II ეზრა 8

1. ყოველივე ამის შემდგომ სპარსელთა მეფის არტაქსერქსეს მეფობის დროს, მოვიდა ეზრა ძე ზერახიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა სილკიასი, ძისა შალემისა,
და რაჟამს იყო, დაესრულა ესე ყოველნი შარავანდედნი. შეიბნა არტაშეს მეფემან სპარსთა ზედა, რომლისაცა მივიდა ეზრა, ძე აზარიასი, რომელი იეზრასაგან, რომელი ქელეკენესაგან, რომელი სალემისაგან,

2. ძისა ცადოკისა, ძისა ახიტობისა, ძისა ამარიასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბოკასი, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინსასისა, ძისა ელყაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა.
რომელი სადუკისაგან, რომელი აქიტობისაგან, რომელი იამართესაგან, რომელი იოზეკისაგან, რომელი მარეროთისაგან, რომელი ზარეასაგან, რომელი სეუესაგან, რომელი ბოკკესაგან, რომელი იებუესაგან, რომელი ფენიესაგან, რომელი ელიეზარისაგან, რომელი აარონისაგან, პირველისა მის მღდელისა

3. ეს ეზრა მოვიდა ბაბილონიდან როგორც მწიგნობარი, განსწავლული მოსეს რჯულში, რომელიც მიეცა ღვთისაგან ისრაელს.
ესე ეზრა, რომელი განვიდა ბაბილონით, რომელი-იგი იყო მწერალ მარჯვე სჯულსა მას მოსესასა მოცემულისა მის ღმრთისა მიერ ისრაჱლისა.

4. და მიაგო მას მეფემ პატივი, და ჰპოვა მან მადლი მის წინაშე ყველა თავის სათხოვარში.
და მისცა მას მეფემან დიდებაჲ და პოვა მადლი მის წინაშე და განადიდა იგი დიდითა პატივითა.

5. მოვიდნენ მასთან ერთად ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, მეკარეთაგან და ტაძრის მსახურთაგან იერუსალიმში არტაქსერქსეს მეფობის მეშვიდე წელს, მეხუთე თვეს (და ეს იყო მეშვიდე წელი მეფობისა).
და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა მათგანი, და ლევიტელთა და მსახურთა, მეფსალმუნეთა და მეკარეთა მათგანი და მონათა მღდელთაგანი იერუსალჱმად.

6. პირველი თვის ახალმთავრობისას ბაბილონიდან გამოსულნი, მეხუთე თვის ახალ მთვარეზე მოვიდნენ იერუსალიმში, ღვთისგან მოცემული ბედნიერი გზით.
წელსა მეშჳდესა შარავანდედებასა არტაშე მეფისასა, თთუესა მეხუთესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისა მის, და გამოვიდეს ბაბილონით თთჳსთავსა მას მეხუთესა პირველისა მის თთჳსასა,

7. ხოლო ეზრა დიდად ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა უფლის კანონთა და მცნებათაგან და ესწავლებინა მთელი ისრაელისთვის ყველა სამართალი და მსჯავრი.
შევიდეს იერუსალჱმდ, ვითარცა-იგი განუმარჯვა მათ უფალმან გზა, რამეთუ სავსე იყო ეზრა ყოვლითა სიბრძნითა და არარა დაკლებულ იყო მისგან ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, მსგავსად შჯულისა ასწავებდა ისრაჱლსა განკითხვათა და სიმართლეთა.

8. მოვიდა წერილობითი ბრძანებაც მეფე არტაქსერქსესგან ეზრა მღვდლისა და საღვთო რჯულის მკითხველისადმი, რომლის პირიც შემდეგია:
მოიწია წიგნი ბრძანებისა მეფისა არტაშესი ეზრა მღდლისა, რომელი უთხრობდა სჯულსა უფლისასა, და მიწერა ესრესახედ:

9. მეფე არტაქსერქსე ეზრას, მღვდელსა და საღვთო რჯულის მკითხველს, იბარებდე:
მეფე არტაშეს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულისა უფლისასა გიკითხავ:

10. კაცთმოყვარებით განმიკითხავს და მიბრძანებია: ვისაც კი სურს იუდას ხალხიდან - მღვდლებს და ლევიანებს, ჩვენს სამეფოში, მყოფთ, შენთან ერთად წავიდნენ იერუსალიმში.
ყოვლითავე კაცთმპყრობისა ნიჭითა აღმიწონიეს მე და უბრძანებ ყოველთა ნათესავთა ურიათასა, რომელთა ენებოს აღსლვად იერუსალჱმდ და მღდელთმოძღუართა და ლევიტელთა, კადნიერებითმცა მივლენან შენ თანა იერუსალჱმდ.

