ლევიანნი 25

1. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა:
და ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა და ჰრქუა მას:

2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, იუქმოს მიწამ შაბათი უფლისათვის.
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ, დაიპყრათ ქუეყანაჲ იგი, რომელ მე მიგცემ თქუენ და ჰყოფდით თქუენ შაბათად უფლისა.

3. ექვს წელიწადს თესავდე შენს ყანას, ექვს წელიწადს სხლავდე შენს ვენახს და იღებდე მოსავალს.
ექუს წელ სთესო ყანაჲ შენი და ექუს წელ მოსთულო ვენაჴი შენი და შეიკრიბო ნაყოფი შენი,

4. მეშვიდე დღეს კი საუქმო შაბათია მიწისათვის, უფლის შაბათი. ყანა არ დათესო და ვენახი არ გასხლა.
ხოლო წელსა მეშჳდესა შაბათი განსუენებაჲ იყოს ქვეყანისაჲ - შაბათი უფლისა: ყანაჲ შენი არა სთესო და ვენაჴი შენი არა განსხლა.

5. ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ყურძენი არ მოკრიფო. უქმი წელიწადი იყოს მიწისათვის.
და თჳთ აღმოსრული სამკალისა შენისაჲ არა მომკო და ყურძენი სიწმიდისა შენისაჲ არა მოსთულო, წელიწად განსუენებისა არს ქუეყანისა.

6. მიწის უქმობის დროს გქონდეთ საჭმელად შენ და შენს ყმას, შენს ყმაქალს, ქირისკაცს და მდგმურს, რომელიც შენთან დგას,
და იყოს შაბათი ქუეყანისაჲ თქუენდა და საჭმლად შენდა და მონისა შენისა და სასყიდლითდადგინებულისა შენისა და შემყოფისა მის, რომელი მოსრულ იყოს შენდა.

7. შენს პირუტყვს და ცხოველებს, რომლებიც შენს მიწაზე არიან, მთელი მოსავალი გქონდეთ საჭმელად.
და საცხოვართა შენთა და მჴეცთა ქუეყანისა შენისათა იყოს ყოველივე ნაყოფი მისი საჭმელად.

8. გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი.
და აღირაცხო თავისა შენისა შჳდი განსუენებაჲ წელთა მათ, შჳდი წელი შჳდგზის, და იყუნენ შენდა შჳდნი იგი შჳდეულნი წელიწადთანი ორმეოცდაცხრა წელ.

9. დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში, თვის მეათე დღეს; შენდობის დღეს დაჰკარით ბუკს მთელს თქვენს ქვეყანაში.
და მიმოდასდვათ ნესტჳსა ჴმითა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დღესა მას ლხინებისსა, მიმოაუწყეთ ნესტჳთა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა.

10. წმიდაჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი.
და წმიდა-ყავთ წელი იგი მეერგასისე წელიწადი, მიმოითქუას მიტევებაჲ იგი ქუეყანასა ყოველსა დამკჳდრებულსა მას ზედა, წელიწადი მიტევებისაჲ შესაწირავებისა მისისაჲ იყოს თქუენდა. და წარვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა და კაცად-კაცადი - მამულსა თჳსსა.

11. ზეიმი იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი. არ თესოთ და არ მკათ ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული, არ მოკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან.
წარხჳდეთ, მიტევებაჲ უწყებისაჲ ესე იყოს თქუენდა. და წელი მეერგასისე წელიწადი იყოს თქუენდა, არა სთესოთ, არცაღა ლეწოთ ნეფსით აღმოსრული მისი და არცა მოსთულოთ განწმედილი იგი მისი.

12. რადგან ზეიმია ეს, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის. ყანიდან ჭამეთ მისი მოსავალი,
რამეთუ მიტევებაჲ უწყებისაჲ არს, წმიდა იყოს თქუენდა, ველთაგან ჰჭამდეთ შობილსა მისსა.

13. ამ ზეიმის წელს დაუბრუნდეს კაცი თავის სამკვიდრებელს.
წელსა მას მიტევებისასა კუალად მოვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა.

14. როცა რაიმეს მიჰყიდი შენს თვისტომს ან რამეს იყიდი შენი თვისტომისგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს.
უკუეთუ მისცე სასყიდელად მოყუასსა შენსა აგარაკი და მოიგო მოყუსისაგან შენისა, ნუმც ვინ აჭირებს კაცი მოყუასსა თჳსსა.

15. ზეიმის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი თვისტომისგან, მოსავლის აღების წლების ანგარიშით მოგყიდოს.
და მსგავსად რიცხუთა მათ წელიწადისათა შემდგომად სასწაულისა მის დღისა მოიგე მოყუსისაგან, რიცხჳსაებრ წელიწადისა ნაყოფთაჲსა მოგცეს შენ.

