II ეზრა 4

1. დაიწყო ლაპარაკი მეორემ, რომელიც მეფეთა სიძლიერეზე ამბობდა:
და იწყო სიტყუად მეორემან, თქუა ძლიერებისათჳს მეფისასა:

2. ო, კაცნო, ნუთუ ყველაზე ძლიერნი არ არიან ადამიანები, მპყრობელნი მიწისა და ზღვისა და ყოველივესი, რაც მათშია?
ჵ კაცნო, ანუ არა განძლიერებულ არიან კაცნი და უპყრიეს მათ ზღუა და ჴმელი და ყოველივე, რომელ არს მას შინა?

3. ხოლო მეფე ყოვლისმძლეველია და ბატონობს მათზე და მბრძანებლობს მათზე და რასაც მათ უბრძანებს, ყველაფერში ემორჩილებიან.
ხოლო მეფენი ძლიერებით უფლებენ ყოველსა ქუეყანასა ზედა, და თქვის და ბრძანის, და ადრე ყვიან (და თუ უბრძანის ბრძოლად მოყუასსა მოყუსისა თჳსისა, ვერ გარდაჴდის ბრძანებასა).

4. თუ ეტყვის შეებრძოლონ ერთმანეთს, შეასრულებენ; თუ გაგზავნის მტრების წინააღმდეგ, წავლენ და დასცემენ მთებსა და გალავნებს და ციხე-კოშკებს.
და თუ წარავლინის ღუაწლსა მტერთა მიმართ, და წარვიდიან და ადრე ქმნიან მანქანანი მათნი, ზღუდენი და გოდოლნი დაამჴუნიან.

5. დაჰხოცენ და დაიხოცებიან, მეფის სიტყვას კი არ გადავლენ. თუ გაიმარჯვებენ, მეფესთან მოაქვთ, რასაც იალაფებენ, და სხვა ყველაფერი.
და მოკლნიან და მოკუდებიან, და ბრძანებასა მეფისასა ვერ გარდაჴდიან, და თუ ერევიედ, ყოველივე კეთილი მოართჳან მეფესა.

6. ხოლო რომელნიც ომში არ გადიან, არ იბრძვიან. არამედ მიწას ამუშავებენ, როცა თესლს ჩაჰყრიან, მომკილს კვლავ მეფეს მიართმევენ და ერთიმეორეს აიძულებენ ღალა მეფესთან მიიტანონ.
და არა ხოლო ერისაგანნი მოღუაწენი, არამედ მუშაკნიცა, რომელნი ქუეყანასა იქმედ, რაჟამს დასთესიან და მკიან, ნაყოფი იგი თჳსი მოართვიან მეფესა და მერმე ხარკისმომჴდელთა ჰმძლავრიან სოფელსა და მოჴადიან ხარკი სამეფო.

7. იგი ირთადერთია, რომელიც თუ ბრძანებს მოკვლას, მოჰკლავენ, ბრძანებს განტევებას, განუტევებენ.
და მეფენი ხოლო განძლიერებულნი უფლებენ მას ზედა და თუ უბრძანის მოკლვა, მოკლიან და თუ ცხორებად, აცხოვნიან,

8. ბრძანებს ცემას, სცემენ; ბრძანებს უდაბურყოფას, უდაბურჰყოფენ, ბრძანებს აშენებას, ააშენებენ;
და თუ აშენებად, ააშენიან,

9. თუ ბრძანებს მოჭრას, მოჭრიან, და ბრძანებს დარგვას, დარგავენ.
და თუ დარღუევად, დაარღჳვიან და თუ დანერგვად დანერგიან.

10. მთელი მისი ხალხი და მისი ჯარი ემორჩილება მას.
და ყოველი სოფელი მეფისა ძლიერებისა ბრძანებასა ისმენნ და თუ მეფესა რაცა უნებნ, ქმნის და განსუენებულად ზინ სავენაჴესა, და ჭამნ და სუამნ და ეძინის.

