III მეფეთა 7

1. ცამეტ წელიწადს აშენებდა სოლომონი თავის სახლს, და გაასრულა მთელი თავისი სახლი.
და თჳსი იგი ტაძარი აღასრულა სოლომონ ათცამეტსა წელსა და აღასრულა ყოველივე საქმე ტაძრისა მის თჳსისა.

2. ააშენა ლიბანის მაღნარის სახლი, სიგრძით ასი წყრთა, სიგანით ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით ოცდაათი წყრთა, ოთხ რიგ კედარის სვეტებზე იყო შედგმული, კედარისავე ძელები იყო გადებული კედარის სვეტებზე.
და აღაშენა ტაზარი იგი მაღნარისა მისგან ლიბანისა ას წყრთა - სიგრძო მისი და ერგასის წყრთა - სივრცე მისი და ოცდაათ წყრთა - სიმაღლე მისი და სამნაკეცად გარემო სვეტთა მათ ძელითა ფიჭჳსათა და სამჴარნი სვეტთა მათ ფიჭჳსანი.

3. კედარით იყო გადახურული ოთახები, ორმოცდახუთი სვეტზე შედგმული, თხუთმეტი სვეტი თითო რიგში.
და დართვა ტაძარი იგი ზედა კედელთა მათ და სვეტთა მათ რიცხჳ სვეტებისა მის ორმეოცდახუთ და ათხუთმეტგან განკარულ შინაგან.

4. სამ სართულად იყო სარკმლის ჩარჩოები; სარკმელები ერთმანეთის პირდაპირ, სამ წყებად.
გარემო და ზედა მოტიხრულ სამნაკეცლად განწვალვით.

5. ყველა კარი და წირთხლი ოთხკუთხა ძელებისგან იყო, სამ სართულად; სარკმლები ერთმანეთის პირდრირ იყო, სამ წყებად.
და ყოველი იგი ბჭეები და ყოველი ფოლოცები ტაძრისა მის ოთხნაკეცლად განწვალა და ბჭითი ბჭედ სამნაკეცლად.

6. სვეტებიანი კარიბჭე, რომელიც გააკეთა, სიგრძეში ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანეში ოცდაათი წყრთა; მის წინ სხვა კარიბჭე სვეტებით და ზღურბლით.
და კამარები სვეტებისა მის იქმნა, ერგასის წყრთა, - სივრცე მისი, შედგმულ კამარანი იგი პირისპირ ურთიერთას და სუეტნი იგი ხარისხნი პირისპირ კამარათა მათ.

7. ტახტის დარბაზი, სადაც მსჯავრი უნდა გამოეტანა, სამსჯავრო დარბაზი გააკეთა და კედარით დაფარა იატაკიდან ჭერამდე.
და კამარა იგი საყდრისა მის, სადა დაჯდის შჯად შინა კამარისა მის აქმნა სართული ძელთაგან ფიჭჳსათა კიდით კიდედ.

8. ასევე იყო აგებული მისი საცხოვრებელი სახლი მეორე ეზოში, დარბაზის უკან. ფარაონის ასულსაც, რომელიც ცოლად ჰყავდა მოყვანილი სოლომონს, ამ დარბაზის მსგავსი სახლი აუშენა.
და სახლსა მას საყოფელსა თჳსსა ქმნა ეზო ერთი კამარედი მსგავსად მისივე ქმნულებისა და ტაძარი იგი ასულისა ფარაოსისა, რომელ მოიყვანა სოლომონ ცოლად თჳსა, მსგავსად მათვე კამარათა.

9. ეს ყველაფერი ზომაზე გათლილი, ხერხით დახერხილი ძვირფასი ქვებისგან იყო გაკეთებული, როგორც შიგნით, ისე გარეთ, საფუძვლიდან თავხემდე, და გარეთ დიდ ეზომდე.
ქვათაგან პატიოსანთა უთლელთა შებრძვინვით ურთიერთას სიგრძით შინაგან და გარეშე საძირკველთაგან ვიდრე სართულადმდე.

10. საფუძვლად დადებული იყო ძვირფასი ქვები, დიდრონი ქვები, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი ქვები.
და გარეშე ეზოსა მის დიდისა მომტკიცებულ ქვითა დიდითა ათ წყრთით და რვა წყრთით.