11. ამგვარად, წადილის მქონენი ერთად გაემართეთ, როგორც განმისჯია მე და შვიდ ახლობელ თანამზრახველს,
და ვითარ სურის წადიერებით მისლვად ურიასტანად და იერუსალჱმდ, უბრძანეთ მე და შჳდთა თანამზრახველთა ჩემთა,

12. რათა ნახონ, რაც ხდება იუდასა და იერუსალიმში თანახმად უფლის რჯულისა,
რომელ მივიდენ მსგავსად შჯულისა და აღასრულონ ყოველივე საცონი, ვითარცა გაქუსთ სჯული უფლისა

13. და მიუტანონ ძღვენი ისრაელის უფალს იერუსალიმში, მე და ჩემმა მახლობლებმა რომ აღვუთქვით, და ყოველი ოქრო და ვერცხლი, რაც კი იპოვება ბაბილონის ქვეყნად უფლისათვის იერუსალიმში, ხალხის შესაწირავთან ერთად მათი უფლის ტაძრისათვის, რომელიც იერუსალიმშია.
და შესწირონ შესაწირავი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარცა აღუთქუთ მე და მოყუარეთა ჩემთა იერუსალჱმსა, და ყოველივე ოქრო და ვეცხლი, რაოდენიცა იპოოს ქუეყანასა მას ბაბილოვანთასა, უფლისა ღმრთისა შეწირენ მსხუერპლი იერუსალჱმს.

14. შეგროვდეს ოქრო და ვერცხლი კურატებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის და იმისთვის, რაც საჭიროა.
და მიიღედ საწევნელი ქუეყანისა მისგან ბაბილონელთასა, მღდელთა მათ უფლისა ღმრთისა მოართვედ იერუსალჱმად: ოქრო და ვეცხლი, ზვარაკები და ვერძები, კრავები და სხუა იგი ყოველი საკუერთხი მსხუერპლთა

15. ასე შესწირონ მსხვერპლი თავიანთი უფლის სამსხვერპლოზე.
შეწირედ საკურთხეველსა უფალსა ღმერთსა იერუსალჱმდ.

16. და ყოველივე, რისი გაკეთებაც გსურს შენს ძმებთან ერთად ამ ოქროთი და ვერცხლით, აღასრულე შენი ღვთის ნებისამებრ.
ყოველივე, რაცა გენებოს ძმებითურთ შენით, იგი ყავ ოქროსა და ვეცხლისა ხარკთათჳს, ნებისაებრ უფლისა ღმრთისა შენისა აღასრულე,

17. უფლის წმინდა ჭურჭელი მოცემული გაქვს სამსახურებლად ტაძრისათვის შენი ღმერთისა, იერუსალიმში რომ არის.
სამღდელო იგი ჭურჭელი და სამსახურებელი უფლისა მიიღე იერუსალჱმდ.

18. სხვა დანარჩენი, რაც კი დაგჭირდება სახმარად შენი ღმერთის ტაძრისათვის, გაეცი სამეფო საგანძურიდან.
და სხუა იგი ნამეტნავი ნეშტი, რომელი-იგი იყოს საჴმარისაგან ტაძრისასა, დადევ იგი სახლსა საფასისა მეფეთასა.

19. ხოლო მე, მეფე არტაქსერქსემ, ვუბრძანე სირიისა და ფინიკიის მეგანძურებს, რათა, რასაც მოითხოვს ეზრა მღვდელი და რჯულის მეცნიერი მაღალი ღმერთისა, შეუფერხებლად მიეცეს მას ვერცხლი ას ტალანტამდეც კი,
და იყავნ, ვითარცა საჴმარ იყოს ტაძრისა მის უფლისა ღმრთისასა, და დადევ ყოველი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა იერუსალჱმს. და მე, არტაშეს მეფემან, უბრძანე მეფასეთა, რომელნი არიან ასურასტანს და ქანანელთა კერძო, რაოდენცა უნდა მოღებად ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულსა უფლისა ღმრთისა მაღლისასა, დაუბრკოლებელადმცა მოეცემის ვეცხლი ასი ტალანტი, მისვე სახისაებრ ოქროცა,

20. ასევე ხორბალი, ას საწყაულამდე, ას საწყაულამდე ღვინო და მარილი უხვად.
იფქლი ასი საწყაული, ეგოდენცა ღჳნო და ზეთი.

21. ყოველივე საღვთო რჯულის შესაბამისად გულმოდგინედ სრულდებოდეს მაღალი ღმერთის სახელზე, რათა არ მოევლინოს რისხვა მეფისა და მეფისწულთა სამეფოს.
და ყოველივე მსგავსად სჯულისა მის მიიღედ და მიუსრულედ უფალსა ღმერთსა მაღალსა, რათა არა იყოს შერისხვა ღმრთისა ზედა შარავანდედობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა.