11. ამას გარდა, იგი წევს, ჭამს და სვამს და სძინავს, და ისინი იცავენ მას ყოველი მხრიდან და არ შეუძლიათ მიატოვონ და აკეთონ თავისი საქმე, ვერც შეეწინააღმდეგებიან მას.
და სხუანი ყოველნი გარემოს ჴუმილვედ მის და ბრძანებასა მისსა ელიედ და არა უფლიედ ნებასა მისლვად და საქმედ, და ვერცა იკადრიან და გარდაჴდიან ბრძანებასა მეფისასა.

12. ო, კაცნო, როგორღა არ არის მეფე ყველაზე ძლიერი, როცა ასე უსმენენ მას? და დადუმდა.
აწ, ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს მეფე, რომლისა სიტყუა ბრძანებისა თჳსისა ესრეთ განძლიერებული უფლებს ყოველთა ზედა? ესე ვითარცა თქვა და დადუმნა.

13. ხოლო მესამემ, რომელიც დედაკაცებზე და ჭეშმარიტებაზე ამბობდა, - ეს ზორობაბელი იყო - დაიწყო ლაპარაკი.
და მესამემან თქუა ძლიერებისათჳს დედათასა და ჭეშმარიტებისათჳს, ესე არს ზორობაბელი, იწყო სიტყუად და თქვა:

14. კაცნო, ხომ დიდია მეფე, ხომ ბევრნი არიან ადამიანები, ხომ ძლევს ღვინო? მაგრამ ვინ მბრძანებლობს მათზე ან ვინ ბატონობს მათზე? განა არა დედაკაცნი?
ჵ კაცნო, უკუეთუ დიდ არს მეფე, ანუ სხუანი მრავალნი კაცნი და ანუ ძლიერ არს ღჳნო, ვინ არს, რომელსა უძლევიეს, დაუპყრიეს და უფლებს ყოველთა ზედა?

15. დედანი ჰშობენ მეფეს და ყოველ კაცს, რომელიც მბრძანებლობს ზღვაზეც და მიწაზეც;
და არა უკუე დედათა, რამეთუ დედანი არიან, რომელთაგან იშუნეს მეფენი და ყოველნი კაცნი, რომელნი უფლებენ ზღუასა ზედა და ჴმელსა.

16. მათგან არიან შობილნი და ისინი აწოვებენ მათ, ვინც ვაზი დარგო, რომლისგანაც ღვინო წარმოიქმნება.
მათგანნი იშუნეს და განზარდნეს დედათა მუშაკნი, რომელთა დასხეს ვენაჴნი, ვინა იყოფის ღჳნო.

17. ისინი უმზადებენ ადამიანებს სამოსელს, უქმნიან მათ დიდებას, და არ ძალუძთ მამაკაცებს ყოფნა უდედაკაცოდ.
იგინი არიან, რომელთა უქმნიან სამოსელი მამათა და მათ გამო შეიმკობიან და იდიდებიან კაცნი და ვერა ეგების თჳნიერ მათისა ყოფა კაცთა.

18. თუ შეკრებენ ოქროს და ვერცხლს და ყოველგვარ ძვირფას ნივთს და მერე დაინახავენ ქალს, მშვენიერს და ლამაზ შესახედავს,
და თუ შეიკრიბიან ოქრო და ვეცხლი და ყოველი სიმრავლე, და იხილიან დედაკაცი ქმნულკეთილი,

19. ამას ყოველივეს თავს ანებებენ და მისკენ მიილტვიან და პირდაღებულნი შეჰყურებენ; ყველაფერს ურჩევნიათ ქალი - ოქრო-ვერცხლსაც და ყოველგვარ ძვირფასეულობას.
მიიქციან მისა, და აღუტკბედ პირი და შეხედვედ მას და ყოვლითა ნიჭითა მათითა ჰყუარობედ მას უფროს ოქროსა და უფროს ვეცხლისა და ყოვლისა საშუებელისა.

