1. მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა; ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.
და იყო აბრაჰამ მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამ ყოვლითა-ვე.
2. უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახლთუხუცესს, მთელი თავისი ქონების განმგებელს: საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი.
და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა მისისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა.
3. გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ;
და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა, რათა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე დამკჳდრებულ ვარ მათ შორის.
4. არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს.
არამედ ქუეყანით ჩუენით, ვინა-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ.
5. უთხრა მორჩილმა: თუ არ წამომყვა ის ქალი ამ ქვეყანაში, ხომ არ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყნად, საიდანაც შენ გამოხვედი?
ჰრქუა მას მონამან მან უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ?
6. უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.
ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ.
7. უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენს შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის.
უფალმან ღმერთმან ცისამან და ღმერთმან ქუეყანისამან, რომელმან გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელ-იგი მეტყოდა მე და მეფუცა და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მუნით.
8. თუ არ წამოგყვა ქალი, თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისგან, ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი.
ხოლო უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვაჲ ჩუენ თანა ქუეყანასა ამას, უბრალო იყო შენ ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ
9. ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
და დასდვა ჴელი მონამან მან წყჳლთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა ამისთჳს.
10. გამოიყვანა მორჩილმა ათი აქლემი თავისი პატრონის ჯოგიდან და გაუდგა გზას; მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
და წარიყუანა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოვლისაგან კეთილისა უფლისა თჳსისა თავისა თჳსისა თანა და აღდგა და წარვიდა შუამდინარედ ქალაქად ნაქორისაჲ.
11. ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს.
და დააწვინნა აქლემნი იგი გარეშე ქალაქსა ჯურღმულსა მას თანა მიმწუხრი, რაჟამს გამოვლენედ მერწყულნი.
12. თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!
და თქუა: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.
13. აჰა, ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად.
აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა.
14. თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები, რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს.
და იყოს ქალწული. რომელსა ვჰრქუა მე: მომიდრიკე მე სარწყული შენი, რათა ვსუა მე. ხოლო მან მრქუას: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით ვცნა, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.
15. ვიდრე ამის თქმას მოასწრებდა, აჰა, გამოვიდა მხარზე კოკაშედგმული რებეკა, რომელიც შესძენოდა ბათუელს, მილქასა და აბრაამის ძმის, ნახორის ვაჟიშვილს.
და ვიდრე აღსრულებადმდე სიტყუათა ამათ გონებასა შინა. მუნთქუეს-ვე რებეკა გამოვიდოდა, შობილი ბათოელისი, ძისა მელქასი, ცოლისა ნაქორისა, ძმისა აბრაჰამისაჲ, და აქუნდა სარწყული მჴართა თჳსთა.
16. ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.
ხოლო ქალწული შუენიერ იყო ხილვითა ფრიად, და ქალწული იყო, მამაკაცი არა უწყოდა მან. და შთავიდა წყაროსა მას და აღმოავსო სარწყული და აღმოვიდა.
17. გაიქცა მისკენ მორჩილი და უთხრა: ცოტა წყალი დამალევინე შენი კოკიდან.
ხოლო მირბიოდა ყრმაჲ მიგებებად მისსა და ჰრქუა მას: მეც მე წყალი, ისწრაფა და გარდამოიღო სარწყული იგი მისგან.
18. უთხრა ქალმა: დალიე ბატონო. ჩამოიღო კოკა და თავისი ხელით შეასვა წყალი.
და თქუა: სუ, უფალო. და ასუა.
19. შეასვა თუ არა, უთხრა: შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.
ვიდრე განძღებოდა სმითა. და თქუა: აქლემთაცა შენთა ვასუა, ვიდრემდის ყოველთა სუან.
20. უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.
ისწრაფა და წარმოაცალიერა სარწყული ისარნებსა შინა. და მირბიოდა მერმეცა ჯურღმულისა მიმართ აღმოვსებად წყლისა და ასვა ყოველთავე აქლემთა.
21. კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.
ხოლო კაცი შეისწავლიდა მას და ზომდა ცნობად, უკუეთუ კეთილ-ყო ღმერთმან გზაჲ მისი, ანუ არა.
22. როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ერთბეკაყიანი ოქროს საყურე და ათბეკაყიანი ორი ოქროს სამაჯური.
და იყო, ვითარცა დასცხრეს ყოველნი აქლემნი სმისაგან, მოიხუნა კაცმან საყურნი ოქროჲსანი თითოჲ დიდრაქმისა საწონისანი და ორნი სალტენი ჴელთა მისთა ოქროჲ საწონი მათნი.
23. უთხრა: ვისი შვილი ხარ? მითხარი, თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის?
და ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად.
24. უთხრა ქალმა: ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა.
და ჰრქუა მან მას: ასული ბათოელისი ვარ მე მელქაჲსისაჲ, რომელი უშვა მან ნაქორს.
25. კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც.
და ჰრქუა მას: ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა და ადგილი დავანებად.
26. მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
და სთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა.
27. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს.
და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან, მე მომიძღუა უფალი სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა
28. გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავისი დედის სახლში შეატყობინა ეს ამბავი.
და მირბიოდა ქალი და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ.
29. ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. გაიქცა გარეთ ლაბანი იმ კაცისკენ, წყაროსთან.
ხოლო რებეკას ძმაჲ იყო, რომლისა სახელი ლაბან. და მირბიოდა კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა.
30. როცა დაუნახა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები და მოისმინა თავისი დის, რებეკას, მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას, წყაროს პირას.
და იყო ვითარცა იხილნა სალტენი და საყურნი ჴელთა ზედა დისა თჳსისათა, რამეთუ ესმნეს სიტყუანი დისა მისისა რებეკას მეტყუელისანი: ესრეთ მეტყოდა მე კაცი, და მოვიდა კაცისა მომართ, დგა რა იგი აქლემთა თანა წყაროსა ზედა.
... და კიდევ 37 მუხლი