1. წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.
2. შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?
და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?
3. განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში.
ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.
4. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში.
ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.
5. და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა.
და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.
6. უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ.
და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ.
7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.
და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.
8. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით:
და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი.
9. არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს.
და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი.
10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან.
და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე.
11. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.
და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის.
12. და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად.
და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ.
13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.
და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.
14. ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში.
და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მისნი თანა.
15. სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
და სხუანი იტყოდეს: ელია არს გინა ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ.
16. ხოლო ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა.
ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით.
17. ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შეკრა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, ცოლად რომ შეერთო მას.
რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად.
18. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი.
რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი.
19. ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო.
ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა.
20. რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.
რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა.
21. მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს;
და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა,
22. გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და მოგცემო.
და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ.
23. და შეჰფიცა: რაც უნდა მთხოვო, მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო.
და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა.
24. ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი.
ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.
25. მსწრაფლ შემობრუნდა მეფესთან და უთხრა: მინდა ახლავე მომართვა ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.
და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.
26. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ვერ იკადრა გაეწბილებინა იგი.
და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის.
27. მაშინვე გაგზავნა თავისი მცველი და უბრძანა მოეტანა იოანეს თავი.
და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი.
28. ისიც წავიდა, თავი მოჰკვეთა მას საპყრობილეში და ლანგრით მიართვა ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს.
ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.
29. ეს რომ გაიგეს, იოანეს მოწაფეები წავიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში.
და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა.
30. შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ.
და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.
... და კიდევ 26 მუხლი