20. კაცი სტოვებს თავის გამზრდელ მამას, თავის ქვეყანას და თავის ცოლს ეწებება.
და დაუტევის მამა და დედა თჳსი, რომელთა შუნეს და განზარდნეს იგინი, და სოფელი თჳსი და მისდევნ კვალსა ცოლისა თჳსისასა.

21. სულს სტოვებს ცოლთან, არც მამას გაიხსენებს, არც დედას და არც ქვეყანას.
და ესრეთ შეეყჳს მას და ერთ სულ იქმნის მის თანა და არა მოიჴსენის მამა თჳსი და არცა დედა თჳსი და არცა სოფელი თჳსი.

22. აქედან უნდა იცოდეთ, რომ დედაკაცნი ბატონობენ თქვენზე: განა თქვენი ნაშრომი და ჭირნანული - ყველაფერი ცოლებთან არ მიგაქვთ და მათ არ აძლევთ?
და ამისგან წეს არს თქუენდა ცნობად, ვითარმედ უფლებენ თქუენ ზედა ცოლნი თქუენნი, რამეთუ ყთველსავე რასა იქმთ და შურებით, მიიღით და მისცით ცოლთა თქუენთა.

23. აიღებს კაცი თავის მახვილს და ავაზაკობის გზას დაადგება, ძარცვავს და ქურდობს, დაცურავს ზღვასა და მდინარეებზე;
და შეიბის კაცმან მახჳლი თჳსი და წარვიდის იგი შორსა გზასა, თუ შე-რა-იძინის, ანუ მოიავაზაკის, ანუ ზღუასა შინა გინა მდინარეთა ვალს.

24. ლომსაც გადაეყრება და წყვდიადში იხეტიალებს. და რასაც კი მოიპარავს, წაგლეჯს და მიიტაცებს, საყვარელს მიუძღვნის.
გინა მჴეცთა შეემთხჳის, გინა თუ ბნელსა შინა ვალნ, რაჟამს იპარის და მოიტაცის, და ყოველსა ჭირსა განვლის, მოვიდის, მიართვის ყოველი იგი ნაშრომი ცოლსა თჳსსა,

25. კაცს თავისი ცოლი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მამა და დედა.
რამეთუ უფროს უყვარს კაცსა ცოლი თჳსი, ვიდრე მამა-დედა თჳსი.

26. ბევრს დაუკარგავს გონება დედაკაცთათვის და მონებად ქცეულან მათ გამო.
და მრავალნი შესულბეს გონებითა თჳსითა და ცოლთა თჳსთათჳს შევარდეს მონებასა.

27. მრავალნი დაღუპულან და შემცდარან, წარწყმედილან დედაკაცთა მიზეზით.
და მრავალნი მიეცნეს წარსაწყმედელად, მოსწყჳდეს და შესცდეს და შევარდეს დიდსა ცოდვასა დედათაგან.

28. ნუთუ ახლაც არ გჯერათ ჩემი? განა დიდი არ არის ხელმწიფე თავისი ძალაუფლებით? განა მთელი ქვეყანა არ ეკრძალვის მასთან მიკარებას?
და აწცა არა გრწამს ჩემი, არცაღა დიდსა მაგას შარავანდოსანსა თავსა თჳსსა უფლიეს და ყოველსა კაცსა არა უფლიეს მიახლებად მაგისა.

29. მინახავს მე იგი და აპამე, განთქმული ბარტაკოსის ასული, ხელმწიფის ხარჭა, მის მარჯვნივ მჯდომელი;
და ვხედევდ მე ასულსა ხარჭისა მის მეფისასა, რამეთუ ჯდა მარჯუენით მეფისა.

30. მეფეს გვირგვინს ხდიდა და თავად იდგამდა თავზე, მარცხენით კი მეფეს ლოყაზე სცემდა.
და აჰჴადა შარავანდი თავსა მაგისსა და დაიდგა თავსა თჳსსა, და სცა ყურიმალსა მეფისასა.

... და კიდევ 33 მუხლი