22. თქვენ კი გეტყვით, რომ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელს, მეკარეს, ტაძრის მსახურს და ტაძრის მემატიანეს, არავითარი ხარკი, არც სხვა რამ გადასახადი არ დასდოთ, და არც არავის ჰქონდეს უფლება მათ რაიმე გადაახდევინოს.
და მიბრძანებიეს თქუენ მღდელთათჳს, და ლევიტელთა, მეფსალმუნეთა მათ მსახურთა, და მეკარეთა, და მონათა მღდელთასა, და მსახურთა სახლისა უფლისათა.

23. ხოლო შენ, ეზრა, ღვთის სიბრძნით დაადგინე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განიკითხავდნენ მთელს არაბსა და ფინიკიაში ყველას, ვინც აღიარებს შენი უფლის რჯულს; არმცოდნეთ კი ასწავლიდე.
და შენ, ეზრა, სიბრძნისა შენისაებრ, რომელ მოცემულ არს შენდა ღმრთისაგან, დაადგინენ შენდა ზედამდგომელნი და მსაჯულნი, რომელნი სჯიდენ ასურასტანით კერძო და ფინიკიათ, და რომელთა ესწაოს სჯული უფლისა ღმრთისა შენისა.

24. ყველა, ვინც კი გადავა შენი უფლის ან მეფის კანონს, სამაგალითოდ დაისაჯონ ან სიკვდილით, ან გვემოთ, ან ვერცხლის გადახდევინებით, ან მოკვეთით.
და რომელთა არა ესწაოს, ასწავე და ყოველნივე, რომელნი გარდაჴდენ სჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა და სჯულსა ჩუენ მეფეთასა, მიმიცემიეს შენდა ჴელმწიფება პატიჟისა ყოფად და გუემად და, თუ სიკუდილისა თანამდებ იყუნენ, მოკლვად, გინა თუ საპატიჟებელ იყუნენ, პატიჟ-ყოფად და ზღუევა-მოჴდად

25. კურთხეულია ერთი უფალი, რომელმაც გულში შთაუნერგა მეფეს განდიდება მისი სახლისა იერუსალიმში,
ნუცა ხარკი, ნუცა სხუა ყოვლითურთ ჴელ-ეწიფებინ მათგან მოღებად. და თქუა ეზრა მწერალმან სჯულისა უფლისამან: კურთხეულ არს უფალი ღმერთი მამათა ჩუენთა, რომელმან მოსცა ესე ყოველი გულსა მეფისასა, დიდებულ-ყოფად ტაძრისა ამის უფლისა, რომელ არს იერუსალჱმს.

26. და მე პატივი მომაგო მეფისა და მისი თანამზრახველების, ყოველი მისი მახლობლისა და დიდებულის წინაშე.
და მე დიდებულ და პატიოსან-მყო წინაშე შარავანდედისა მის წინაშე ყოველთა თანამზრახველთა თანა მისთა და მოყუარეთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა.

27. მე გავმხნევდი უფლის, ჩემი ღმერთის შეწევნით და შევკრიბე კაცნი ისრაელთაგან, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.
მხიარულ ვიქმენ მეფედ შეწევნითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა და შეკრიბნა ყოველნი იგი კაცნი ისრაჱლისანი, რომელნი-იგი აღსრულ იყვნეს მის თანა იერუსალჱმდ.

28. აი, წინამძღოლნი მათი მამისსახლებისა და უხუცესობის მიხედვით, რომლებიც ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე არტაქსერქსეს მეფობის დროს:
და ესენი არიან მთავარნი ნახპეტთა მათებრ მამათა თჳსთასა და გან- წილვისა მისებრ მამათა და ნათესავთასა, რომელნი გამოვიდეს ეზრას თანა ბაბილონით შარავანდედებასა არტაშეს მეფისასა,

29. ფინხასის ძეთაგან გერშომი; ითამარის ძეთაგან გამელოსი; დავითის ძეთაგან ხატუში შექანიასი;
ძეთა მათგან ფინეზისთა - გერსონ, ძეთა მათგან ითამარისთა - გამაელ, ძეთა მათგან დავითისთა - ფარეზ.

30. ფარყიშის ძეთაგან ზაქარია და მასთან ერთად ჩაწერილი ას ორმოცდა ათი კაცი;
ძეთა მათგან ფურუსისთა - ზაქარია, და რომელნი მის თანა წერილ იყუნეს, კაცნი ასერგასის.

... და კიდევ 63 მუხლი