლო?

19. უთხრა იაკობმა მამამისს: ესავი ვარ, შენი პირმშო. გაგიკეთე, რაც მთხოვე. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რომ მაკურთხოს შენმა სულმა.
და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შჳლი შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირებულისა ჩემისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.

20. უთხრა ისაკმა თავის შვილს: რა მალე გიპოვნია, შვილო. უთხრა: უფალი, შენი ღმერთი შემეწია.
ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა.

21. უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, ხელი მოგისვა, შვილო; მართლა ჩემი შვილი ესავი ხარ თუ არა.
ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე მე და ჴელი შეგახო. უკეთუ შენ ხარ შჳლი ჩემი ესავ, ანუ არა.

22. მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისაკს. მან ხელი შეავლო და თქვა: ხმა იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია!
და მიეახლა იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და მან ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე - ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი - ესავისნი.

23. ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბანჯგვლიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი,
და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავის, ძმისა მისისანი, ფაჩუნიერ და აკურთხა იგი.

24. უთხრა: ესავი ხარ, ჩემი შვილი? მიუგო: მე ვარ.
და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი ესავ? და თქუა: მე ვარ.

25. მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა. მიაწოდა, შეჭამა; ღვინო მიუტანა, შესვა.
და ჰრქუა ისაკ: მომართუ მე ნადირებულისა შენისა და ვჭამო, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა და ღჳნოჲ სუა.

26. უთხრა ისაკმა, მამამისმა: მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო.
და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შჳლო.

27. მიუახლოვდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსელის სუნი და აკურთხა შვილი: აჰა, სუნი ჩემი შვილისა ვითარცა სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა!
და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ აკურთხა იგი და თქუა: აჰა ესერა, სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისა, რომელი აკურთხა უფალმან.

28. მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო!
მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ.

29. გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!
და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი, და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ.

30. როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც.
და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით.

... და კიდევ 16 მუხლი