1. გავიდა ორი წელიწადი და ესიზმრა ფარაონს სიზმარი: აჰა, დგას იგი ნილოსის პირას.
და იყო, შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთასა ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა.
2. აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში ბალახობს.
და, აჰა ესერა, ვითარცა მდინარისა მისგან გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანნი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა კიდესა.
3. აჰა, შვიდი სხვა ძროხა, შეუხედავი და ხორცდაყრილი, ამოჰყვება მათ ნილოსიდან და გვერდში დაუდგება იმ ძროხებს ნილოსის პირას.
და სხუანი შჳდნი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერ მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა კეთილსახისათა მდინარისკიდესა მას.
4. შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა - და გაეღვიძა ფარაონს.
და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა, ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და კეთილნი ჴორცითა. და არა ცხად იქმნა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათთა. განიღჳძა ფარაო.
5. დაიძინა და კვლავ ესიზმრა: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
და მეორე ჩუენებასა იხილვიდა: აჰა ესერა, შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ერთსა ზედა, რჩეულნი და კეთილნი.
6. აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული, აღმოცენდა მათ შემდეგ.
და მერმე კუალად შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათვე თანა, წულილნი და ხორშაკეულნი.
7. გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი - და გაეღვიძა ფარაონს. აჰა, ეს სიზმარიც.
და შეჭამნეს შჳდთა მათ წულილთა და ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი სავსენი და კეთილნი. და განიღჳძა ფარაო და, აჰა ესერა, იყო იგი ჩუენებაჲ.
8. დილით დაუმძიმდა სული ფარაონს და იხმო ეგვიპტის ყველა მისანი და ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს.
და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა. და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი.
9. მაშინ მიმართა მწდეთუხფცესმა ფარაონს და ასე უთხრა: ახლა მახსენდება ჩემი ცოდვები.
და ეტყოდა ღჳნისმნე იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენო დღეს.
10. ფარაონი განურისხდა თავის მორჩილთ და მიგვცა პატიმრად ქონდაქართუხუცესის სახლში, მე და მეპურეთუხუცესი.
ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, სახლსა მას მზარეულთმოძღურისა, მე და მეპურეთმოძღუარი.
11. ვნახეთ სიზმარი ერთ ღამეს მეც და იმანაც, თითოეულმა საკუთრივ ასახსნელი სიზმარი ვნახეთ.
და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მან. კაცად-კაცადმან ჩუენმან მსგავსად თჳსისაებრ ჩუენებისა ვიხილეთ.
12. ჩვენთან ერთად იყო იქ ერთი ებრაელი ყმაწვილი, ქონდაქართუხუცესის მორჩილი. ვუამბეთ მას და მანაც აგვიხსნა სიზმრები, თითოეულს ჩვენ-ჩვენი სიზმრის მიხედვით აგვიხსნა.
და იყო მუნ ჩუენ თანა ჭაბუკი ებრაელი, მონაჲ მზარაულთა მოძღურისაჲ, და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი და განგჳმარტა ჩუენ.
13. და როგორც აგვიხსნა, ისეც აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა ფარაონმა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა.
და ვითარცა განგჳმარტა ჩუენ, ეგრეცა იყო: მე კუალად მოვედ ჩემსავე ამას პატივსა, ხოლო იგი დამოეკიდა ძელსა და მოკუდა.
14. გაგზავნა კაცი ფარაონმა და იხმო იოსები; ისიც სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან, გაიპარსა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.
მიავლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყუანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა.
15. უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა მისი ამხსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს, ახსნაც შეუძლიაო.
და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.
16. მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: მე რა შემიძლია, ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას.
მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა.
17. უამბო ფარაონმა იოსებს: მესიზმრა, აჰა, ვდგავარ ნილოსის პირას.
ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა.
18. აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი ხორცსავსე და ლამაზი ძროხა და ლერწმიანში ბალახობს.
და ვითარცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა.
19. აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანო და ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ; მთელს ეგვიპტეში მათზე უგვანი არაფერი მინახავს.
და მერმე კუალად სხუანი ზროხანი შჳდნი აღმოვიდოდეს, შემდგომად მათსა მიერ-ვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ, არა სადა მეხილვნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა უუშვერესი.
20. შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი ხორცსავსე ძროხა.
და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი და რჩეულნი.
21. შევიდნენ მათ მუცელში, მაგრამ არ ეტყობოდათ, რომ მათ მუცელში იყვნენ შესული; ისეთივე მჭლენი დარჩნენ, როგორიც მანამდე იყვნენ. და გამეღვიძა.
და შევიდეს მუცელთა მათთა და არა რაჲ აჩნდა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათ თანა. და პირნი მათნი საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი პირველ.
22. ვიხილე სიზმრად, აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
განვიღჳძე და კუალად დავიძინე. და ვიხილე მერმე ჩუენებასა: და ვითარცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, სავსენი და კეთილნი.
23. აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ.
და მერმე კუალად სხუანი შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ თანავე.
24. ჩაყლაპეს თავთავებმა შვიდი საღი თავთავი. ვუამბე მისნებს, მაგრამ შემტყობარი არავინ იყო.
და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი, კეთილნი და სავსენი. უთხარ ესე გამომეტყუელთა და არა ვინ არს. რომელმან-ცა მითხრა მე.
25. უთხრა იოსებმა ფარაონს: ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები. რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნო ფარაონს:
ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს: რაოდენი ღმერთსა ეგულების ყოფად, უჩუენა ფარაოს:
26. შვიდი საღი ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელიწადია. ერთი და იგივე სიზმარია ეს.
შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსა ორი-ვე ერთ არს.
27. მათ შემდეგ ამოსული შვიდი მჭლე და უგვანო ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავი შიმშილობის შვიდი წელიწადია.
შჳდნი იგი ზროხანი, რომელნი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი არიან; და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი წულილნი და ხორშაკეულნი - იყოს შჳდ წელ სიყმილი.
28. ეს იყო, ფარაონს რომ ვუთხარი, რის ქმნასაც აპირებს ღმერთი, ფარაონს თავად ახილვინა-მეთქი.
ხოლო სიტყუაჲ იგი რომელ ვარქუ ფარაოს, რაოდენი ღმერთსა ეგულების, უჩუენა ფარაოს.
29. აჰა, მოვა შვიდი უხვმოსავლიანი წელიწადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
აჰა ესერა, შჳდნი წელნი მოვლენან ნაყოფიერებისა დიდისანი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
30. მას შემდეგ დადგება შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, გაქრება ბარაქა ეგვიპტეში და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას.
და მოიწინენ შჳდნი წელნი სიყმილისანი შემდგომად მისა და დაივიწყონ ნაყოფიერებაჲ იგი მაძღრობისა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და აღჴოცოს სიყმილმან ქუეყანაჲ.
... და კიდევ 27 მუხლი