1. მაშინ შეყარა სოლომონმა ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი - ისრაელიანთა მამისსახლების უფროსები მეფე სოლომონთან იერუსალიმში, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან.
მას ჟამსა შინა შეკრიბნა მეფემან სოლომონ ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ყოვლით მთავრითურთ მსგავსად განნაწილებისა მის მამათასა ძეთა ისრაჱლისათა მიღებად სიონად კიდობნისა მის უფლისა ქალაქით დავითისათა.
2. შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი ეთანიმის თვეში, ანუ მეშვიდე თვეში, დღესასწაულის დროს.
და მოკრბეს სოლომონ მეფისა ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თთვესა მას ანთანიმსა, რამეთუ იგი არს თთვე მეშჳდე.
3. მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და მღვდლებმა ასწიეს კიდობანი.
და გამოვიდეს ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი უფლისა.
4. და წაასვენეს უფლის კიდობანი და სადღესასწაულო კარავი. წაასვენეს ეს მღვდლებმა და ლევიანებმა.
და კარავი იგი წამებისა და ყოველი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, რომელ-იგი იყო კარავსა მას შინა საწამებელისასა, და აღიღეს მღდელთა მათ ლევიტელთა.
5. მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი ისრაელის მთელი საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.
და მეფე სოლომონ და ყოველი იგი ერი ძეთა მათ ისრაჱლისათა მოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის და სწყუედდეს ზროხასა და ცხოვარსა ურიცხუსა სიმრავლითა.
6. დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ.
და შეიღეს შინა მღდელთა მათ კიდობანი იგი აღთქმისა ადგილად თჳსა დაბირსა, სახლსა მას წმიდასა წმიდათასა ფრთეთა ქუეშე ქერობინთა მათ.
7. რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და კეტებს.
რამეთუ ქერობინთა მათ განეფინნეს ფრთენი ზედა ადგილსა მას კიდობნისასა და დაფარეს ქერობინთა მათ კიდობანი იგი და სიწმიდენი მისნი ზეშთა.
8. კეტები იმ სიგრძის იყო, რომ მხოლოდ მათი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან, დაბირის წინ, და არ ჩანდა გარეთ. დღემდე იქ არის ისინი.
და დადგეს ზედა სიწმიდეთა მათ და ხედვიდეს თავნი განწმედილთა მათ სიწმიდესა მას პირისპირ დაბირისა და გამომართ და არა გამოჩნდეს. და იყო მუნ ესრეთ ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
9. არაფერი იყო კიდობანში გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა კავშირი შეკრა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.
და არა იდვა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ფიცარნი აღთქმისანი, რომელნი დასხნა მას შინა მოსე ქორებს, რომელ აღუთქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა შემდგომად გამოსლვისა მის მათისა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.
10. როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდათა წმიდიდან, ღრუბელმა აავსო ღვთის სახლი.
და იყო, ვითარცა გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან და ღრუბლითა აღივსო ტაძარი იგი უფლისა.
11. ვეღარ დადგნენ სამსახურისთვის იქ მღვდლები ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებას დაეფარა სახლი.
და ვერ დგეს მღდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი.
12. მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა.
მას ჟამსა სიტყუად იწყო სოლომონ და თქუა: უფალმან თქუა მფარველ-ყოფად ნისლითა.
13. სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებელად.
და აღვაშენე მისი ტაძარი სამკჳდრებელად და დასამტკიცებლად საყდრისა მისისა უკუნისამდე. და მიექცა მეფე და აკურთხა ყოველი ისრაჱლი და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა დგა.
14. პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული.
15. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა რასაც ამბობდა:
და თქუა სოლომონ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა დღეს, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითისთჳს, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა და თქუა:
16. იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელი, ისრაელის არცერთ შტოში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი. ავირჩიე დავითი, რომ მას ემეფა ჩემს ერზე, ისრაელზე.
