რიცხვნი 31

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2. იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისგან, მერე კი შეერთე შენს ხალხს.
შურს-იგებდ შურისგებასა ძეთა ისრაჱლისათასა მადიანელთაგან და უკანაჲსკნელთა შეეძინო ერსა შენსა.

3. ასე ელაპარაკა მოსე ხალხს: საბრძოლოდ დარაზმეთ თქვენი ხალხი და დაესხან მიდიანს, რომ უფლის შური მიაგონ მიდიანს.
და ეტყოდა მოსე ერსა მას და ჰრქუა: შეიჭურენით თქუენგანნი კაცნი წყობად წინაშე უფლისა მადიამსა ზედა მიგებად უფლისა მიერ მადიამსა.

4. ათას-ათასი კაცი თითო შტოდან, ისრაელის ყოველი შტოდან გაგზავნეთ სალაშქროდ.
ათასი ნათესავთაგანი ისრაჱლისათა მიავლინნით წყობად მათა.

5. გაწვეული იქნა ისრაელის ათასეულებისგან ათასათასი კაცი თითო შტოდან, სულ თორმეტი ათასი სალაშქროდ დარაზმული კაცი.
და აღრაცხუნეს ათასეულთაგანნი ისრაჱლისანი ათასი ნათესავისაგან ათორმეტი ათასი ჭურვილი წყობად.

6. გაგზავნა ისინი მოსემ, ათასი კაცი თითო შტოდან, სალაშქროდ, აგრეთვე ფინხასი, ელეაზარ მღვდლის შვილი, სალაშქროდ წმიდა ჭურჭლითა და საყიჟინო საყვირებით ხელში.
და წარავლინნა იგინი მოსე ათასი ნათესავისაგან და ათასი ნათესავისაგან ძალითურთ მათით და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა არრონ მღდელისა და ჭურჭლები წმიდაჲ და ნესტუები უწყებისაჲ ჴელთა შინა მათთა.

7. გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, და დახოცეს ყველა მამრი.
და ეწყვნეს მადიამსა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და მოსრეს ყოველი მამაკაცი.

8. დახოცილებში იყვნენ მიდიანის მეფეები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება - ხუთი მიდიანელი მეფე. აგრეთვე მოკლეს მახვილით ბალაამი, ბეყორის ძე.
და მეფე მადიამისაჲ მოკლეს წყლულებასა თანა მათსა და ეფი და სურ, და ჰროკუმ, და ურ და, ჰრუბო - ხუთნი მეფენი მადიამისანი და ბალაამ, ძე ბეორისი, მოკლეს მახჳლითა წყლულებასა შორის მათსა.

9. ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და ბავშვები და მთელი მათი საქონელი. მოიალაფეს მთელი მათი ქონება და დოვლათი.
და წარმოტყუენეს დედები მადიამისაჲ, და ჭურჭლები მათი, და საცხოვარი მათი და ყოველი მონაგები მათი. და ყოველი ძალი მათი წარმოტყუენეს.

10. ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა.
და ყოველი ქალაქები მათი საყოფლისა მათისაჲ და ბოსლები მათი მოწუეს ცეცხლითა.

11. აიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაალაფარი კაციდან პირუტყვამდე.
და წარმოიღეს ყოველი ნატყუენავი მათი კაცითგან მიპირუტყუადმდე.

12. მივიდნენ მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა საზოგადოებასთან ტყვეებით, ნაალაფარითა და ნადავლითურთ, ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანის ნაპირას, იერიქონის პირდაპირ.
და მოიღეს მოსესა და ელიაზარ მღდელისა და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა ტყუჱ და ყოველი წარმონაღები და ნატყუენავი ბანაკად არაბოთდ მოაბდ, რომელ არს იორდანესა ზედა იერირქოჲთ კერძო.

13. გავიდნენ ბანაკიდან მათ შესახვედრად მოსე, ელეაზარ მღვდელი და საზოგადოების მთელი თავკაცობა.
და გამოვიდა მოსე და ელიაზარ მღდელი და ყოველნი მთავარნი კრებულისანი წინამიგებებად მათა გარეშე ბანაკსა.

14. განურისხდა მოსე ჯარის. უფროსებს, ათასისთავებს და ასისთავებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მობრუნდნენ.
და განრისხნა მოსე განმგებელთა მათ ზედა ძალისათა ათასისთავთა და ასისთავთა, რომელ მოვიდეს წყობით ბრძოლისაჲთ.

15. უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?
და ჰრქუა მათ მოსე: რად აცხოვნეთ ყოველი ნეზჳ?

16. განა მათი მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს, როგორც თქვა ბალაამმა, და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც მოხდა განადგურება უფლის საზოგადოებაში?
რამეთუ იგინი იყუნეს ძეთათჳს ისრაჱლისათა სიტყჳთა ბალაამისითა განდგომად და შეურაცხებად სიტყჳსა უფლისა ფოგორისათჳს. და იყო გუემაჲ კრებულსა ზედა უფლისასა.

17. ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით.
და აწ მოკალთ ყოველი მამაკაცი ყოველსა სოფელსა, ყოველი დედაკაცი, რომელმან უწყის საწოლი მამაკაცისაჲ, მოწყჳდეთ.

18. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.
და ყოველი კრებული დედებისაჲ, რომელთა არა იციან საწოლი მამაკაცისაჲ, აცხოვნენით იგინი.

19. შვიდ დღეს ბანაკის გარეთ დარჩით. ყველანი, ვინც კაცი მოკლა, ან ვინც მოკლულს მიეკარა, მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გაწმიდავდით თქვენ და თქვენი ტყვეები.
და თქუენ დაიბანაკეთ ბანაკსა გარეშე შჳდ დღე და ყოველი, რომელი მოჰკლვიდა და შეეხებოდა წყლულსა, განწმიდნეს დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა თქუენ და ნატყუენავი თქუენი.

20. მთელი ტანისამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, ყველაფერი, რაც თხისურისგან არის ნაკეთები და ხის ყოველი ჭურჭელი, უნდა გააწმიდაოთ.
და ყოველი სამოსელი და ყოველი ჭურჭელი ტყავისაჲ და ყოველი საქმარი თმისაჲ და ყოველი ჭურჭელი ძელისაჲ განსწმიდოთ.

21. უთხრა ელეაზარ მღვდელმა მოლაშქრეებს, რომლებიც ომში იყვნენ ნამყოფი: ეს არის რჯულის კანონი, რომელიც ნაანდერძევი აქვს უფალს მოსესთვის.
და ჰრქუა ელიაზარ მღდელმან კაცთა მათ ძალისათა, რომელ მოვიდოდეს წყობით ბრძოლისაჲთ: ესე არს სამართალი შჯულისაჲ, რომელ უბრძანა უფალმან მოსეს.

22. ოღონდ ოქრო-ვერცხლი, სპილენძი, რკინა, თუთა და ტყვია,
გარნა ოქროჲსა და ვეცხლისა და რვალისა და რკინისა და ტყჳვისა და ბრპენისა.

23. ყოველი ნივთი, რომელიც უძლებს ცეცხლს, გაატარეთ ცეცხლში და გაწმინდავდება. გამაწმიდავებელი წყლითაც გააწმიდავეთ. ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყალში გაავლეთ.
ყოველი, რომელ შევალს ცეცხლსა და განწმიდნეს იგი, წყლითა მით განსაწმედელთა განწმიდნეს და ყოველი, რომელი არა შევალს ცეცხლსა, შევიდეს იგი წყალსა.

24. გაირეცხეთ ტანისამოსი მეშვიდე დღეს და გაწმიდავდით. ამის მერე შედით ბანაკში.
და განირცხეთ სამოსელი თქუენი დღესა მეშჳდესა და განსწმიდნეთ, და შემდგომად ამისა შეხჳდეთ ბანაკად.

25. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

26. აღრიცხეთ ნადავლი კაციდან პირუტყვამდე შენ, ელეაზარ მღვდელმა და საზოგადოების მამამთავრებმა.
მოიღე თავსნიერი წარმონაღებისა მის ნატყუენავისაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე შენ და ელიეზერ მღდელმან და მთავართა ტომთა კრებულისათა.

27. შუაზე გაუყავი ნადავლი ლაშქრობაში ნამყოფ მეომრებს და მთელს საზოგადოებას.
და განყავთ ნატყუენავი იგი შორის მბრძოლთა მათ, რომელ განვიდეს წყობად და შორის ყოვლისა კრებულისა.

28. გამოართვი უფლისთვის ხარკი ლაშქრობაში ნამყოფ მებრძოლებს თითო სული ხუთასზე - ადამიანიდან და პირუტყვიდან, სახედრებიდან და ცხვრებიდან.
და გამოჰყოთ ზუერი უფლისა კაცთა მათგან მბრძოლთა, რომელ გამოვიდეს წყობად სული ერთი ხუთასისაგან - კაცთაგანი და ყოველთაგან საცხოვართა - ზროხათაგანი და ცხოვართაგანი და თხათაგანი.

29. აიღე ეს მათი ნახევრიდან და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო ძღვენი.
და ზოგი მათგანი მოიღოთ და მისცეთ ელიაზარს მღდელსა თავსნიერი უფლისა.

30. ისრაელიანთა ნახევრიდან კი აიღე თითო წილი ორმოცდაათზე, ადამიანიდან, პირუტყვიდან, სახედრებიდან, ცხვრებიდან, საქონელიდან და მიეცით ეს ლევიანებს, რომლებიც უფლის კარვის სამსახურს ასრულებენ.
და ზოგისაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოიღო ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და ზროხისაგანი და ცხოვარისაგანი და ვირთაგანი და ყოვლისაგან საცხოვრისა და მისცე იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვენ ჴუმილვასა კარავსა შინა უფლისასა.

... და კიდევ 24 მუხლი