1. ინათა თუ არა, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებსა და მთელ სინედრიონთან ერთად. შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს.
და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს.
2. პილატემ ჰკითხა მას: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.
და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ.
3. მღვდელმთავრები ბევრ რასმე სდებდნენ ბრალად.
და შეასმენდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი ფრიად.
4. ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას: რატომ არაფერს იტყვი პასუხად? ხედავ, რამდენ რასმე გწამებენ?
ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არარას მიუგება? აჰა რაოდენსა შეგწამებენ შენ!
5. მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს.
ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, ვიდრემდის უკჳრდაცა პილატეს.
6. ხოლო ყოველ დღესასწაულზე ათავისუფლებდა იგი ერთ პატიმარს, რომელსაც სთხოვდა ხალხი.
და რაჲ დღესასწაულ მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოიან.
7. და იყო მაშინ ვინმე ბარაბა, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას.
ხოლო იყო ვინმე ბარაბა მეშფოთეთა თანა კრული, რომელსა შფოთსა შინა კაცი ეკლა.
8. მოვიდა ხალხი და დაუწყო იმისი თხოვნა, რასაც პილატე ყოველთვის უსრულებდა მათ.
და ღაღატ-ყო ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის.
9. ხოლო პილატემ მიუგო და უთხრა მათ: თუ გნებავთ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.
ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ?
10. რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი.
რამეთუ იცოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი მღდელთა-მოძღუართა მათ.
11. მაგრამ მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რათა უმალ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის.
ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ აღძრეს ერი იგი, რაჲთა ბარაბა მიუტეოს მათ.
12. ხოლო პილატემ მიუგო და კვლავ უთხრა მათ: კი მაგრამ, რა გსურთ, რა ვუყო იმას, ვისაც იუდეველთა მეფეს უწოდებთ?
ხოლო პილატე მერმეცა მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲ უკუე გნებავს ყოფად, რომელსა-ესე იტყჳთ მეუფედ ჰურიათად?
13. ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!
ხოლო მათ კუალად ღაღატ-ყვეს და ჰრქუეს: ჯუარს-აცუ ეგე.
14. პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!
ხოლო პილატე ეტყოდა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? და იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე.
15. მაშინ პილატემ, ხალხის მოსამადლიერებლად, გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.
ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაჲ, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.
16. ჯარისკაცებმა შიდა ეზოში, ანუ პრეტორიუმში შეიყვანეს იგი, და შეკრიბეს მთელი რაზმი.
ხოლო სტრატიოტთა მათ შეიყვანეს იგი შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი, და შეკრიბეს ყოველივე იგი თესლები.
17. შემოსეს ძოწეულით, დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს.
და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული ეკალვაგან გჳრგჳნი.
18. და დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!
და იწყეს მოკითხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!
19. თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ.
და სცემდეს მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყუვიდეს მას და დაიდგნიან მუჴლნი და თაყუანის-სცემედ მას.
20. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი.
და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ძოწეული იგი და შეჰმოსეს თჳსივე სამოსელი და განიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.
21. და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.
და პაჰრაკად წარიყვანეს თანა-წარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამაჲ ალექსანდრესი და როფესი, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.
22. მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.
და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი.
23. და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.
და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღჳნოსა, ხოლო მან არა მიიღო.
24. ჯვარს აცვეს იგი და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი: ვის რა შეგვხვდებაო.
და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს.
25. ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.
ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი.
26. და მისი ბრალი ამ წარწერით იყო გადმოცემული: იუდეველთა მეფე.
და იყო ზედაწერილი ბრალისა მისისაჲ ესრეთ დაწერილი: ესე არს მეუფჱ ჰურიათაჲ.
27. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.
და მის თანა ჯუარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით მისა.
28. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო.
და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა.
29. ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ: ეჰა, ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო!
და თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას და ყრიდეს თავთა და იტყოდეს: ეჰა, რომელი დაარღუევდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშჱნებდ,
30. იხსენი შენი თავი; ჩამოდი ჯვრიდან!
იჴსენ თავი თჳსი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით.
... და კიდევ 17 მუხლი