11. ხოლო ზემოთ ზომაზე გათლილი ძვირფასი ქვები და კედარი.
და ზეშთა ქვითა პატიოსნითა უთლელითა მსგავსად მისვე საზომთა და ძელითა ფიჭვისათა.

12. დიდი ეზო შემოზღუდული იყო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვით და ერთი წყება კედარის ძელებით; ასევე უფლის სახლის შიდა ეზო და სახლის დარბაზი.
ეზო, რომელი-იგი დიდი გარემო სამნაკეცლად უთლელითა და ჯერი ერთი ფიცრითა შედგმულითა მოადგა ძელითა ფიჭუთა და აღაშენა ეზო იგი ტაძრისა მის უფლისა შინაგან კამარათა მათ პირისპირ ტაძრისა მის.

13. გაგზავნა კაცი მეფე სოლომონმა და დააბარა ტვიროსიდან ხირამი,
და მიავლინა მეფემან სოლომონ და მოიყვანა ქირამ ტჳროსით,

14. რომლის დედა ერთი ქვრივი ქალი იყო ნაფთალის შტოდან, ხოლო მამა ტვიროსელი სპილენძის ოსტატი. მომადლებული ჰქონდა ხირამს სიბრძნე, გამჭრიახობა და ცოდნა სპილენძის ნახელავის გასაკეთებლად. მივიდა სოლომონ მეფესთან და ყველა სამუშაო შეუსრულა.
ძე დედაკაცისა ერთისა ქურივისა, რამეთუ იყო იგი ნათესავისაგან ნეფთალიმისა, და მამა მისი კაცი ტჳრელ ჴელოვანთმოძღუარ სპილენძისა და სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, გულისხმისმყოფელ ყოველსა საქმესა სპილენძისასა, და მოვიდა სოლომონ მეფისა და უქმნა ყოველივე იგი საქმე.

15. გამოსახა სპილენძის ორი სვეტი; ერთი სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო; თორმეტი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარშემო მეორე სვეტს.
და შექმნნა დასხმით ორნივე იგი სუეტნი კამარას მის ათრვამეტ წყრთა - სიმაღლე სუეტისა მის, საზომითა ათოთხმეტ წყრთა სიმსხო სვეტისა და ოთხ - ოთხთით შუა კარები მისი, ეგრეცა მეორე იგი სუეტი.

16. ორი ბუღაური ჩამოასხა სპილენძისაგან სვეტების თავზე დასადგმელად; ერთი ბუღაურის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო, მეორე ბუღაურის სიმაღლეც ხუთი წყრთა იყო.
და ორნი სუეტისთავნი ზედა სუეტთა მათ დასხმითნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა - სიმაღლე ერთისა მის სუეტისა თავისა და მეორისა მის სუეტისა - ხუთ წყრთა.

17. გაუკეთა სვეტის თავზე დასადგმელ ბუღაურებს დაწნული ცხაურები და ძეწკვისებური ჯინჯილები - შვიდი ერთ ბუღაურს, შვიდიც მეორე ბუღაურს.
და ქმნა ორნი სატიხარნი დასაფარველად ერთისა მის სუეტისთავისა და ორნი სატიხარნი დასაფარველად მეორისა მის სუეტისთავისა, ქმნილი დამოკიდებით

18. გააკეთა სვეტები და შემოავლო ირგვლივ ერთ ცხაურს ორ წეებად ბროწეულები სვეტების თავზე დადგმული ბუღაურების დასაფარავად.
და ორთავე მათ სუეტთა ბროწეულისსახედ სპილენძისა გარემო სატიხარსა მას მოაქმნა დამოკიდებით შემდგომით შემდგომად, ეგრევე სახედ იქმნა მეორესა მას სუეტისთავსა.

19. კარიბჭის სვეტების ბუღაურები შროშანის სახის იყო, ოთხი წყრთა.
და ორთავე მათ სუეტისთავთა მოაქმნა შროშნისსახედ კამარასა მას თანა საზომითა ოთხ წყრთა.

20. ორ სვეტზე შედგმული ბუღაურებს შემოვლებული ჰქონდა ორასი ბროწეული, ზემოთკენ მუცლის პირდაპირ, რომელიც ცხაურის მხარეს იყო.
სატიხართა მათ ზედა ორთავე სუეტთასა ბროწლის სახედ ორასი გარემო მოდგომილი ორთავე მათ სუეტისთავთა.

