1. დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.
და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე.
2. განურისხდა რახელს იაკობი და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს?
განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა.
3. თქვა ქალმა: აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან.
ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.
4. მისცა ბალა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
და მისცა მას რაქელ ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ.
5. დაორსულდა ბალა და უშვაა იაკობს ვაჟი.
და მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, ღა უშვა ძე იაკობს.
6. მაშინ თქვა რახელმა: განმსაჯა ღმერთმა და კიდევ შეისმინა ჩემი, და მომცა ვაჟი. ამიტომ უწოდა მას სახელად დანი.
და თქუა რაქელ: მისაჯა მე ღმერთმან და ისმინა ვედრებისა ჩემისა და მომცა მე შვილი. ამისთჳს უწოდა სახელი მისი დაან.
7. კიდევ დაორსულდა ბალა, რახელის მხევალი, და უშვა იაკობს მეორე ვაჟი.
და მერმე მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, და შვა ძე მეორე.
8. თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.
და თქუა რაქელ: შემეწია მე ღმერთი და მივესწორე დასა ჩემსა და უწოდა სახელი მისი ლეფთალემ.
9. დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. აიღო და მისცა ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად.
და ვითარცა იხილა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყუანა ზელფა, მჴევალი თჳსი, და მისცა იგი იაკობს ცოლად და შევიდა მისა მიმართ იაკობ.
10. უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს ვაჟი.
და მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და უშვა იაკობს ძე.
11. თქვა ლეამ: ჩემდა ბედად! და უწოდა ვაჟს სახელად გადი.
და თქუა: კეთილ და ბედნიერ, და უწოდა სახელი მის გაად.
12. უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ვაჟი.
და მერმე მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და შვა ძე მეორე.
13. თქვა ლეამ: ჩემდა ნეტარებად! რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები. უწოდა სახელად ვაჟს აშერი.
და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი. და უწოდა სახელი მისი ასერ.
14. გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები; მოუტანა ლეას, თავის დედას. უთხრა რახელმა ლეას: მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები.
განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი.
15. უთხრა ლეამ: არ გეყო, ქმარი რომ წამართვი? ახლა ჩემი შვილის მანდრაგორებსაც მართმევ? უთხრა რახელმა: კარგი, შენთან დაწვეს ამაღამ, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები.
და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო-ა? ჰრქუა მას რაქელ: აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა.
16. დაბრუნდა იაკობი საღამო ხანს მინდვრიდან, გამოეგება ლეა და უთხრა: შემოდი ჩემთან, რადგან გამოგისყიდე ჩემი შვილის მანდრაგორებით, დაწვა მასთან იმ ღამით იაკობი.
შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა. და შევიდა მისა მას ღამესა.
17. უსმინა ღმერთმა ლეას: დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეხუთე ვაჟი.
და ისმინა ღმერთმან ლიასი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძე მეხუთე.
18. თქვა ლეამ: ღმერთმა გადამიხადა სამაგიერო, იაკობს რომ მივეცი ცოლად ჩემი მხევალი. უწოდა სახელად ვაჟს ისაქარი.
და თქუა ლია: მომცა მე ღმერთმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს, რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს სასყიდელი.
19. კიდევ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ვაჟი.
და მიუდგა ლია და უშვა იაკობს, ძე მეექუსე.
20. თქვა ლეამ: კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟიშვილი გავუჩინე. უწოდა სახელად ვაჟს ზებულონი.
და თქუა ლია: მომანიჭა მე ღმერთმან ნიჭი კეთილი. ამიერითგან სათნო-მიყოს მე ქმარმან ჩემმან, რამეთუ უშვენ ძენი ექუსნი. და უწოდა სახელი მისი ზაბულონ.
21. მერე შვა ასული და უწოდა სახელად დინა.
და ამისა შემდგომად შვა ასული და უწოდა სახელი მისი დინა.
22. გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო.
ხოლო მოეჴსენა ღმერთსა რაქელ და შეისმინა მისი და განაღო საშოჲ მისი.
23. დაორსულდა და შვა ვაჟი, თქვა: ღმერთმა ამაშორა სირცხვილს.
მიუდგა და უშვა იაკობს ძე და თქუა რაქელ: მომისპო მე ღმერთმან ყუედრებაჲ ჩემი.
24. უწოდა სახელად იოსები, რადგან თქვა: შემძენს უფალი მეორე ვაჟსაც.
და უწოდა სახელი მისი იოსებ. და თქუა რაქელ: შემძინა მე ღმერთმან შჳლი სხუაჲ.
25. როცა რახელმა იოსები შვა, იაკობმა უთხრა ლაბანს: გამიშვით, წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში.
და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა.
26. გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი ჩემი სამსახური, როგორ გემსახურებოდი.
და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ.
27. უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი ვარ, შენს გამო რომ მაკურთხა უფალმა.
ჰრქუა მას ლაბან: უკეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, ვისმინო, თუ მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა.
28. უთხრა: მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.
და თქუა: განიჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მე მიგცე შენ.
29. უთხრა: შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი.
ჰრქუა მას იაკობ: შენ იცი, რამეთუ გმონე შენ და რაოდენ იყო საცხოვარი შენ ჩემ თანა, რამეთუ მცირედ იყვნეს, რაოდენ-იგი იყვნეს ჩემ წინაშე.
30. რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და დიდძალი შეიქნა. გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის?
და აღგაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან ფერჴსა ჩემსა, აწ უკუე ოდეს-ღა ვიშენო თავისა ჩემისა სახლი.
... და კიდევ 13 მუხლი