სახარება მარკოზისაგან 14

1. ორი დღის შემდეგ იყო პასექისა და უფუარობის დღესასწაული. და მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ შეეპყროთ მზაკვრთბით და მოეკლათ იგი.
ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.

2. მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო.
ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ.

3. ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას.
და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა.

4. ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა?
იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის?

5. ვინაიდან შეიძლებოდა სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.
რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.

6. ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა.

7. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.

8. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად.
რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაცხებელითა ცხებად ჴორცთა ჩემთა დასაფლველად ჩემდა.

9. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.
ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელიცა-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა.

10. და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან მის გასაცემად.
და იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წარვიდა მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ, რაჲთა მისცეს იგი მათ.

11. ხოლო მათ, ეს რომ გაიგეს, გაიხარეს და ვერცხლი აღუთქვეს მას. ის კი ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა გაეცა იგი.
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მისგან, განიხარეს და აღუთქუეს მას მიცემად ვეცხლი. და ეძიებდა, ვითარმცა ჟამსა მარჯუესა მისცა იგი მათ.

12. უფუარობის პირველ დღეს, როცა სწირავდნენ საპასექე კრავს, მოწაფეებმა უთხრეს: სად გნებავს, წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?
და პირველსა მას დღესა უცომოებისასა, ოდეს პასექსა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს იესუს მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, წარვიდეთ და მოგიმზადოთ შენ, რაჲთა სჭამო ვნებაჲ ესე?

13. გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით ქალაქში და შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; მას გაჰყევით.
და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზე ედგას, და შეუდეგით მას, ვიდრეცა შევიდეს.

14. სადაც შევა, უთხარით იმ სახლის პატრონს: მოძღვარი ამბობს: სად არის დარბაზი, სადაც ჩემს მოწაფეებთსნ ერთად ვჭამ პასექს?
და არქუთ სახლისა უფალსა მას, ვითარმედ: მოძღუარი იტყჳს: სადა არს სავანე, სადა-იგი პასექი მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?

15. ის გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს, იქ მოგვიმზადეთ.
და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი დაგებული და მომზადებული; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.

16. წავიდნენ მისი მოწაფეები, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა იესომ, და მოამზადეს პასექი.
და გამოვიდეს მოწაფენი მისნი და მოვიდეს ქალაქად და პოვეს ეგრეთ, ვითარცა ჰრქუა მათ იესუ, და მოჰმზადეს ვნებაჲ იგი.

17. მწუხრის ჟამს მივიდა თორმეტთან ერთად.
და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა მათ თანა.

18. როცა ინახად ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.
და ვითარ ინაჴით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა.

19. ხოლო ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ დაუწყეს კითხვა მას: მე ხომ არაო?
ხოლო მათ იწყეს მწუხარებად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუუკუე მე ვარ? და სხუამან თქჳს: ნუუკუე მე ვარ?

20. მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს პინაკსა ამას ჴელი ჩემ თანა, იგი მიმცემს მე.

21. და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი.
ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ არს მის კაცისა, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უკეთეს იყო მისა, უკუეთუმცა არა შობილ იყო კაცი იგი.

22. ჭამისას აიღო პური იესომ, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: აიღეთ, ჭამეთ; ეს არის ჩემი ხორცი.
და ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი.

23. აიღო სასმისი, აკურთხა და მისცა მათ; და სვამდნენ ყველანი იმით.
და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგან ყოველთა.

24. უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული.
და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, მრავალთათჳს დათხეული.

25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს ღმრთის სასუფეველში.
ხოლო ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა ღმრთისასა.

26. იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.

27. უთხრა მათ იესომ: ამაღამ ყველანი შეცდებით ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ცხვრები.
და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი.

28. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში.
არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად.

29. პეტრემ უთხრა: შეიძლება ყველანი შეცდნენ, მაგრამ მე - არა.
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე.

30. მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე.
ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე.

... და კიდევ 42 მუხლი