ლევიანნი 12

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა

2. ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება.
და არქუ მათ: დედაკაცმან, რომელმან მუცლად-იღოს თესლი და შვეს წული, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე, მუნ დღენდმდე განწმედისა წიდოვანებისა მისისა არაწმიდა იყოს.

3. მეშვიდე დღეს უნდა წააჭრან ბავშვს ჩუჩა.
და დღესა მერვესა წინადასცჳთოს სხეული წინადაცუეთილებისა მისისაჲ.

4. ოცდაცამეტი დღის მანძილზე უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა.
და ჯდეს იგი ოცდაათცამეტ დღე სისხლითა არაწმიდითა მისითა და ყოველსა წმიდასა არა შეეხოს და სიწმიდესა არა შევიდეს ვიდრემდე აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი.

5. თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმიდურებული, როგორც წიდოვანების დროს. სამოცდაექვსი დღის მანძილზე უნდა დარჩეს განწმედის სისხლში.
უკუეთუ ქალი შვეს, არაწმიდა იყოს იგი ორწილ შჳდ დღე მსგავსად წიდოვანებისა მისისა და სამეოცდაექუს დღე ჯდეს იგი სისხლითა არაწმიდითა მისითა.

6. როცა გავა ვადა განწმედისა ვაჟისათვის თუ გოგოსათვის, მიუყვანოს მღვდელს სადღესასწაულო კარავთან ერთწლიანი ბატკანი აღსავლენად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის გამოსასყიდად.
და რაჟამს აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი ძესა ზედა, გინა ასულსა, შეწიროს ტარიგი წელიწდეული უბიწოჲ მსხუერპლად და მართუენი ტრედისანი, გინა გურიტნი ცოდვისათჳს კართა თანა კარვისა საწამებელისათა მღდელისა მიერ.

7. მღვდელი შესწირავს ამას უფლის წინაშე, გამოითხოვს მისთვის შენდობას და განიწმიდება ქალი წიდოვანვბისგან. ეს არის ვაჟისა თუ გოგოს შობის წესი.
და შეწიროს წინაშე ღმრთისა და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან და განწმიდნეს წყაროჲსა მისგან სისხლისა მისისა. ესე არს შჯული მშობიერისაჲ წულსა ზედა გინა ქალსა.

8. თუ ბატკანზე არ მიუწვდება ხელი, მიიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი; ერთი აღსავლენად, მეორე ცოდვის გამოსასყიდად; მღვდელი შენდობას გამოითხოვს მისთვის და გაწმიდავდება ქალი.
უკუეთუ ვერ პოვოს ჴელმან მისმან ტარიგი, მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ მართუენი ტრედისანი: ერთი ყოვლად დასაწუველად და ერთი ცოდვისათჳს და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან და განწმიდნეს.