რომლით დღითგან გამოვიყვანე ერი ჩემი ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით, არასადა გამოვირჩიე ქალაქისაგან ისრაჱლისა ერისა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, გამოვირჩიე დავით წინამძღურად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.
17. გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
და იყო გულსა დავითისა, მამისა ჩემისსა, ვითარმცა უშენა ტაძარი სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.
18. უთხრა უფალმა მამაჩემს დავითს: გულში რომ გქონოდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.
და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა, ამისთჳს; რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, კეთილ არს, რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა.
19. ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი; შენი საზარდულიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.
ხოლო არა შენ ჰქმნე ტაძარი იგი, არამედ შვილმან შენმან, რომელი გამოსლვად არს წყვილთაგან შენთა, მან მიქმნეს სახლი სახელისა ჩემისა.
20. დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა; და, აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის ადგილზე; ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი.
და წარმართა უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყოდა და აღმმართა მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დამსვა მე საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა თქუა უფალმან, და აღვაშენე სახლი სახელისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
21. მივუჩინე იქ ადგილი კიდობანს, რომელშიც ინახება უფლის აღთქმა, ჩემს მამა-პაპასთან დადებული, როცა ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი უფალმა.
და განუმზადე მუნ ადგილი დასადგმელად კიდობნისა მის სჯულისა უფლისა, რომელ აღუთქვა უფალმან მამათა ჩუენთა გამოყვანებასა მათსა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.
22. დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით, და ცისკენ აღაპყრო ხელები.
და დადგა სოლომონ პირისპირ წინაშე საკურთხეველისა უფლისა და წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად.
23. თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ცაში და არც დაბლა დედამიწაზე! შენ ინახავ აღთქმასა და სიყვარულს შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე.
და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, არავინ არს შენებრ ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანათა ზედა, რომელმან დაუმარხე აღთქმა და წყალობაჲ მონასა შენსა, რომელი ვიდოდა წინაშე შენსა ყოვლითა გულითა თჳსითა.
24. შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს; და დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები.
რომელ დაუმარხენ მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ პირითა შენითა და ჴელითა შენითა აღასრულნე, ვითარცა-ესე დღეს დღე.
25. ახლაც შეუნახე უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მორჩილს - მამაჩემს დავითს შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: არ დაგელევაო მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიხარო ჩემს წინაშე.
და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს შენგან კაცი წინაშე პირსა ჩემსა, რომელი ჯდეს საყდარსა ისრაჱლისასა, გარნა ეკრძალნედ შვილნი შენნი გზათა თჳსთა სლვად წინაშე ჩემსა, ვითარცა შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა.
26. ახლაც მტკიცე იყოს, უფალო ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მორჩილს - მამაჩემს დავითს რომ უბრძანე.
და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იყავნ სიტყუაჲ შენი, რომელსა ეტყოდე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა.
27. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?
და თუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა შორის ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ცანი ცათანი ვერ შემძლებელ არიან შენდა, აწ ვითარმე სახლი ესე, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა, იყოს საყოფელად შენდა?
28. მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მორჩილი.
აწ მოხედე ლოცვასა მონისა შენისასა, ვედრებასა ჩემსა, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სმენად ლოცვისა მონისა შენისასა, რომელი დგეს წინაშე შენსა შენ თანა დღეს.
29. თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი.
იყუნედ თუალნი შენნი მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომელსა სთქუ, ვითარმედ: იყავნ სახელი ჩემი მას შინა სმენად ლოცვისა, რომელსა გევედრებოდის მონა შენი ადგილსა ამას დღე და ღამე და ისმინო ჴმა მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რომელნი თაყუანის-გცემდენ ადგილსა ამას.
30. ისმინე შენი მორჩილის და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.
და შენ ისმინო ადგილსა მკჳდრობისა შენისასა ცათა შინა და შენ ჰყო მიტევება,
... და კიდევ 36 მუხლი