III მეფეთა 22

1. ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის.
და დასხდეს სამ წელ, და არა იყო ბრძოლა შორის ასურასტანელთა და შორის ისრაიტელთა.

2. მესამე წელს ჩავიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან.
და იყო, წელსა მას მესამესა შთავიდა იოსაფატ, მეფე იუდასი, მეფისა მის ისრაჱლისა.

3. უთხრა ისრაელის მეფემ თავის მორჩილთ: ხომ იცით, რომ ჩვენია გალაადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს.
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მონათა თჳსთა: არა უწყით, რამეთუ ჩუენი არს რამათ გალაიდი? და ჩუენ დადუმებულ ვართ მოღებად ჴელთაგან მეფისა ასურთასა?

4. უთხრა იოშაფატს: წამომყვები გალაადის რამოთისთვის საბრძოლველად? მიუგო იოშაფატმა ისრაელის მეფეს: რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?
და ჰრქვა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: გამოვედ ჩემ თანა ბრძოლად რამათდ გალადიისა. და ჰრქვა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: ვითარცა შენ, ეგრეთცა მე, ვითარცა ერი შენი - ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი - ეგრეთცა და საჴედარნი ჩემნი.

5. უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: აბა, დაეკითხე უფლის სიტყვას.
და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდისმან მეფესა ისრაჱლისასა: მო და ვკითხოთ დღეს უფალსა.

6. შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი - ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო? მიუგეს: გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.
და შეკრიბნა მეფემან ისრაჱლისამან ყოველნი წინაწარმეტყუელნი თჳსნი, ვითარ ოთხას ოდენ კაცი და ჰრქუა მათ მეფემან: მივიდე რამათ გალადისა ზედა ბრძოლად, ანუ ადგილ-ვიპყრა? და ჰრქუეს: აღდეგ და მოცემით მოსცეს უფალმან ჴელთა მეფისათა.

7. თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?
და ჰრქუა იოსაფატ მეფესა მას ისრაჱლისასა: არს ვინ აქა წინაწარმეტყუელი უფლისა, ანუ არა? და ვკითხოთ მის მიერ უფალსა.

8. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქა იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე.
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არს აქა კაცი ერთი ღმრთისა, რომლისა მიერ ვკითხემცა უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა იტყჳს ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა, მიქეა, ძე იემლაისი. და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდასმან: ნუ ეგრე იტყჳ, მეფე.

9. უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: სასწრაფოდ მომგვარე მიქა იმლას ძე.
და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: ადრე მოიყვანე მიქეა, ძე იემლაჲსი.

10. ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.
და მეფე ისრაჱლისი და იოსაფატ, მეფე იუდასი, სხდეს თჳთვეულად, სავარძელთა ზედა ჭურვილნი ბჭეთა მათ თანა სამარიასათა და ყოველნი იგი ქურუმნი მისნობდეს წინაშე მათსა.

11. გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ რკინის რქები და თქვა: ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.
და ქმნნა სედეკია, ძემან ქანანისამან, რქანი რკინისანი და თქვა: ესრეთ იტყჳს უფალი: ამით ერქენდე და მოსპო ასურასტანელი სრულიად.

12. ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.
და ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ეგრეთვე და იტყოდეს: აღვედ რამათად გალადისად, და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა მეფე იგი ასურასტანელთა.

13. ასე ეუბნებოდა მიქას მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.
და მოციქული იგი, რომელ მივიდა წოდებად მიქეასა, უთხრა მას და ჰრქუა: აჰა, ეგერა, ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი იტყჳან, ვითარცა ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. აწ იყავნ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდე კეთილსა.

14. თქვა მიქამ: უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს.
და თქუა მიქეა: ცხოველ არს უფალი, რამეთუ, რაჲცა მრქვის მე უფალმან, მასცა ვიტყოდი.

15. მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქა! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.
და მოვიდა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, აღვიდეა რამათ გალადისა ბრძოლად, ანუ ვდგე აქა? მიუგო და ჰრქუა: აღვედ და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა.

16. უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?
ჰრქუა მას მეფემან მერმე: გაფუცებ შენ, რათა სთქუა ჭეშმარიტი სახელითა უფლისათა.

17. თქვა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში.
და ჰრქვა მიქეა: არა ეგრე, ვიხილე ყოველი ისრაჱლი განბნეული მთათა, ვითარცა სამწყსო, რომლისა არა არიან მწყემს. და თქუა უფალმან: არა ვინ არს მაგათა უფალ, მიიქცედ თჳთეულად სახიდ თჳსა მშჳდობით.

18. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდისასა: არა გარქვა შენ, ვითარმედ არა წინაწარმეტყუელებენ ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა?

19. თქვა მიქამ: აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.
და ჰრქუა მიქეა: არა ეგრე, არა თუ მე რაჲმე, არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისა, რამეთუ ვიხილე უფალი ღმერთი ისრაჱლისა მჯდომარე ზედა საყდართა თჳსთა და ყოველნი ერნი ზეცისანი დგეს გარემო მისა მარჯულ და მარცხლ.

20. თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში? ერთი ამას ამბობდა, მეორე - იმას.
და თქუა უფალმან: ვინ შეიტყუოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რამათ გალადსა? და თქვეს ვინმე ესრე და ვინმე ეგრე.

21. გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი?
და წარვიდა სული წინაშე უფლისა და თქუა: მე შევიტყუო იგი. და ჰრქუა მას უფალმან: რათა?

22. მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.
და ჰრქუა მას: მივიდე და ვექმნე სული ცრუ პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა: შეიტყუე, და შეუძლო, განვედ და ყავ ეგრე.

23. აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.
და აწ, აჰა, მოსცა უფალმან სული სიცრუსა პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთასა და უფალი იტყოდა შენ ზედა ძჳრსა.

24. მიეჭრა ციდკია ქენაყანის ძე და ლოყაში გაარტყა მიქას, უთხრა: როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს?
და მიუდგა თანა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა ღაწუსა მიქეასსა და ჰრქუა: რომელი სული უფლისა არს იგი, რომელ განმეშორა ჩემგან და გეტყოდა შენ?

25. თქვა მიქამ: კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.
და ჰრქუა მიქეა: აჰა, შენ თჳთ იხილო მას დღესა შინა, რაჟამს შეივლტოდი სენაკით სენაკად დამალვად.

26. თქვა ისრაელის მეფემ: შეიპყარი მიქა და მიჰგვარე ამონს, ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს,
და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: შეიპყართ მიქეა და მიეცით ამნონს, ქალაქაპეტსა, და იოასს, ძესა მეფისასა.

27. უთხარი: ასე ამბობს-თქო მეფე: დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.
და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე, შესვით ეგე საპყრობილესა და ჭამოს პური ჭირისა და წყალი იწროებისა, ვიდრემდე მოვიქცე მშჳდობით.

28. თქვა მიქამ: თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: მისმინეთ ყველამ, ხალხნო!
და ჰრქუა მიქეა: და უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით უკუე. ვიდრე არა მეტყოდა მე უფალი. და თქუა მეფემან: აწ ისმინეთ ყთველმან მაგან ერმან.

29. წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე.
და განვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, მის თანა რამად გალადისა.

30. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას. გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად.
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდასასა: შევიმოსო სხვად და შევიდე ბრძოლად და შენ შეიმოსო ჩემი სამოსელი. და უცნაურ იქმნა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ღუაწლსა მას.

... და კიდევ 24 მუხლი