21. აღმართა სვეტები ტაძრის დარბაზში; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი; აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი.
და აღუდგინა სუეტნი იგი კამარასა მას ტაძრისასა და აღმართა სუეტი იგი ერთი მარჯულ და უწოდა სახელი მისი იაქუმ, და აღმართა სუეტი იგი მეორე მარცხულ, და უწოდა სახელი მისი ბოოზ.

22. სვეტის თავებზე შროშანები იყო გამოსახული. დასრულდა სვეტების სამუშაო.
და ზედ სუეტისთავთა მათ მოაქმნა შროშნისსახედ და აღასრულა საქმე იგი სუეტთა მათ.

23. ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, კიდიდან კიდემდე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა ირგვლივ.
და ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა ათ წყრთა ყურით, ყურ მრგვალ გარემო და სიფართე მისი იყო ოცდაათსამმეტ წყრთა და ხუთ წყრთა სიმაღლე მისი.

24. ირგვლივ კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული კიდეზე ქვემოდან, ათ-ათი თითო წყრთაზე და ორ წყებად გარს ერტყა ზღვას. კიტრები მასთან ერთად იყო ჩამოსხმული.
და სამყაროთა ზედა, რომელთა დგა საზომით გარემო ათ წყრთა და მოადგა სამყაროთა მათ ზედა და დასხმით დასამტკიცებელად.

25. თორმეტ ხარზე იყო შედგმული; სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთით იყურებოდა და სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და ზურგი ყველას შიგნით ჰქონდა მიქცეულნი.
და ათორმეტი კურო ქვეშე ზღუასა მას, სამნი იგი ხედვიდეს სამხრად კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოდ კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ზღუად მიმართ და სამნი იგი ხედვიდეს აღმოსავალად, და ზღუაჲ იგი მათ ზედა და ბჭენი ყოველთანი შემართ.

26. სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა; მისი კიდეები თასის კიდესავით იყო გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჰგავდა. ორი ათას ბათს იტევდა.
და სიზრქო მისი მტკაველითა და ბაგენი მისნი, ვითარცა წედისანი, და სახე შროშანისა გარემო და შთაისხის ვითარ ორ ათას ოდენ მარი.

27. გააკეთა ათი სპილენძის კვარცხლბეკი; თითოეული კვარცხლბეკის სიმაღლე ოთხი წყრთა იყო, სიგანე - ოთხი წყრთა, სიმაღლე სამი წყრთა.
და ქმნნა მექონოთნი ათნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა სიგრძო ერთისა მის მექონოთისა და ოთხ წყრთა სივრცე მისი და ექუს წყრთა სიმაღლე მისი.

28. ამგვარად იყო გაკეთებული კვარცხლბეკი: დაფები ჰქონდა მათ, ჩარჩოში ჩასმული.
და ესე ქმნილებაჲ იყო მექონოთთა მათ ხორშად ქმნულ ზედა და ხორშად ქმნულ გარემო წარსავალთა მათ და ზედ

29. ჩარჩოებში ჩასმულ დაფებზე ლომები, ხარები და ქერუბიმები იყო გამოსახული; ასევე ჩარჩოებზე, ლომებსა და ხარებს ქვემოთ და ზემოთ ყვავილების ასხმული კონები.
ხორშთა მათ წარსავალთასა ლომისსახენი და კურონი და ქერობინნი და ზედა გარემოსავალთა მათ ეგრევე სახედ და ზედ ლომთა მათ და კუროთა მათ ქმნულებაჲ დამოსლვითა.

30. ოთხ-ოთხი სპილენძის ბორბალი და სპილენძის ღერძები ჰქონდა თითო კვარცხლბეკს. მის ოთხსავე კუთხეზე იყო შვერილები, საბანელის ქვეშაც ჩამოსხმული შვერილები იყო, ხოლო ყოველ გვერდზე - ყვავილწნულები.
ოთხნი ურმისთუალნი სპილენძისანი ერთისა მის მექონოთისა და განსაცმელნი სპილენძისანი ოთხკერძოვე, ბეჭნი მათნი ქუეშე ავაზანთა მათ და ბეჭნი კაცისსახენი ჩასხმულნი ატყირბულნი მათ თანა.

... და კიდევ 21 მუხლი