16. თუ ბევრია წლები, გაზარდე ფასი; თუ მცირეა წლები, დაუკელი ფასს, რადგან მოსავლის ანგარიშით მოგყიდის.
რაოდენცა უმრავლეს წელთა მათ განამრავლოს მოგებაჲ მისი, გინათუ რაოდენ მოკლებისა წელთა მათ დააკლოს მოგებაჲ იგი მისი, რამეთუ, ვითარცა რიცხჳ ნაყოფთაჲ, ეგრევე მოგცეს შენ.

17. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და გეშინოდეს შენი ღვთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ნუ ვინ აჭირვებნ კაცი მოყუასსა თჳსსა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

18. შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში.
და ყავთ ყოველივე მსჯავრი ჩემი და დაიმარხეთ და ყავთ იგი და დაემკჳდრნეთ ქვეყანასა ზედა სასოებით.

19. მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღრისად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ იქ.
და გამოსცეს ქუეყანამან ნაყოფი მისი და ჰჭამდეთ მაძღრივ და დაემკჳდრნეთ სასოებით მას ზედა.

20. თუ იკითხავთ, რა ვჭამოთო მეშვიდე წელს, თუ არ დავთესეთ და თუ არ ავიღეთო მოსავალი,
უკუეთუ სთქუათ, რაჲ ვჭამოთ წელსა მას მეშჳდესა, უკუეთუ არა ვსთესოთ და არა შევიკრიბოთ ნაყოფი ჩუენი.

21. ვბრძანებ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს და მოიყვანს მოსავალს სამი წლისთვის.
და მოვავლინო კურთხევაჲ ჩემი თქუენ ზედა წელსა მას მეექუსესა და ყოს ნაყოფი მისი სამისა წლისაჲ.

22. დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ, ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს.
და სთესოს წელსა მას მერვესა და ჰჭამდეთ ნაყოფთა მათგან ძუელთა ვიდრე მეცხრედ წლადმდე, ვიდრემდე მოჴდეს ნაყოფი მისი, ჰჭამდეთ ძუელისძუელსა.

23. მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან.
და ქუეყანაჲ არა განჰყიდოთ სრულიად, რამეთუ ჩემი არს ქუეყანა, რამეთუ მწირ და მსხემ ხართ თქუენ წინაშე ჩემსა.

24. მთელ თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.
და ყოველსავე ქუეყანასა, რომელი გიპყრიეს თქუენ, საჴსარი მოსცით ქუეყანისაჲ.

25. თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაჰყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული.
უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი, რომელ არს შენ თანა და განყიდოს ქუეყანისა მისისაგანი და მოვიდეს ნათესავი, რომელი მახლობელ იყოს მისა და იჴსნეს განსყიდული იგი ძმისა თჳსისაჲ.

26. თუ კაცს გამომსყიდველი არა ჰყავს და თავად ხელი მიუწვდება და იშოვის გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა,
უკუეთუ ვისმე არა ესუას ნათესავი და პოვნიერ იყოს ჴელითა და ეპოვოს მას ნოყიერად საჴსრად მისა.

27. იანგარიშოს გაყიდვიდან გასული წლები, მონარჩენი მყიდველს დაუბრუნოს და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს.
და შეჰრაცხოს წელი იგი განსყიდისა მისისაჲ და მისცეს, რომელი-იგი აქუს კაცსა მას, რომელსა მიჰყიდა იგი და წარვიდეს ქუეყანასა მას მკჳდრობისა თჳსისასა.

28. თუ გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, ვერ იშოვნის, გაყიდული მის მყიდველს დარჩება ზეიმის წლამდე. ზეიმის წელს ჩამოერთმევა და პატრონი თავის სამკვიდრებელს დაუბრუნდება.
უკუეთუ ვერ პოვნიერ იყოს ჴელი მისი კმა-ყოფად, რათამცა მისცა მას და იყოს სასყიდელი მომგებელისა მისისაჲ ვიდრე წლადმდე მიტევებისა, და გამოვიდეს მიტევებასა მას და წარვიდეს ქუეყანასა თჳსსა.

29. თუ კაცი გალავნიან ქალაქში საცხოვრებელ სახლს გაყიდის, გაყიდვიდან ერთი წლის გასვლამდე შეეძლება გაყიდულის გამოსყიდვა. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს.
და უკუეთუ ვინმე მიჰყიდოს სახლი მონასა ქალაქსა შინა მოზღუდვილსა და იყოს საჴსარი მისი, ვიდრემდე აღესრულოს წელიწადი იგი, ზოგი სასყიდლისაჲ იყოს საჴსრად მისა.

30. თუ მთელი წლის გასვლამდე არ იქნა გამოსყიდული, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს თაობიდან თაობაში. ზეიმის წელს არ ჩამოერთმევა.
უკუეთუ არა იჴსნეს ვიდრე აღსრულებადმდე ყოვლად მის წელიწადისა, დამტკიცნეს სახლი იგი ქალაქსა შინა მოზღუდვილსა მტკიცედ მომგებელისა მიმართ მისისა ნათესავსა შორის მისსა და არა განვიდეს მიტევებასა მას.

... და კიდევ 25 მუხლი