ეზეკიელი 16

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2. ადამის ძევ! გააგებინე იერუსალიმს მისი სისაძაგლეები
ძეო კაცისაო, უწამენ იერუსალჱმსა უსჯულოებანი მისნი.

3. და უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: შენი დასაბამი და შენი სამშობლო ქანაანის ქვეყანაშია, მამაშენი ამორეველია, დედაშენი - ხეთელი.
და სთქუა: ამათ ეტყჳს ადონაი უფალი იერუსალჱმსა: ძირი შენი და შობა შენი ქვეყანისაგან ქანაანისსა, მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა.

4. შენი დაბადებისას, იმ დღეს, როცა დაიბადე, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის და წყალში არ განბანილხარ, რომ განწმედილიყავი, მარილით არ გახეხილხართ და ჩვრებში არ გახვეულხარ.
და შობა შენი, რომელსა დღესა იშევ, არა შეიკრნეს ძუძუნი შენნი, უპე შენი არა მეტკუეთილ-ყვეს. და წყლითა არა განიბანე საცხოვნებელად, არცა მარილითა შეიმარილე და სახუევლებითა არ შეიხჳე.

5. არავინ მოგხედა რომ ამ საქმეთაგან ერთი მაინც გაეკეთებინოს შენთვის სამადლოდ; ტრამალზე ეგდე შენი დაბადების დღეს, რადგან საძულველი იყავი.
არცა ჰრიდა შენ ზედა თუალმან ჩემმან ყოფად შენდა ერთიცა ამათ ყოველთაგანი, ვნებად რაჲმე შენ ზედა; და განიგდე პირსა ზედა ველისასა გულარძნილებითა სულისა შენისაჲთა, რომელსა დღესა იშევ.

6. ჩაგიარე და დაგინახე შენსავე სისხლში ამოთხვრილი, გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი!
და განვვლე შენ ზედა და გიხილე შენ შებღალული სისხლისა მიერ შენისა და გარქუ შენ: სისხლისაგან შენისა ცხორებაჲ; და გარქუ შენ: სისხლისა თანა შენისა სცხონდე. განმრავლდი უბრალოდ,

7. მინდვრის მცენარესავით მოგამრავლე; გაიზარდე და გამაღლდი, მშვენებათა მშვენებაში შეხვედი, მკერდი დაგაჩნდა და თმა მოგეზარდა, მაგრამ შიშველ-ტიტველი იყავი.
ვითარცა აღმოსავალი აგარაკისაჲ, მიგეც შენ და განჰმრავლდი და განსდიდენ და შეხუედ ქალაქებთა ქალაქთასა; ძუძუნი შენნი აღემართნეს და თმაჲ შენი აღმოჰჴდა, ხოლო შენ იყავ შიშუელ და უშუერქმნილ.

8. ჩაგიარე და დაგინახე, აჰა, სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა და სიშიშვლე დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.
და განვლე შენ მიერ და გიხილე შენ; და, აჰა, ჟამი შენი და ჟამი დამარღუეველთაჲ; და განვიფრთენ ფრთენი ჩემნი შენ ზედა და დავბურე უშუერებაჲ შენი, და გეფუცე შენ და შემოვედ აღთქმისა მიერ შენ თანა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და იქმენ ჩემდად.

9. წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგწმინდე და ზეთი გცხე.
და განგბანე შენ წყლითა და წარგრეცხე სისხლი შენი შენგან და გცხე შენ ზეთითა.

10. მოქარგულით შეგმოსე და თახაშის ტყავის ხამლები ჩაგაცვი, ზეზის სარტყელი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახურე.
და შეგმოსე შენ ჭრელებნი და შეგასხ შენ ჳაკინთი და მოგარტყ შენ ბისონი და გარემოგასხ შენ ტრიხაპტონი.

11. სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი.
და შეგამკვე შენ სამკაულითა და შეგასხენ სავლტენი გარე ჴელთა შენთა და მანიაკი გარემოჲს ქედისა შენისა.

12. ცხვირზე ბეჭედი და ყურებზე საყურეები გაგიკეთე, მშვენების გვირგვინი დაგადგი თავზე.
და მივეც საყური გარემოჲს სასმენელ ყურისა შენისა და გრკალნი ყურთა ზედა შენთა და გჳრგჳნი სიქადულისა თავსა ზედა შენსა.

13. ოქროთი და ვერცხლით იყავი მორთული; ზეზი, აბრეშუმი და ნაქარგი სამოსელი გეცვა; გამტკიცული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა საზრდოდ; გამშვენდი, დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი.
და შეიმკვე ოქროჲთა და ვერცხლითა, და იქმნეს გარემოსასხმელნი შენნი ბისონისანი და ტრიხაპტანი და ჭრელნი ჭიჭნაუხტითა შეგასხენ; და მიგეც საჭმლად შენდა სემიდალი და თაფლი და ზეთი, შეჭამე და იქმენ შუენიერ ფრიად ფრიად და წარემართე მეფობად.

14. გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ამბობს უფალი ღმერთი.
და განჴდა სახელი შენი წარმართთა შორის სიკეთისათჳს შენისა მით, რამეთუ განსრულებულ იყავ შუენიერებასა შინა, ქმნულკეთილობასა შინა, რომელი დავაწესე შენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი.

15. დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა, გაუფინე შენი ბოზობა ყოველ გამვლელს, ყველასი გახდი.
და მოსავ იქმენ სიკეთესა ზედა შენსა და ისიძვე სახელითა შენითა და განჰფინე სიძვაჲ შენი ყოველსა ზედა თანწარმავალსა; მისსა იქმნა, რომლისა არა იყო.

16. აიღე შენს სამოსელთაგან და შეამკე საკერპო, და მათზე დაიწყე ბოზობა, როგორც არ მომხდარა და არც მოხდება.
და მოიღე სამოსელთაგან შენთა და უქმენ იგი კერპთა კერულებად და განჰმეძვენ მათ ზედა და არა შეხჳდე, რომელნი არა იყვნენ, არცა არა იქმნეს.

17. აიღე შენი სამკაულები ჩემი ოქრო-ვერცხლისგან, რომლებიც მე მოგეცი, გაიკეთე მამაკაცის გამოსახულება და ბოზობდი მასთან.
და მოიხუენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი ოქროჲსაგან ჩემისა და ვერცხლისაგან ჩემისა, რომელნი მიგცენ შენ, და უქმნენ თავსა შენსა ხატნი წულებრნი და განჰმეძვენ მათდამი.

18. აიღე შენი მოქარგული სამოსელი და მათ გადააფარე, და ჩემი ზეთი და საკმეველი წინ დაუწყვე.
და მოიღე შესამოსელი შენი ჭრელი და გარეშეჰმოსე მათ და ზეთი ჩემი და საკმეველი ჩემი დასდევ წინაშე პირსა მათსა;

19. ჩემი პური, მე რომ მოგეცი, წმიდა ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომლითაც გამოგზარდე, მათ მიართვი ამოსაყნოსელად, ამბობს უფალი ღმერთი.
და პურნი ჩემნი, რომელნი მიგცენ შენ, სემიდალი და ზეთი და თაფლი გასაზრდელე შენ, და დასხენ იგინი წინაშე პირსა მათსა საყნოსად სულნელებისად.

20. წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შეგძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა!
და იქმნა შემდგომად ამათსა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიყვანენ ძენი შენნი და ასულნი შენნი, რომელნი მიშვენ მე, და უზორენ მათ განსალევნელად, ვითარცა მცირედ განჰმეძვენ.

21. შენ დახოცე ჩემი ვაჟები და მათ მიეცი ცეცხლში გასატარებლად.
და დასწყჳდენ შვილნი შენნი და მისცენ მათ გარეშესაჴდელად იგინი მათდად.

22. ამ შენს გარყვნილებაში და ბოზობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი იყავი და საკუთარ სისხლში ითხვრებოდი.
ესე უფროს ყოვლისა სიძვისა შენისა და საძაგელებათა შენთა; და არ მოიჴსენე დღისა სიჩჩოებისა შენისაჲ, ოდეს იყავ შიშუელ და უშუერ და შებბღალულ სისხლითა შენითა და სცხოვნდი.

23. ყველა ამ ბოროტების შემდეგ იყო - ვაი, ვაი შენდა! ამბობს უფალი, ღმერთი,
და იყოს შემდგომად ყოველთა უკეთურებათა შენთა, ვაჲ ვაჲ შენდა, - იტყჳს ადონაი უფალი,

24. რომ აიშენე სამეძავო და მოიწყვე სათაყვანო გორაკი ყოველ მოედანზე.
და უშენე თავსა შენსა საყუდელი სამეძვოჲ. და უქმენ თავსა შენსა გამონადები ყოველსა ზედა უბანსა.

25. ყოველ გზაჯვარედინზე გამართე გორაკი და შელახე შენი მშვენება, ფეხებს უწევდი ყოველ გამვლელს და გაახშირე შენი ბოზობა.
და დასაბამსა ზედა ყოვლისა ბზისასა აღაშენენ სიძვანი შენნი, და განჰრყუენ სიკეთე შენი და განუმარტენ წჳვნი შენნი ყოველსა წარმვლელსა გზისასა და განამრავლენ სიძვანი შენნი.

26. შენ ბოზობდი ეგვიპტელებთან, შენს დიდხორციან მეზობლებთან, და უზომო ბოზობით მაჯავრებდი.
და ისიძვე ძეთა მიმართ ეგჳპტისათა, მოზღვრეთა შენთა, ჴორცდიდთა, და მრავალგზის ისიძვე განსარისხებელად ჩემდა.

27. აჰა, ხელს მოგიღერებ და არჩივს შეგიმცირებ; მიგცემ შენი მოძულეების - ფილისტიმელთა დიაცების ნებაზე, რომელთაც ერცხვინებათ შენი უზნეო საქციელი.
და უკუეთუ განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და აღვიხუნე უსჯულოებანი შენნი და განგცნე შენ ჴელებსა მოძულეთა შენთასა, ასულთა უცხოთესლთასა, განმდრეკელთა შენთასა გზისაგან შენისა,

28. აშურელებთანაც ბოზობდი შენი გაუმაძღრობის გამო, ბოზობდი მათთანაც და ვერ ძღებოდი.
უთნო იქმენ და განჰმეძვენ ძეთა მიმართ ასსურისათა და არცა ეგრეთ განსძეღ, და განჰმეძვენ და არა აღივსე.

29. ამრავლე შენი ბოზობა ქანაანის ქვეყნიდან ქალდეამდე და ამითაც კი ვერ გაძეხი.
და განამრავლენ სიძვანი შენნი ქუეყანისა მიმართ ქანანისსა და ქალდეველთა მიმართ და არცა ამათგან აღივსე.

30. როგორ შეგიღონდებოდა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივე ამას სჩადიოდი, თავგასული მეძავი ქალის საქმეს!
რაჲთა განვწმიდო გული შენი, - იტყჳს ღმერთი უფალი, - ქმნასა შინა შენგან ამათ ყოველთა საქმეთა დედაკაცისა მეძვისა განკადნიერებულისათა, და განჰმეძვენ სამ წილ ასულთა შორის შენთა?

... და კიდევ 33 მუხლი